ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

1577. ქალსა ქალმან გაუგზავნა: ყაბაჩა და ერთი რიდე჻ რომე ჩაცმა დაბურვასა: ვინ ღირს იყო მათგან კიდე჻ ერთი თვალი წამღებელსა: ვერა თქუას თუ ცუდად ვზიდე჻ ღამე მზეებრ განანათლოს: ჩნდის სადაცა შეხედვიდე჻

1578. ავთანდილ შეჯდა წავიდა: ტარიას გაესალამა჻ იგი ორნივე გაყრისა: დაწვნა ცეცხლისა ალამა჻ სრულად ჰინდონი მისტირან: ცრემლმან მინდორი დალამა჻ ავთანდილ იტყჳს მამკლაო: სოფლისა მე სამსალამა჻

1579. ერთგან ფრიდონ და ავთანდილ: იარნეს დღენი მცირენი჻ გზამან გაჰყარნა წავიდეს: თავის თავ ანატირენი჻ კარგად მოუხდეს მათ მათნი: საქმენი დანაპირენი჻ ავთანდილ მიჰჴდა არაბეთს: ნახნა არ ცუდნი ჭირენი჻

1580. გამოეგებნეს არაბნი: სამეფო დააშვენა მან჻ ნახა მზე მისი მირიდა: მისთა სურვილთა წყენამან჻ მის თანა ტახტსა დავეჯდა: ილხინა მჭვრეტთა ლხენამან჻ გააჴელმწიფა გჳრგვინი: ზეცით მოსრულმან ზენამან჻

1581. მათ სამთავე ჴელმწიფეთა: ერთმანერთი არა სძულდეს჻ ერთმანერთსა ნახვიდიან: საწადელნი გაუსრულდეს჻ ბრძანებისა შემცილენი: მათის ჴრმალთა დავეწყლულდეს჻ მოიმატეს სამეფონი: გაჴელმწიფდეს გამორჭმულდეს჻

1582. ყოვლთა სწორად წყალობასა: ვითა თოვლსა მოათოვდეს჻ ობოლ ქურივნი დაამდიდრეს: და გლახაკნი არ ითხოვდეს჻ ავის მქმელნი დააშინნეს: კრავნი კრავსა ვერ სწოვდეს჻ შიგან მათთა საბრძანისთა: თხა და მგელი ერთად სძოვდეს჻

1583. გასრულდა მათი ამბავი: ვითა სიზმარი ღამისა჻ გარდახდეს, გავლეს სოფელი: ნახეთ სიმუხთლე ჟამისა჻ ვის გრძლად ჰგონია მისთვისცა: არის ერთისა წამისა჻ ვსწერ ვინმე მესხი მელექსე: მე რუსთველისა და მისა჻

1584. ქართველთა ღ~თისა დავითის: ვის მზე მსახურებს სარებლად჻ ესე ამბავი გავლექსე: მე მათად მოკამათებლად჻ ვინ არის აღმოსავლეთით: დასავლეთს ზართა მარებლად჻ ორგულთა მათთა დამწველად: ერთგულთა დამამაგრებლად჻

1585. დავითის ქნანი ვითა ვჰთქუნე: სიჩალხე სიხაფეთანი჻ ესე ამბავი უცხონი: უცხოთა ჴელმწიფეთანი჻ პირველ ზნენი და საქმენი: ქებანი მათ მეფეთანი჻ ვპოვენ და ლექსად გარდავთქუენ: ამითა ვილაყფეთანი჻

1586. ესე ასეთი სოფელი: არვისგან მისანდობელი჻ წამია კაცთა თვალისა: და წამწამისა მსწრობელი჻ რასა ვინ ეძებთ რას აქნევთ: ბედია მაყივნებელი჻ ვის არ შეუცვლის კარგია: ორისავ იყოს მხლებელი჻

1587. ამირან დარეჯანის ძე: მოსეს უქია ხონელსა჻ აბდულ მესია შავთელსა: ლექსი მას უქეს რომელსა჻ დილარგეთ სარგის თმოგველსა: მას ენა დაუშრომელსა჻ ტარიელ მისა რუსთველსა: მისთვის ცრემლ შეუშრომელსა჻

მინაწერი გადამწერისა და გადაწერის თარიღის შესახებ჻

1588. აწ დაიბეჭდა სტამბაში: პირველ ნაწერი ჴელისა჻ უგბილთა ფრიად სასწავლო: გონიერთ გულთა თმენისა჻ მეფეს ვახტანგის ბრძანებით: და სიბრძით კეთილ მქნელისა჻ ნაღვაწი მისის მლოცვლისა: მესტამბე მიქაელისა: .

1589. დაესრულა ესე წიგნი: ქორონიკონს უნსა სმულსა჻ ყველაკასა უხაროდა: რიტორსა და ჴმა უსულოსა჻ საღ~თა და საეროცა: ვისცა აქუს სმენა გულსა჻ უსწავლელსა სიბრძნეს მისცემს: გონიერსა გულს უსრულსა჻