ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2103. მიეგებნეს, უსალამეს, სიხარულით გარდაკოცნეს, დარჩომა და გამარჯობა ერთმანერთსა მიულოცნეს, მეომარი და მებრძოლი ათად უჩნდა, არ იოცნეს, ომად ყოფა ხვარაზმასი მართ სიზმრადცა არ იოცნეს.

2104. ტარიელ ნახა ქალაქი, თვით მათცა ევარგებოდა, წაღებისა და ომისა ყოლ ღონე არ ეგებოდა, შუა ციხე დგა, მისებრი სხვა არა არ ეგებოდა, შიგანთა მცველთა სიმრავლე თვალვით არ შეიგებოდა.

2105. ხვარაზმშას ესმა:,, ტარიელ მოსრულა, მოჯობებულა.“ აწ იგი შიგნით აჩქარდა, საომრად გაჯავრებულა, ვაზირი იხმო, ყოველთა ვაზირთა დაჭარბებულა, აბჯარსა გასცეს, ისწრაფის, რჩევად ზის, გახაფებულა.

2106. ვაზირსა ჰრქვა:,, უომარი არ დავდგები არათ არა. ტარიელის ომსა თავად ემოწმების არა თარა. ხვარაზმშაჰ თქვა:,, არ შევება, უპასუხოი ლაშქართა რა? ვაზირთაგან თქვა:,, გარეთ რაზმი მოვაგვაროთ ღონითა რა.

2107. ხვარაზმშაჰ თქვა:,, რად დამიშლი, ჰე ვაზირო, ომსა თავად? ჰე, რას იტყვი, სად გინახავ მუქარისა მთხობი ავად! ჩემთა მბრძპოლთა ჩემგან აჩნდის ასო ბევრგან დანაშავად, შინ მისვლამან შეიცვალნის ძოწეულნი თავსა შავად.“

2108. აწ ვაზირი თარა ჰკადრებს საუბარსა წყნარსა ამოდ; ,,ვიცი, რომე გიცნობდიან წინას მბრძილთა სათამამოდ, მაგრა აწ სჩან სიყმისაგან წასვლა გამოსასალამოდ, სიბერეა მსგავსი მისი, რა დღე მიჰხდეს დასაღამოდ.

2109. ,, მე დია ვიცი მინახავ მრავალთა მბრძოლთა მორევით, გედინოს სისხლთა ნაკადი, დაცაგეყენოს მორევით, გაგექცივნენ და გეყივლოს მაღლითა ხმითა მორე ვით, აწ სიბერისა ლახვარი ასვია გულსა მორევით.

2110. თქვენ წაგიღია წინასი სიყმისა შვენიერობა; ერთი გასვია, მეფეო, გაჩნია დანაბერობა, ტარიელს პირსა აჩნია სიყმისა ვარდთა ფერობა, რაზმად შევიბნეთ, მეფეო, გვმართებს ამისი ჯერობა.“

2111. რა გათავდა ვაზირობა, ასრე ვითა აღსარება, მეფე ბრძანებს:,, დამიშალეთ, არ მიჯობდა მუქარება? აწ ვქნათ კარგად გამორჩევით გარეთ ომსა მოგვარება, ღმერთმან ქნას და ნახოთ მათი სიცოცხლისა გამწარება.“

2112. ჰკადრა ვაზირმან:,, მეფეო, ხარ ომსა კარგად ჩვეული, რამცა ვიცოდი მე თქვენგან უკეთე გამორჩეული? ნახე, ტარიელს რაზმი ჰყავს და ასაბია წვეული, ამისთვის იქნა ხვარაზმთა ლაშქარი მათგან ძლეული.“

2113. აწ რადგან აღარ დაიშლლი კართ გარე ომსა რაზმითა, ღამით გავიდეთ გაპარვით, არ მაშხალითა ბაზმითა, ცისკრისა ჟამსა დავესხნეთ გმირთა წესითა და ზმითა, ღმერთმან ქნას, ასრე დავჰხოცნეთ არ იყვნენ ხანსა დაზმითა.“

2114. დაასკვნეს ესე თათბირი თარასგან ნავაზირები. ხვარაზმშაჰ ბრძანა:,, უთუვოდ ვქნათ ესე დანაპირები.“ იანგარიშა მისი სპა იმსა მართ ვითა გმირები, ასოთხმოცათი ათასი მებრძოლი ამატირები.

2115. სხვა სპა მრავალი ქვეითი ციხეს დაყარა ჭურვილი. ზღუდეთად კარგი მესროლი, ჩაბალახ- ჩამოხურვილი, ღამით გავიდეს, თუ ომთა არა მართებდა სურვილი, ცისკრისა ჟამსა დამსხმელთა შექმნე სისიხლისა წურვილი.

2116. რას ვაგრძელებდე, დაესხნეს ცისკრისა ჟამსა ომითა, შეიქნა შემოკივილი ქუხილის შენაზომითა; მათ მძინარეთა გარეთ ქნეს სისხლი რუდ მონაწდომითა, მაღლად იზახდა ხვარაზმშაჰ ტარიელისთვის წყომითა.

2117. ეტყვის ტარიელს:,,ძე ჩემი შენ მუხთლად მოჰკალ მძინარე; თუ მამაცი ხარ, შემები, მოდი, წამოდეგ წინარე! მოდი, ვჰკრათ ჩვენ ერთმანერთსა ხრმალი სისხლისა მდინარე, ვეჭვ, სამართალმან შენ შეგქმნა მოსვლისა მოსაწყინარე.“

2118. რა ესე ესმა ზახილი მათ სამთა გმირთა მეფეთა, მართ წყნარად ადგომილ იყვნეს, ჰგვანდეს ვარდისა მკრეფეთა. ტანსა იცმიდეს აბჯარსა, მართ შუქთა მოიეფეთა, ხვარაზმშას სპათა გაუხდეს, ვით მგელნი ძაღლთა მყეფეთა.

2119. ფიცხლა მიჰმართა ხვარაზმიშ, ვით შავარდენი ფრთიანი; სითცა პირი ქნის, დახოცის, ტანი მუნ დაძრის ხიანი; იზახდა:,, ვაი, ჰინდოთა ნუვინ გაუშვებთ მღრთიანი,“ დახვდეს, მამაცად იბძოდეს, დამსხმელთა ეცა ზიანი.

2120. მათ ლომთა სპანი სამგნითვე შეიძრნეს გარეთ მდგომელნი; ზედა დამსხმელთა მოუხდეს ამაყნი, მცქაფად მწყრომელნი; ფიცხლად შეებნეს, არ ჰგვანდეს იგ ფრანგნი, ვინმე ჰრომელნი. მათნი იაღნი ტიროდეს, ვით იცინიან რომელნი.

2121. იგ სამივე ხელმწიფენი დაკაზმულნი დადგეს კართა, ცხენთა შესხდეს უკეთესთა, წინა დროშა აემართა; ღმერთსა მუნა მადლი ჰკადრეს, შემობრუნდეს, მიემართა: ,,მკლავნი ჩვენნი ვიხმარნეთო, ღმრთით, რაც გვინდა დაგვემართა.“

2122. აწ უყურეთ თქვენ, მსმენელნო, რა ფიცხელი არის ომი; სწყვეტდის თავთა თავადებსა, ტარიელ არს მათვის მწყრომმი; დახოცნა და ამოსწყვიტნა, ვერვინ იყო წინა მდგომი, გარე რაზმი მრავალკეცი დაიხოცა თუ რა ზომი.