ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

59. ადგეს სოგრატ და ავთანდილ ტანითა მით კენარითა, თითო აივსეს ჭიქები, მივლენ ქცევითა წყნარითა, წინა მიუსხდეს მუხლმოყრით, პირითა მოცინარითა. ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა:

60. “დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?”

61. რა მეფემან მოისმინა, გაცინებით შემოხედნა, გაუკვირდა: ვით მკადრაო, ან სიტყვანი ვით გაბედნა?! “კარგა ჰქმენო, — დაუმადლა, ბრძანებანი უიმედნა, — ჩემი ზრახვა სიძუნწისა, ტყუვის, ვინცა დაიყბედნა!

62. “ეგე არ მიმძიმს, ვაზირო, ესეა, რომე მწყენია: სიბერე მახლავს, დავლიენ სიყმაწვილისა დღენია, კაცი არ არის, სითგანცა საბრძანებელი ჩვენია, რომე მას ჩემგან ესწავლნეს სამამაცონი ზნენია.

63. “ერთაი მიზის ასული, ნაზარდი სათუთობითა; ღმერთმან არ მომცა ყმაშვილი, — ვარ საწუთროსა თმობითა, — ანუმცა მგვანდა მშვილდოსნად, ანუცა მობურთლობითა; ცოტასა შემწევს ავთანდილ ჩემგანვე ნაზარდობითა”.

64. ყმა მეფისა ბრძანებასა ლაღი წყნარად მოისმენდა, თავ-მოდრეკით გაიღიმნა, გაცინება დაუშვენდა, თეთრთა კბილთა გამომკრთალსა შუქსა ველთა მოაფენდა. მეფე ჰკითხავს: “რას იცინი, ანუ ჩემგან რას შეგრცხვენდა?”

65. კვლა უბრძანა: “თავსა ჩემსა, რას იცინი, რად დამგმეო?” ყმამან ჰკადრა:”მოგახსენებ და ფარმანი მიბოძეო, რაცა გკადრო, არ გეწყინოს, არ გარისხდე, არ გასწყრეო, არ გამხადო კადნიერად, არ ამიკლო ამასზეო”.

66. უბრძანა: “რადმცა ვიწყინე თქმა შენგან საწყინარისა!” ფიცა მზე თინათინისა, მის მზისა მოწუნარისა. ავთანდილ იტყვის: “დავიწყო კადრება საუბნარისა: ნუ მოჰკვეხ მშვილდოსნობასა, თქმა სჯობს სიტყვისა წყნარისა.

67. “მიწაცა თქვენი ავთანდილ თქვენს წინა მშვილდოსანია; ნაძლევი დავდვათ, მოვასხნეთ მოწმად თქვენნივე სპანია; მოასპარეზედ ვინ მგავსო? — ცუდნიღა უკუთქმანია. გარდამწყვედელი მისიცა ბურთი და მოედანია!”

68. — “მე არ შეგარჩენ შენ ჩემსა მაგისა დაცილებასა. ბრძანე, ვისროლოთ, ნუ იქო შედრეკილობა-კლებასა, კარგთა კაცთასა ვიქმოდეთ მოწმად ჩვენთანა ხლებასა, მერმე გამოჩნდეს მოედანს, ვისძი უთხრობდენ ქებასა!”

69. ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიდეს, იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს, ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს: “ვინცა იყოს უარესი, თავ-შიშველი სამ დღე ვლიდეს!”

70. მონადირეთა უბრძანა: “მინდორნი მოიარენით, დასცევით ჯოგი ნადირთა, თავნი ამისთვის არენით! ” ლაშქარნი სამზოდ აწვივნეს: “მოდით და მოიჯარენით! ” გაყარეს სმა და ნადიმი; მუნ ამოდ გავიხარენით.

71. დილასა ადრე მოვიდა იგი ნაზარდი სოსანი, ძოწეულითა მოსილი, პირად ბროლბალახშოსანი, პიროქრო რიდე ეხვია, შვენოდა ქარქაშოსანი, მეფესა გასლვად აწვევდა, მოდგა თეთრტაიჭოსანი.

72. შეეკაზმა მეფე, შეჯდა, ნადირობას გამოვიდეს; მგრგვლივ მინდორსა მოსდგომოდეს, ალყად გარე შემოჰკრვიდეს; ზეიმი და ზარი იყო, სპანი ველთა დაჰფარვიდეს, ნაძლევისა მათისათვის ისროდეს და ერთგან სრვიდეს.

73. უბრძანეს: “მონა თორმეტი მოდით, ჩვენთანა ვლიდითა, მშვილდსა ფიცხელსა მოგვცემდით, ისარსა მოგვართმიდითა, ნაკრავსა შეადარებდით, ნასროლსა დასთვალვიდითა!” დაიწყო მოსლვა ნადირმან ყოვლთა მინდორთა კიდითა.

74. მოვიდა ჯოგი ნადირთა ანგარიშმიუწვდომელი: ირემი, თხა და კანჯარი, ქურციკი მაღლად მხლდომელი. მას პატრონ-ყმანი გაუხდეს, ჭვრეტადმცა სჯობდა რომელი! აჰა მშვილდი და ისარი და მკლავი დაუშრომელი!

75. ცხენთა მათთა ნატერფალნი მზესა შუქთა წაუხმიდეს. მიჰხოცდეს და მიესროდეს, მინდორს სისხლთა მიასხმიდეს, რა ისარი დაელივის, მონანიყე მიართმიდეს. მხეცნი, მათგან დაკოდილნი, წაღმა ბიჯსა ვერ წასდგმიდეს.

76. იგი ველი გაირბინეს, ჯოგი წინა შემოისხეს, დახოცეს და ამოწყვიდეს, ცათა ღმერთი შეარისხეს, ველნი წითლად შეეღებნეს,ნადირთაგან სისხლი ისხეს. ავთანდილის შემხედველთა: “ჰგავსო ალვას, ედემის ხეს”.

77. იგი მინდორი დალიეს, მართ მათგან განარბენია, მინდორსა იქით წყალი დის და წყლისა პირსა ტყენია. ნადირნი ტყესა შეესწრნეს, სადა ვერა რბის ცხენია. იგი მაშვრალნი ორნივე მოსწყდეს, რაზომცა მხნენია.

78. ერთმანერთსა თუ: “მე გჯობო”, სიცილით ეუბნებოდეს, ამხანაგობდეს, ლაღობდეს, იქით და აქათ დგებოდეს. მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი უკან ჰყვებოდეს, უბრძანა: “თქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არა გვთნებოდეს”.