ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

295. ამა დღემან დამავიწყა, გული ჩემი ვინ დაბინდა; დამიგდია სამსახური მისი, იქმნას, რაცა გინდა; იაგუნდი ეგრეცა სჯობს, ათასჯერმცა მინა მინდა; შენ გეახლო სიკვდილამდის, ამის მეტი არა მინდა!”

296. ტარიელ უთხრა: “მე შენი გული აწ მემხურვალების; მიკვირს, თუ ნაცვლად მაგისად შენ ჩემი რა გევალების! მაგრა წესია, მიჯნური მიჯნურსა შეებრალების, შენ საყვარელსა გაგყარო, ესე რათ გენაცვალების!

297. წამოსრულ ხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად; ღმერთმან ქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილ ხარ მამაცურად. მაგრა ჩემსა რა გიამბობს, გამოჭრილვარ ასრე თუ რად! მე თუ ვიტყვი, დამწვავს ცეცხლი ცხელი, შემიქმს ალად, მურად”.

298. ასმათ უთხრა: “ლომო ცრემლით მაგა ცეცხლთა რა ერგების! მე ვითა ვთქვა წვევა თქმისა, რათგან ეგრე არ ეგების! ვხედავ, ესე ხელი ვინმე მოყმე შენთვის წაეგების, ცნას მიზეზი შენთა წყლულთა, ქმნას რა, ღონე აეგების.

299. მეხვეწებოდა, ლამოდა ჩემგან რასამე სმენასა; ნუ ყოსო ღმერთმან, გაძლება მემცა ვით მივეც ენასა! თუ რას სცნობს, ვეჭო ამისგან თქვენსა რასამე ლხენასა. არს უკეთესი, რაცაღა სწადს განგებასა ზენასა”.

300. ამას დაყმუნდა ტარიელ დამწვარი, დაავლებული; ასმათს უბრძანა: “მას აქათ შენ ხარ ჩემ თანა ხლებული; რად არა იცი, უწამლო არს ლები ესე ლებული! კვლა ესე ყმა მწვავს მტირალი, ცრემლითა დავალებული.

301. კაცმან ვით პოვოს, ღმრთისაგან რაცა არდანაბადია! მით გული ჩემი სახმილმან აწ ასრე დანაბა დია, კვლა გზასა მიკრავს, მიჭირავს, მითქს ბადე დანაბადია; აწ ხელთა, ნაცვლად ლინისა, ჩალა მაქვს და ნაბადია.

302. მაგრამ ღმერთმან მოწყალემან, მით ცნობითა ერთით მზითა ორი მისი მოწყალება დღესცა მომცა ამა გზითა: პირველ, შეჰყრის მოყვარულთა ჩემით რათმე მიზეზითა, კვლა, ნუთუმცა სრულად დამწვა ცეცხლთა ცხელთა ანაგზითა.’’

303. ყმასა უთხრა: “ვინცა კაცმან იძმოს, ანუ და -ცა იდოს, ხამსო, მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს: ღმერთმან ერთი რათ აცხოვნოს, თუ მეორე არ წაწყმიდოს! შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს”.

304. ასმათს უთხრა: “მოდი, მოჯე, თანა წყალი მოიტანე, დაბნედილსა მაპკურებდი, გული მითა გარდამბანე; მკვდარი მნახო, დამიტირე, სულთქმა გაათანისთანე, მე სამარე გამითხარე, აქა მიწა მიაკვანე”.

305. ღილ-ჩახსნილი საამბობლად დაჯდა, მხარნი ამოყარნა; ვითა მზე ჯდა მოღრუბლებით, დიდხან შუქნი არ ადარნა; ვერ გაახვნა სასაუბროდ მან ბაგენი, გაამყარნა, მერმე სულთქვნა, დაიზახნა, ცრემლნი ცხელნი გარდმოყარნა.

306. მოსთქვამს: “ჰაჲ, ჰაჲ, საყვარელო, ჩემო, ჩემთვის დაკარგულო, იმედო და სიცოცხლეო, გონებაო, სულო, გულო, ვინ მოგკვეთა, არა ვიცი, ხეო, ედემს დანერგულო! ცეცხლმან ცხელმან ვით ვერ დაგწვა, გულო, ასჯერ დადაგულო?!

ტარიელისაგან თავის ამბის მბობა, ოდეს ავთანდილს უამბო

307. ისმენდი, მიეც გონება ჩემთა ამბავთა სმენასა, საუბართა და საქმეთა, ვითა ძლივ ვათქმევ ენასა, იგი, ვინ ხელ-მქმნის, მოველი მისგან აროდეს ლხენასა, ვისგან შეუცავ სევდათა, სისხლისა ღვართა დენასა.

308. “ინდოეთს შვიდთა მეფეთა ყოვლი კაცი ხართ მცნობელი: ექვსი სამეფო ფარსადანს ჰქონდა, თვით იყო მპყრობელი, უხვი, მდიდარი, უკადრი, მეფეთა ზედა მფლობელი, ტანად ლომი და პირად მზე, ომად მძლე, რაზმთა მწყობელი.

309. “მამა-ჩემი ჯდა მეშვიდე, მეფე მებრძოლთა მზარავი, სარიდან ერქვა სახელად, მტერთა სრვად დაუფარავი; ვერვინ ჰკადრებდის წყენასა, ვერ ცხადი, ვერცა მპარავი; ნადირობდის და იშვებდის საწუთრო-გაუმწარავი.

310. “ხალვა მოსძულდა, შეექმნა გულს კაეშანთა ჯარები. თქვა: “წამიღია მტერთაგან ძლევით ნაპირთა არები, ყოვლგნით გამისხმან, მორჭმით ვზი, მაქვს ზეიმი და ზარები”; ბრძანა: “წავალ და მეფესა ფარსადანს შევეწყნარები”.

311. “ფარსადანს წინა დაასკვნა გაგზავნა მოციქულისა, შესთვალა: “შენ გაქვს მეფობა ინდოეთისა სრულისა; აწ მე მწადს, თქვენსა წინაშე მეცა ვცნა ძალი გულისა, სახელი დარჩეს ჩემისა ერთგულად ნამსახურისა”.

312. “ფარსადან შექმნა ზეიმი ამა ამბისა მცნობელმან. შესთვალა: “ღმერთსა მადლობა შევსწირე ხმელთა მფლობელმან, რათგან ეგე ჰქმენ მეფემან, ჩემებრ ინდოეთს მპყრობელმან. აწ მოდი, ასრე პატივ გცე, ვითა ძმამან და მშობელმან”.

313. “ერთი სამეფო, საკარგვად, უბოძა ამირბარობა. თვით ამირბარსა ინდოეთს აქვს ამირ-სპასალარობა. მეფედ რა დაჯდა, არა სჭირს ხელისა მიუმწვდარობა; სხვად პატრონია, მართ ოდენ არა აქვს კეისარობა.