ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

175. ავთანდილ იგი მინდორი: ოთხახმით გარდაიარა჻ დააგდო მზღვარი არაბთა: სხვათ მზღვართა არე იარა჻ მაგრა მის მზისა გაყრამან: სიცოცხლე გაუზიარა჻ თქუა თუ მე მასმცა ვიახელ: აწ ცხელსა ცრემლსა ვღვრი არა჻

176. ახალმან ფიფქმან დათოვა: ვარდი დათრთვილა დანასა჻ მოუნდის გულსა დაცემა: ზოგჯერ მიმართის დანასა჻ თქუის ჭირი ჩემი სოფელმან: ოთხმოცდაათი ანასა჻ მოვშორდი ლხინსა ყველასა: ჩანგსა ბარბითსა დანასა჻

177. ვარდი მის მზისა გაყრილი: უფრო და უფრო ჭკნებოდა჻ გულსა უთხრის თუ დასთმეო: ამად არ დია ბნდებოდა჻ უცხო უცხოთა ადგილთა: საძებრად იარებოდა჻ მგზავრთა ჰკითხევდის ამბავთა: მათთანა ემოყვრებოდა჻

178. მუნ ეძებს ცრემლი მტირალსა: სდის ზღვათა შესართავისად჻ უჩნდის ქვეყანა ტახტად და: მკლავი სადებლად თავისად჻ თქუის საყვარელო მოგშორდი: გული შენ დაგრჩა ვთქუა ვისა჻ შენთვის სიკუდილი მეყოფის: ლხინად ჩემისა თავისად჻

179. ყოვლი პირი ქვეყანისა: მოვლო სრულად მოიარა჻ ასრე რომე ცასა ქუეშე: არ დაურჩა არ იარა჻ მაგრა იგი მის ამბვისა: მსმენელსაცა ვერ მიმხვდარა჻ ამა შიგან წელიწადი: სამი სამ თვედ მიიყა჻

180. მიხუდა რასმე ქვეყანასა: უგემურსა მეტად მქისსა჻ თვე ერთ კაცსა ვერა ნახავს ვერას შვილსა ადამისსა჻ იგი ჭირი არ უნახავს: არ რამინს და არცა ვისსა჻ დღე და ღამე იგონებდა: საყუარელსა მასვე მისსა჻

181. მას მიხუდა წევრი სადგურად: მაღლისა მთისა დიდისა჻ გამოჩნდა მუნით მინდორი: სავალი დღისა შვიდისა჻ მის მთისა ძირსა წყალი დის: არათ სანდომი ჴიდისა჻ ორგნითვე ტყესა შეეკრა: ნაპირი წყლისა კიდისა჻

182. ზედ წაადგა შეექცევის: დროთა დღეთა ანგარიშობს჻ თვენი ესხნეს ორნიღაა: ამად სულთქუამს არა იშობს჻ ვაითუ საქმე გამიმჟღავნდეს: კულავ ამისთვის გულ მოშიშობს჻ ავსა კარგად ვერვინ შესცულის: თავსა ახლად ვერვინ იშობს჻

183. საგონებელი შეექმნა: დადგა საქმისა მრჩეველად჻ თქვა თუ დავბრუნდე ეზომი: ხანი რად დავყავ მე ველად჻ ჩემსა რა ვჰკადრო მნათობსა: ვიყავ რად დღეთა მლეველად჻ მისი ვერა ვსცნა ჭორნიცა: ვარ ვისთა გზათა მკვლეველად჻

184. თუ არ დავბრუნდე საძებრად: დავჰყუნე სხვანიცა ხანანი჻ რომელსა ვეძებ ვერა ვსცნე: ამბავნი მე მისთანანი჻ დრო გარდაუწყდეს შერმადინს: შერჩეს ღაწვისა ბანანი჻ მივიდეს ჰკადროს მეფესა: საქმენი დასაგვანანი჻

185. უამბოს ჩემი სიკუდილი: თვით ჩემგან დავედრებული჻ მათ შექნან გლოვა ტირილი: ქნან საქმე გამწარებული჻ მერმე მივიდე ცოცოხალი: მე სხვაგან სადმე რებული჻ ამას იგონებს ტირილით: გონება შეიწრებული჻

186. იტყვის ღ~თო სამართალი: შენნი ჩემთვის რად ამრუდენ჻ მე ეზომნი სიარული: კიდე გლახ რად გამიცუდენ჻ გულით ჩემით სიხარულნი: აფჰხვრენ ჭირნი დააბუდენ჻ დღეთა ჩემთა ცრემლნი ჩემნი: ვერათოდეს დავიყუდენ჻

187. კულაცა იტყვის დათმობა სჯობს: და თავსავე ეუბნების჻ დღეთა მეტად ნუ მოკუდები: გული ჩემი ნუ დადნების჻ უღთოდ ვერას ვერ მოვაწევ: ცრემლი ცუდად მედინების჻ განგებასა ვერვინ შესცვლის: არ საქმნელი არ იქმნების჻

188. თავს უთხრა მოჰკვე გიჯობს: სიცოცხლეს აუგიანსა჻ მიხვალ დაგხვდების თინათინ: ანათებს დღესა მზიანსა჻ გკითხოს მის ყმისა ამბავი: რა გმართებს ვაგლახიანსა჻ იგონებს წამწამ მიყვების: ტყის პირსა შამბნარ წყლიანსა჻

189. ყოვლნი არსნი ცათ ქუეშე ერთობ სრულად მამივლიან჻ მაგრამ საქმე იმ კაცისა: ვერა სადა შემიგნიან჻ უღონიოდ მართალ იყუნეს: რომელთაცა ქაჯად თქვიან჻ აწ ტირილი არას მარგებს: ცუდად ცრემლნი რასა მდიან჻

190. მთით ჩამოვიდა ავთანდილ: გავლო წყალი და ტყენია჻ მინდორს აცორვებს ტაიჭსა: შეჟღრენით მონაწყენია჻ გასცუდებოდეს მკლავნი და: მისი სიამაყენია჻ ბროლისა ველსა სტურფობდეს: გიშრისა მუნ საყენია჻

191. მობრუნება დააპირა: სულთქნა მერმე ივაგლახა჻ მას მინდორსა დაემართა: გზა თვალითა გამოსახა჻ თვესა ერთსა სულიერი: კაცი არსად არ ენახა჻ მჴეცნი იყვნეს საშინელნი: მაგრა არა შეუზახა჻

192. თუცა მჴეცქმნილი ავთანდილ: გულამოსკვნით და კუნესითა჻ ეგრეცა ჭამა მოუნდის: ადამის ტომთა წესითა჻ ისრითა მოკლის ნადირი: როსტომის მკლავუგრძესითა჻ შამბისა პირსა გარდახდა: ცეცხლი დააგზო კვესითა჻

193. ცხენსა მისცა საძოვარი: ვირე მწვადი შეიწოდეს჻ ექუსნი რამე ცხენოსანნი: ნახა მისკენ მოდიოდეს჻ თქუა თუ გუანან მეკობრეთა: თვარა კარგი რამც იცოდეს჻ აქა კაცი ჴორციელი: კვლა ყოფილა არაოდეს჻

194. ჴელთა ჰქონდა მშვილდი ისარი: მათკენ მივა მხიარული჻ ორთა კაცთა წვეროსანთა: ყმა მოჰყვანდა უწვერული჻ თავსა იყო დაკოდილი: შეებნიდა სისხლსა გული჻ ტიროდეს და იჭიროდეს: ცოტა ედგა მას გლახ სული჻