ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

98. ბრძანა: “ღმერთსა მოეწყინა აქამდისი ჩემი შვება, ამად მიყო სიმწარითა სიამისა დანავღლება, სიკვდილამდის დამაწყლულა, ვერვის ძალუც განკურნება. მასვე მადლი! ესე იყო წადილი და მისი ნება”.

99. ესე თქვა და შემობრუნდა, დაღრეჯილი წამოვიდა, არცაღა ჰკრა ასპარეზსა, ვამი ვამსა მოურთვიდა; ყველაკაი მოიშალა, სადაცა ვინ მხეცთა სრვიდა; ზოგთა თქვეს, თუ: “მართალია”, ზოგი, ღმერთო, უზრახვიდა.

100. მეფე საწოლს შემოვიდა სევდიანი, დაღრეჯილი; მისგან კიდე არვინ შეჰყვა, ავთანდილ უჩნს ვითა შვილი. ყველაკაი გაიყარა, ჯალაბი ჩანს არდაჯრილი. გაბედითდა სიხარული, ჩაღანა და ჩანგი ტკბილი.

101. თინათინს ესმა ეგეთი მამისა ეგეთი დაღრეჯილობა, ადგა და კარსა მივიდა, ჰქონდა მზისაცა ცილობა,— მოლარე იხმო, უბრძანა: “ძილია, თუ ღვიძილობა?” მან მოახსენა: “დაღრეჯით ზის, სჭირსო ფერშეცვლილობა.

102. ,,ერთიღა ახლავს ავთანდილ, წინაშე უზის სკამითა; უცხო ყმა ვინმე უნახავს, ასრე დაღრეჯით ამით-ა“ თინათინ ბრძანა: ,, აწ წავალ, შესვლა არ ჩემგან ჟამით-ა, მიკითხოს, ჰკადრე: იყო-თქო აქა ერთითა წამითა.“

103. ხანი გამოხდა, იკითხა: “ნეტარ, რასა იქს ქალიო, ჩემი ლხინი და ჯავარი, ჩემი სოფლისა წყალიო?” მოლარე ჰკადრებს: “მოვიდა აწყაღა ფერნამკრთალიო, დაღრეჯით გცნა და მიბრუნდა წინაშე მომავალიო”.

104. უბრძანა, თუ: “წადი, უხმე! უმისობა ვით გავსძლეო? მოახსენე: “რად დაჰბრუნდი შენ, მამისა სიცოცხლეო? მოდი, ჭმუნვა გამიქარვე, გულსა წყლულსა მეწამლეო, გითხრა ჩემი სამიზეზო, მე თუ ლხინთა რად დავლეო””.

105. თინათინ ადგა, მივიდა, მიჰყვა მამისა ნებასა, უგავს პირისა სინათლე მთვარისა მოვანებასა. მამამან გვერდსა დაისვა, აკოცებს ნება-ნებასა, უბრძანა: “მახლავ რად არა, რად მელი მოყვანებასა?”

106. ქალმან ჰკადრა: “ხელმწიფეო, დაღრეჯილსა ვინცა გცნობდეს, ვინმცა გნახა კადნიერად, რაზომ გინდა ამაყობდეს! თქვენნი აგრე დაღრეჯანი მნათობთაცა დაამხობდეს! კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვ, ჭმუნვასა ესე სჯობდეს”.

107. უბრძანა: “შვილო, რაზომცა მჭირს საქმე სავაგლახია, შენი ჭვრეტა და სიახლე ლხინადვე დამისახია, მომქარვებელი სევდისა, მართ ვითა მუფარახია. ვეჭვ, რა სცნა, შენცა მამართლო, ჩემი სულთქმა და ახია.

108. “უცხოსა და საკვირველსა ყმასა რასმე გარდვეკიდე, მისმან შუქმან გაანათლა სამყარო და ხმელთა კიდე. რა უმძიმდა, არ ვიცოდი, ან ტიროდა ვისთვის კიდე; ჩემად ნახვად არ მოვიდა, გავგულისდი, წავეკიდე.

109. “მე რა მნახა, ცხენსა შეჯდა, თვალთა ცრემლნი მოიხოცნა, შესაპყრობლად შევუზახენ, სპანი სრულად დამიხოცნა, ვითა ეშმა დამეკარგა, არ კაცურად გარდამკოცნა, ჯერთცა ესე არა ვიცი, ცხადი იყო, თუ მეოცნა.

110. “აწ ესე მიკვირს, რა იყო, ანუ რა ვნახე და რული! მან დამიხოცა ლაშქარი, ადინა სისხლი ღვარული. კაცთა ხორცისად ვით ითქმის ისრე თვალთაგან ფარული?! უცილოდ ღმერთსა მოვსძულდი აქამდის მე მხიარული.

111. “ტკბილნი მისნი წყალობანი ბოლოდ ასრე გამემწარნეს, დამავიწყდეს, რაცა დღენი მხიარულსა წამეარნეს. ყოვლმან პირმან ვაგლახ მიყოს, ვეღარავინ მინეტარნეს, სადამდისცა დღენი მესხნენ, ვეღარამან გამახარნეს!”

112. ქალმან ჰკადრა: “მოგახსენებ მე სიტყვასა დანაყბედსა: ჰე მეფეო! რად ემდურვი ანუ ღმერთსა, ანუ ბედსა? რად დასწამებ სიმწარესა ყოველთათვის ტკბილად მხედსა? ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა!

113. “მე ამას ვარჩევ: მეფე ხარ, მეფეთა ზედა მფლობელი, შორს არის თქვენი საზღვარი, ბრძანებამიუთხრობელი. გაგზავნე კაცი, ყოველგნით მისთა ამბავთა მცნობელი, ადრე სცნობ, არის იგი ყმა შობილი, თუ უშობელი”.

114. თუ ყოფილა იგი მოყმე ხორციელი, ხმელთა მვლელად, მას ნახავდა სხვაცა ვინმე, გამოჩნდების მასწავლელად. თუ არ ეშმა გჩვენებია ლხინთა შენთა შემცვლელ - მშველად; სევდისაგან მოიცალე, რად შექმნილხარ მოუცლელად?

115. მოასხნეს კაცნი, გაგზავნნეს ოთხთავე ცისა კიდეთა, უბრძანეს: “წადით, პატიჟთა თავიმცა რად დარიდეთა? მონახეთ, ძებნეთ იგი ყმა, სხვად ნურად მოიცლიდეთა, მისწერეთ წიგნი, სადაცა ვერ მისწვდეთ, ვერ მიხვიდეთა”.

116. კაცნი წავიდეს, იარეს მართ ერთი წელიწადია, მონახეს, ძებნეს იგი ყმა, იკითხეს კვლა და კვლა დია, ვერცა თუ ნახეს ნახული ღმრთისაგან დანაბადია, ცუდად მაშვრალნი მოვიდეს, მათსავე გულსა ზადია.

117. მონათა ჰკადრეს: “მეფეო, ჩვენ ხმელნი მოვიარენით, მაგრა ვერ ვპოვეთ იგი ყმა, მით ვერა გავიხარენით, მისსა მნახავსა სულდგმულსა კაცსა ვერ შევეყარენით, ჩვენ ვერა გარგეთ, საქმენი სხვანი რა მოიგვარენით”.