ვეფხისტყაოსანი (ჩანართი და დანართი ტექსტებით), 1956 წ.

2045. ჯავრნი ხვარაზმთა ჩვენზედა მით გარეშემო გუბია ჩვენზედა სპანი იხმარნა, რაცა ალამი უბია, ვიხმენ ძმად-ფიცნი არაბთათ, მათი აბჯარი სუბია, ავთანდილს, ფრიდონს სურვილი ჰკლავს, ჩვენთვის თვალთათ გუბია.”

2046. ტარიელ ორთა სენთაგან მეტადღა დაჭმუნვებულმან, მტერთაგან ამოსწყვეტილმან, უსახოდ შეჭირვებულმან, არაბეთს კაცი გაგზავნა მტირალმან, მიჭირვებულმან, ავთანდილს წვრილად აცნობა უღუნოდ დაჭირვებულმან.

2047. რაცა პირველ სენი სჭირდა, ყველა წვრილად მიუწერა, მერმე რაგვარ ხვარაზმელთა მათთვის ძაძა შეეწერა; ვით ერბივნეს, ვით ეხოცნეს, ვით ქალაქი მოემტვერა, ვით სოფელი მუხთალია, იგი მეცა დამემტერა!

2048. გვერდსა მიისვეს მწერალი, მთქმელ- გამამრჩევი ენათა; ტარიელ, ნესტან-დარეჯან ხმა- ტკბილი მოუსმენათა; რა გაათავეს წერითა წიგნი, ხელთ მისცეს მონათა; ,,წადით, მიართვით ავთანდილს, ჩვენთვის ცრემლ- დამადენეთა.”

2049. კვლავ ფრიდონისას გაგზავნეს სხვა კაცი ერთი ნავითა; მასცა აცნობეს სოფლისა სიცრუვე საბრუნავითა: ,,სენთა და ხვარაზმელთაგან ოდენ ვარ საფშვინევითა, მტირალი სისხლის ცრემლითა დამხობით საკრინავითა.

2050. ,,აწ ვითა გვმართებს გმირთა და ჩემთა ფიცისა ძმობილთა აგრე გაფიცხდით საშველად, გაწვევთ სასწრაფოდ ხმობილთა, თქვენთა ლაშქართა იმედსა ვართ ქვისებრ დაულბობილთა, ომსა ნაწვართთა, ჩაუქთა, მებრძოლთა რაზმთა წყობილთა.”

2051. არაბთ მეფე მორჭმულია, იყო მცილე მისი ვინა? იმღერა და იხარებდა, მოგოსნები უსხდა წინა, ჩანგთა ჰკრიან, აწყობდიან პირ- მთვარენი, ვართ და მინა, გავიდის და ნადირობდის, კვლა მობრუნდეს იყვის შინა.

2052. იბურთეს და ითამაშეს და თინათინს თანა დაჯდის, ეს სოფელი იამოვნის, საწუთროსა დაუწყნარდის; ყელსა ბროლსა შვენებანი მას ელვანი გარ უვარდის, ერთგან სხდიან ტახტსა ზედან, მათ ბაგეთათ ვარდი ვარდის.

2053. სმა-ჭამა და ნადიმობა, მსგეფსსა ერთსა გაისვენა; ელვამან და შვენებამა მათმან ერთსა დააშვენა; მომღერალთა მათ წინაშე არაოდეს მოასვენა; მე ვერ ვიტყვი, რაცა სჭირდა, ბევრი უნდა ქებად ენა.

2054. რა გარდახდა, გამოვიდა ჟამი რამე, ღამე, დღენი; მოციქული შარას გრძელსა მოამოკლებს, ირჩევს ცხენი. გაგზავნილნი რა მივიდეს, ნახეს მორჩი ალვის ხენი, რა ავთანდილს მოახსენეს, ატირდა და უთქვნა ზნენი.

2055. კვლავე ჰკადრეს:,, თქვენ, მორჭმულნო და აქებდეს ხელმწიფესა; მოახსენეს:,, დიდებულო, შენ ტურფაი, მაღლად მხედსა; შენ გაქვს ყოვლი დიდებანი, მორრჭმულსა და კარგად მქნესა, ხვარაზმელთა ჰინდოთ ზედა ჰკლვიდა სევდა ტარიელსა.”

2056. რა ავთანდილს, ფრიდონს ესმა ჰინდოთ ესე საწყინარი, გულსა ასრე ლახვრად ეცა, მართ დაესო აწვე ნარი! თქვეს:,, გავხედით საწუთროსა, არას კარგასა მოუბნარი, აქანამდის მხიარულნი ვტირთ აღარას მოცინარი.”

2057. ავთანდილ სულთქვამს, ოხვრიდა, მოჰქონდა ტარიელობა; მასთანა ყველა სწორ იყვის, დგომა, გაჭრა და ხელობა; უკვირდა მკლავთა დადრეკა, უსახროდ მათი ქველობა, სჭირს და სოფელი არ იკლებს, გულს ლახვარი მჭრელობა.

2058. მართ ავთანდილს ვით ეწყინა, ვინმცა ჰკადრა, ვინ არ ღირსნი? ყველა წვრილად მოიკითხა, ვით ნაქმარნი ხვარაზმისნი; უბრძანა და შემოხადნა დიდებულნი სპანი მისნი, ,,აწ ტარიელს ვმსახუროთო, ვართ მონანი ყმათა ყმისნი.”

2059. თვითო კაცი ერთმანერთსა გაუგზავნეს:,, არ დავსწბეთა, ჰინდოთა და ტარიელის საქმისათვის გვინდა ფეთა.” პაემანი შეუკვეთეს -,, დროთა ხანთა არ დავსცდეთა”– ერთმანერთის შველისა და ნახვისათვის მოსწრაფეთა.

2060. აწ ავთანდილ ფრიდონს კაცი გაუგზავნა, გაემართნეს ოცდათ დღე შიგ შეიყარნეს იარაღნი მოიმართნეს; მუნ დროშანი ვერ დაცთვალენ, რომე იმათ აემართნეს, მათ ორთავე ხელმწიფეთა პირნი მზეებრ იწაღმართნეს.

2061. მათ ორთავე ხელმწიფეთა, სრულად მათთა სამეფოთა, აქიმები დაარჩივეს თემთა კარგთა სამყოფოთა; წამოვიდეს რაზმ- წყობილნ ი, გზათა ლევენ სასწრაფოთა მოისმენდით ხმათა მათთა საბუკ-ტაბლაკ -სადაფოთა.

2062. გამოვლნეს ზღვანი, მოვიდეს ხმელეთსა ტარიელისა; ნახეს სენთაგან დაცემით ტარიელ მსგავსი ბერისა; ორთა სენთაგან ჩიოდა მტირალი მოანბვე რისა, თქვა;,, გახდა თემი ჰინდოთა სისხლთაგან მონატბერისა.”

2063. ნესტან-დარეჯან ტან -სარო, აწ აღარ იყო ლალია, სისხლის ცრემლითა მტირალი უბნობდა იგიც ლალია ზურგ - მოტეხით აქვს მას სევდა, ღაწვი აღარ სჭვრის, ლალია, თქვა:,, იყო ჩვენთვიოს ხვარაზმშა, მწყერთათვის ვითამც ალალი.”

2064. ჰინდოეთს მივლენ ნავითა, გამართეს სამუნაოთა, სრულნი აბჯრითა მოსილნი ხვარაზმშის საბრუნაოთა. სწრაფით დალევენ შარათა, წყალთა და მათ უნაოთა, ხვარაზმს დასთრიან საფლავთა სატირლად, საზრუნაოთა.”