ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

78. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია჻ მინდორსა იქით წყალი დის: და წყლისა პირსა კლდენია჻ ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა რბის ცხენია჻ იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მჴნენია჻

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქათ დგებოდეს჻ მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი უკან ჰყვებოდეს჻ უბრძანეს თქვითო მართალი: ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს჻

80. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით჻ მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით: შენსა მაგისა დარებით჻ აწეცა დაგვჴოც ვერა ჰგავ: ვერათ ვერ მოგეჴმარებით჻ ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მჴეცნი ვერ წაღმა წარებით჻

81. ორთავე ერთგან მოკლული: ყველაი ასჯერ ოცია჻ მაგრა ავთანდილს ოცითა: უფროსი დაუხოცია჻ არ დასცდომია ერთიცა: რაც ოდენ შეუტყორცია჻ თქვენი მრავალი მიწითა: დასვრილი დაგვიჴოცია჻

82. მეფესა ესე ამბავი: უჩანს ვითა მღერა ნარდისა჻ უხარის ეგრე სიკეთე: მისისა განაზარდისა჻ აქვს მიჯნურობა ამისი: ვითა ბულბულსა ვარდისა჻ სიცილით ლაღობს მიეცა: გულით ამოსლვა დარდისა჻

83. იგი ორნივე საგრილად: გარდახდეს ძირსა ხეთასა჻ ლაშქართა შექნეს მოდენა: მოდგეს უფროსი ბზეთასა჻ ახლოს უთქს მონა თორმეტი: უმჴნესი სხვათა მჴნეთასა჻ თამაშობდეს და უჭვრეტდეს: წყალსა და პირსა ჴევთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა჻

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა჻ შავი ცხენი სადავითა: ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა჻ ხშირად ესხა მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა: გულსა მდუღრად ანატირსა჻

85. მას ტანსა კაბა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავისა჻ ვეფხის ტყავისა ქუდივე: იყო სარქმელი თავისა჻ ჴელთა ნაჭედი მათრახი: ჰქონდა უმსხოსი მკლავისა჻ ნახეს და ნახვა მოუნდა: უცხოსა სანახავისა჻

86. მოვიდა მონა საუბრად: მის ყმისა გულ მდუღარისად჻ თავ ჩამოგდებით მტირლისა: არ ჭურეტთა მოლიზღარისად჻ მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა: ჰგია გიშრისა ღარისად჻ ახლოს მივიდა მოსცალდა: სიტყვის თქმა აღარისად჻

87. ვერა ჰკადრა საუბარი: მონა მეტად შეუზარდა჻ დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით: თუცა გული უმაგარდა჻ მოახსენა გიბრძანებსო: ახლოს მიდგა დაუწყნარდა჻ იგი ტირს და არა ესმის: მისგან გაუუმეცარდა჻

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა: არცა ნაუბარი჻ მათ ლაშქართა ძახილისა: იყო ერთობ უგრძნობარი჻ უცხოდ რადმე ამოსკვნიდა: გული ცეცხლთა ნადებარი჻ ცრემლსა სისხლი ერეოდა: გასდის ვითა ნაგუბარი჻

89. სხვაგან ქნის მისი გონება: მისმან თავისა წონამან჻ ესე მეფისა ბრძანება: ერთხელ კულავ ჰკადრა მონამან჻ არცა დააგდო ტირილი: არცარა გაიგონა მან჻ არცა გახლიჩა ბაგეთათ თავი ვარდისა კონამან჻

90. რა პასუხი არა გასცა: მონა გარე შემობრუნდა჻ როსტენს ჰკადრა შემიტყვია: იმას თქვენი არა უნდა჻ თვალნი მზეებრ გამირეტდეს: გული უფრო შემიძრწუნდა჻ ვერ ვასმინე საუბარი: მით დავყოვნე ხანი მუნ და჻

91. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა: გული უცს მისთვის მწყრომარე჻ გაგზავნა მონა თორმეტი: მისი წინაშე მდგომარე჻ უბრძანა ჴელთა აიღეთ: აბჯარი თქვენ საომარე჻ მიდით და აქა მამგუარეთ: ვინ არის იქი მჯდომარე჻

92. მონანი მიდგეს მივიდეს: გახდა აბჯრისა ჩხარია჻ მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა: ტირს მეტად გულ მდუღარია჻ თვალნი მოარნა ყოველგან: ნახა ლაშქართა ჯარია჻ ერთხელ ესე თქვა ვამეო: სხვად არას მოუბარია჻

93. თვალთა ჴელი უკუივლო: ცრემლნი ცხელნი მოიწურნა჻ ჴრმალ კაპარჭი მოიმაგრა: მკლავნი გაიმამაცურნა჻ ცხენსა შეჯდა მონათამცა: საუბარნი რად იყურნა჻ სხვასა მხარსა გაემართა: მათი ჭირნი არა განჰკურნა჻

94. მონათა ჴელი გამართეს: მის ყმისა შესაპყრობელად჻ მან გლახ იგინი დაჴადნა: მტერთაცა საწყალობლად჻ ჰკრა ერთმანერთსა დაჴოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად჻ ზოგსა გადაჰკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად჻

95. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა჻ მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭურიტა არცა ნახნა჻ რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკუდართა დაასახნა჻ კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა჻

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად჻