ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

138. ყმა წავიდა, სიშორესა თუცა მისსა ვერ გასძლებდა, უკუღმავე იხედვიდა, თვალთა რეტად აყოლებდა, ბროლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, ტანსა მჭევრსა ათრთოლებდა, გული ჰქონდა გულისათვის, სიყვარულსა ავალებდა.

139. თქვა: “მზეო, ვარდსა სიშორე შენი დამაჩნდეს ეს ადრე, ბროლი და ლალი გასრულვარ ქარვისა უყვითლესადრე. მაშინ რაღა ვქმნა, ვერჭვრეტა რა მომხვდეს კვლა უგრძესადრე! ხამს მოყვრისათვის სიკვდილი, ესე მე დამიც წესადრე”.

140. საწოლს დაწვა, ტირს, მტირალსა ცრემლი ძნელად ეხოცების, ვითა ვერხვი ქარისაგან ირხევის და იკეცების; რა მილულნის, სიახლევე საყვარლისა ეოცების, შეკრთის, დიდნი დაიზახნის, მით პატიჟი ეოცების.

141. მოშორვება საყვარლისა მას შეჰქმნოდა მისად ღაზოდ, ცრემლსა, ვითა მარგალიტსა სწვიმს ვარდისა დასანაზოდ. რა გათენდა, შეეკაზმა მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ, ცხენსა შეჯდა, გაემართა, დარბაზს მივა სადარბაზოდ.

142. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა, მართ მისგან შენარონია, შესთვალა: “გკადრებ, მეფეო, მე ესე გამიგონია: ყოველი პირი მიწისა თქვენ ხრმლითა დაგიმონია, აწ, თუ სჯობს, ესე ამბავი ცნან რაცა გარემონია.

143. “მე წავიდე, მოვიარო, ვილაშქრო და ვინაპირო, თინათინის ხელმწიფობა მტერთა თქვენთა გულსა ვჰგმირო, მორჩილქმნილთა გავახარო, ურჩი ყოვლი ავატირო, ძღვენნი გკადრნე ზედა-ზედა, არ სალამი დავაძვირო”.

144. მეფესა ეთქვა ამისი დიადი მადრიელობა, ებრძანა: “ლომო, არა გჭირს შენ ომთა გამდრეკელობა, აწ მაგა შენსა თათბირსა ჰგავსო შენივე ქველობა. წა, მაგრა მომხვდეს, რაღა ვქმნა, თუ სიშორისა გრძელობა!”

145. ყმა შევიდა, თაყვანისსცა, მადლი რამე მოახსენა: “ხელმწიფეო, მიკვირს, ქება რად იკადრეთ ჩემი თქვენა! აწ ნუთუ კვლა სიშორისა ღმერთმან ბნელი გამითენა, პირი თქვენი მხიარული მხიარულსა კვლა მიჩვენა!”.

146. მეფე ყელსა მოეკიდა, გარდაკოცნა ვითა შვილი; სხვა მათებრი არ ყოფილა არ გამზრდელი, არ გაზრდილი! ყმა ადგა და წამოვიდა, მას დღე მათი ჩანს გაყრილი; როსტან მისთვის აატირა გონიერი გული, ლბილი.

147. გამოემართა ავთანდილ, მოყმე მხნე, ლაღად მავალი. ოც დღე იარა, ღამეცა დღეს ზედა წართო მრავალი. იგია ლხინი სოფლისა, იგია ნივთი და ვალი, არ მისცილდების თინათინ მისი მას, ვისგან სწვავ ალი.

148. რა მოვიდა, სიხარული შიგან გახდა სამეფოსა. მოეგებნეს დიდებულნი, ძღვენსა სძღვნიდეს იეფოსა. იგი პირმზე არ მოსცთების სიარულსა სასწრაფოსა. მიხვდეს მყოფნი მას წინაშე სიხარულსა სადაფოსა.

149. ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ, ზღუდესა უქვიტკიროსა; ყმამან მუნ დაყო სამი დღე ამოსა სანადიროსა, გამზრდელი მისი შერმადინ დაისვა სავაზიროსა.

150. უბრძანა: “აჰა, შერმადინ, ამად მე შენგან მრცხვენიან, ჩემნი საქმენი ყოველნი გცოდნიან გაგივლენიან, მაგრა არ იცი, აქამდის რანიცა ცრემლნი მდენიან! მე ვისგან მქონდეს პატიჟნი, აწ მასვე მოულხენიან.

151. მე მოუკლავ თინათინის სურვილსა და სიყვარულსა, ცრემლი ცხელი ასოვლებდის ნარგისთაგან ვარდსა ზრულსა, ვერ ვაჩენდი აქანამდის ჭირსა ჩემგან დაფარულსა, აწ მიბრძანა საიმედო, ამად მხედავ მხიარულსა.

152. “მიბრძანა: "მიცან ამბავი მის ყმისა დაკარგულისა, მოხვიდე, სრულვქმნა მაშინღა შენი წადილი გულისა, ქმარი არ მინდა უშენო, მომხვდეს ხისაცა რგულისა”, მომცა წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა.

153. “პირველ, ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, — ხამს მეფეთა ერთგულობა, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად,— მერმე, ცეცხლი დაუვსია, აღარა მწვავს გულსა მურად. ხამს, თუ კაცი არ შეუდრკეს, ჭირს მიუხდეს მამაცურად.

154. “ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქ მე განდობასა სხვათასა.

155. ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, ჰპატრონობდი, დარბაზს კაცსა გაჰგზავნიდი და ამბავსა მათსა სცნობდი, წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ, უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი, აქა სადმე არყოფასა ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი!

156. “ლაშქრობა და ნადირობა შენი ჩემსა დაასახე, აქათ სამ წელ მომიცადე, ხვაშიადი შემინახე, მე ნუთუმცა შემოვბრუნდი, ალვა ჩემი არ დაჭნა ხე, არ მოვბრუნდე, მომიგლოვე, მიტირე და მივაგლახე!

157. “მაშინღა ჰკადრე მეფესა არ საქმე სასურვალია, აცნობე ჩემი სიკვდილი, — იყავ მართ ვითა მთრვალია, — მიხვდა-თქო საქმე, რომელი ყოვლთათვის გარდუვალია. გლახაკთა მიეც საჭურჭლე, ოქრო, ვერცხლი და რვალია!