ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

137. თქვა მზეო ვარდსა სიშორე: შენი დამაჩნდეს ეს ადრე჻ ბროლი და ლალი გასრულვარ: ქარვისა უყვითლესადრე჻ მაშინ რაღა ვჰქნა ვერ ჭვრეტა: რა მამხვდეს კულავ უგრძესადრე჻ ჴამს მოყვრისათვის სიკუდილი: ესე მე დამიც წესადრე჻

138. საწოლს დაწვა ტირს მტირალსა: ცრემლი ძნელად ეჴოცების჻ ვითა ვერხვი ქარისაგან: ირხევის და იკეცების჻ რა მილულნის სიახლევე: საყვარლისა ეოცების჻ შეჰკრთის დიდი დაიზახის: მით პატიჟი ეოცების჻

139. მოშორვება საყვარლისა: მას შეჰქნოდა მისად ღაზოდ჻ ცრემლსა ვითა მარგალიტსა: ტირს ვარდისა დასანაზოდ჻ რა გათენდა შეეკაზმა: მისთა მჭვრეტთა სალამაზოდ჻ ცხენსა შეჯდა გაემართა: დარბაზს მივა სადარბაზოდ჻

140. დარბაზს ეჯიბი შეგზავნა: მართ მისგან შენარონია჻ შესთვალა გკადრებ მეფეო: მე ესე გამიგონია჻ ყოველი პირი მიწისა: თქვენ ჴმლითა დაგიმონია჻ აწ თუ სჯობს, ესე ამბავი: ცნან რაცა გარემონია჻

141. მე წავიდე მოვიარო: ვილაშქრო და ვინაპირო჻ თინათინის ჴელმწიფობა: მტერთა თქუენთა გულსა ვგმირო჻ მორჩილ ქმნილი გავახარო: ურჩი ყუელა ავატირო჻ ძღვენნი გკადრნე ზედა ზედა: არ სალამი დავაძვირო჻

142. მეფესა ეთქვა ამისი: დიადი მადრიელობა჻ უბრძანა ლომო არა გჭირს: შენ ომთა გამდრეკელობა჻ აწ მაგა შენსა თათბირსა: გავსო შენივე ქველობა჻ წა მაგრა მამხვდეს რაღა ვჰქნა თუ სიშორისა გრძელობა჻

143. ყმა შევიდა თაყუანისცა: მადლი რამე მოახსენა჻ ჴელმწიფეო მიკუირს ქება: რად იკადრეთ ჩემი თქვენა჻ აწ ნუთუ კულავ სიშორისა ღ~თნ ბნელი გამითენა჻ პირი თქუენი მხიარული: მხიარულსა კულავ მიჩვენა჻

144. მეფე ჴელსა მოეკიდა: გარდაჰკოცნა ვითა შვილი჻ სხვა მათებრი არ ყოფილა: არ გამზრდელი არ გაზრდილი჻ ყმა ადგა და წამოვიდა: მას დღე მათი ჩანს გაყრილი჻ როსტან მისთვის აატირა: გონიერი გული ტკბილი჻

145. გამოემართა ავთანდილ: მოყმე მჴნე ლაღად მავალი჻ ოც დღე იარა ღამესა: დღეზედა წართო მრავალი჻ იგია ლხინი სოფლისა: იგია ნივთი და ვალი჻ არ მისცილდები თინათინ: მისი მას ვისგან სწვავალი჻

146. რა მოვიდა სიხარული: შიგან გაჰჴდა სამეფოსა჻ მოეგებნეს დიდებულნი: ძღვენსა სძღვნიდენ იეფოსა჻ იგი პირ მზე არ მოსცდების: სიარულსა სასწრაფოსა჻ მიხვდეს მყოფნი მას წინაშე: სიხარულსა სადაფოსა჻

147. ქალაქი ჰქონდა მაგარი: საზაროდ სანაპიროსა჻ გარეთ კლდე იყო გიამბობ: ზღუდესა უქვიტკიროსა჻ ყმამან მუნ დაყო სამი დღე: ამოსა სანადიროსა჻ გაზრდილი მისი შერმადინ: დაისვა სავაზიროსა჻

148. ესეა მონა შერმადინ: ზემოცა სახელდებული჻ თანა შეზრდილი ერთგული: და მისთვის თავ დადებული჻ მან არ იცოდა აქამდის: მის ყმისა ცეცხლი დებული჻ აწ გაუცხადა სიტყუები: მის მზისა იმედებული჻

149. უბრძანა აჰა შერმადინ: ამად მე შენგან მრცხვენიან჻ ჩემნი საქმენი ყოველნი: გცოდნიან გაგივლენიან჻ მაგრა არ იცი აქამდის: რანიცა ცრემლნი მდენიან჻ მე ვისგან მქონდეს პატიჯნი: აწ მასვე მოულხენიან჻

150. მიბრძანა მიცან ამბავი: მის ყმისა დაკარგულისა჻ მოხვიდე სრულ ვჰქმნა მაშინღა: შენი წადილი გულისა჻ ქმარი არ მინდა უშენო: მამხუდეს ხისა რგულისა჻ მამცა წამალი გულისა: აქამდის დადაგულისა჻

151. პირველ ყმა ვარ წასვლა მინდა: პატრონისა სამსახურად჻ ჴამს მეფეთა ერთგულობა: ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად჻ მერმე ცეცხლი დაუვსია: აღარა მწვავს გულსა მურად჻ ჴამს თუ კაცი არ შეუდრკეს: ჭირსა მიჴუდეს მამაცურად჻

152. ვართ უმოყვრესნი მე და შენ: ყოველთა პატრონ ყმათასა჻ ამისთვის გნუკავ სმენასა: შენ ამა ჩემთა ჴმათასა჻ ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად: თავადად სხვათა სპათასა჻ ამა საქმესა ვერა ვიქ: მე განდობასა სხვათასა჻

153. ლაშქართა და დიდებულთა: ალაშქრებდი ნაპირობდი჻ დარბაზს კაცსა გაგზავნიდი: და ამბავსა მათსა სცნობდი჻ წიგნსა სწერდი ჩემ მაგიერ: უფასოსა ძღვენსა სძღვნობდი჻ აქა სადმე არ ყოფასა: ჩემსა მათმცა რად აგრძნობდი჻

154. ლაშქრობა და ნადირობა: შენი ჩემსა დაასახე჻ აქათ სამ წელ მამიცადე: ხვაშიადი შემინახე჻ მე ნუთუმცა შემოვბრუნდე: ალვა ჩემი არ დაჭნა ხე჻ არ მოვბრუნდე მამიგლოვე: მიტირე და მივაგლახე჻

155. მაშინღა ჰკადრე მეფესა: არ საქმე სასურვალია჻ აცნობე ჩემი სიკვდილი: იყავ მართ ვითა მთურალია჻ მიხუდა თქო საქმე რომელი: ყოვლთათვის გარდუვალია჻ გლახაკთა მიეც საჭურჭლე: ოქრო ვერცხლი და რვალია჻

156. მაშინ უფრო მომეჴმარე: ამისგანცა უფრო მჴნედრე჻ ნუთუ ადრე დამივიწყო: მახსენებდი ზედა ზედრე჻ მეტად კარგად დამიურვე: სული ჩემი შეივედრე჻ ზრდანი ჩემნი მოიგონე: გული შენი მოიმდედრე჻