ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

79. მონათა ჰკადრეს: “მართალსა გკადრებთ და ნუ გემცთარებით; მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ, — ვერათ ვერ მოგეხმარებით, — ვისგან ნაკრავნი გვინახვან მხეცნი ვერ წაღმა წარებით.

80. “ორთავე ერთგან მოკლული ყველაი ასჯერ ოცია, მაგრა ავთანდილს ოცითა უფროსი დაუხოცია: არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია, თქვენი მრავალი მიწითა დასვრილი გაგვიხოცია”.

81. მეფესა ესე ამბავი უჩნს, ვითა მღერა ნარდისა, უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა, აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა, სიცილით ლაღობს, მიეცა გულით ამოსვლა დარდისა.

82. იგი ორნივე საგრილად გარდახდეს ძირსა ხეთასა. ლაშქართა შექმნეს მოდენა, მოდგეს უფროსნი ბზეთასა. ახლოს უთქს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა. თამაშობდეს და უჭვრეტდეს წყალსა და პირსა ტყეთასა.

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხისტყაოსნისა

83. ნახეს, უცხო მოყმე ვინმე ჯდა მტირალი წყლისა პირსა, შავი ცხენი სადავითა ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა, ხშირად ესხა მარგალიტი ლაგამ-აბჯარ-უნაგირსა. ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა.

84. მას ტანსა კაბა ემოსა, გარეთმა ვეფხის ტყავისა, ვეფხის ტყავისა ქუდივე იყო სარქმელი თავისა, ხელთა ნაჭედი მათრახი ჰქონდა უსხოსი მკლავისა; ნახეს და ნახვა მოუნდა უცხოსა სანახავისა.

85. წავიდა მონა საუბრად მის ყმისა გულმდუღარისად, თავჩამოგდებით მტირლისა, არ ჭვრეტით მოლიზღარისად, — მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარი სად,— ახლოს მივიდა, მოსცალდა სიტყვისა თქმად აღარისად.

86. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა, დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა; მოახსენა: “გიბრძანებსო”, ახლოს მიდგა, დაუწყნარდა. იგი ტირს და არა ესმის მისგან, გაუუმეცარდა.

87. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი, მათ ლაშქართა ზახილისა იყო ერთობ უგრძნობარი, უცხოდ რამე ამოსკვნოდა გული ცეცხლთა ნადებარი, ცრემლსა სისხლი ერეოდა, გასდის, ვითა ნაგუბარი.

88. სხვაგან ქნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან. ესე მეფისა ბრძანება ერთხელ კვლა ჰკადრა მონამან. არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან, არცა გახლიჩა ბაგენი თავი ვარდისა კონამან.

89. რა პასუხი არა გასცა, მონა გარე შემობრუნდა, როსტანს ჰკადრა: “შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა; თვალნი მზეებრ გამირეტნა, გული მეტად შემიძრწუნდა, ვერ ვასმინე საუბარი, მით დავყოვნე ხანი მუნ, და - “

90. მეფე გაჰკვირდა, გა-ცა-წყრა, გული უც მისთვის მწყრომარე; გაგზავნა მონა თორმეტი მისი წინაშე მდგომარე, უბრძანა: “ხელთა აიღეთ აბჯარი თქვენ საომარე, მიდით და აქა მომგვარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე!”

91. მონანი მიდგეს, მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია; მაშინღა შეკრთა იგი ყმა, ტირს, მეტად გულმდუღარია, თვალნი მოარნა ყოველგნით, ნახა ლაშქართა ჯარია, ერთხელ ესე თქვა: “ვაჲ მეო”, სხვად არას მოუბარია.

92. თვალთა ხელი უკუივლო, ცხელნი ცრემლნი მოიწურნა, ხრმალ-კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა, ცხენსა შეჯდა, — მონათამცა საუბარნი რად იყურნა! — სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირი არ განკურნა.

93. მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად. მან, გლახ იგინი, დახადნა მტერთაცა საწყალობელად: ჰკრნა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელაუპყრობელად, ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.

94. მეფე გაწყრა, გაგულისდა, ლაშქარნიცა შეუზახნა; მან მდევართა მიწევნამდის არ უჭვრიტა, არცა ნახნა, რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა, კაცი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა.

95. შესხდეს მეფე და ავთანდილ მის ყმისა მისაწეველად. იგი ლაღი და უკადრი მივა ტანისა მრხეველად, ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად, შეიგნა მისლვა მეფისა მისად უკანა მდეველად.

96. რა ცნა, მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა. მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა, ჰგვანდა ქვესკნელს ჩაძრომილსა ანუ ზეცად ანაფრენსა; ეძებდეს და ვერ ჰპოვებდეს კვალსა მისგან წანარბენსა.

97. კვალი ძებნეს და უკვირდა ვერპოვნა ნაკვალევისა, აგრე კვალწმიდად წახდომა კაცისა, ვითა დევისა; ლაშქარნი მკვდართა სტიროდეს, სწრაფა აქვს წყლულთა ხვევისა. მეფემან ბრძანა: “ვნახეო მიზეზი ლხინთა ლევისა”.