ვეფხისტყაოსანი 1712, 1939 წ.

275. ქალმან კულავ ჰკადრა გაგსაჯე: მეტითა შეგონებითა჻ მაგრა თუ კაცი მოგგვარო: მოგყვეს თავისა ნებითა჻ იგი გიახლოს ილხენდე: მისითა შემეცნებითა჻ ჰფიცე არ მოჰკლა არ იყო: არ სავნებლისა ვნებითა჻

276. მან უბრძანა თუ მაჩვენებ: ვნახავ, დიდად გავიხარებ჻ სიყუარულმან მისმან ვისთვის: ხელი მინდორს თავსა ვარებ჻ არას ვუზამ უგემურსა: არათ ოდეს გავამწარებ჻ რაცა ჩემგან იამების: ვაამებ და შევიყვარებ჻

277. ქალი ადგა და წავიდა: მის ყმისა მოსაყვანებლად჻ არ ეწყინაო უამბობს: არს მისად მაგულვანებლად჻ ჴელი მოჰკიდა მოჰყვანდა: ვით მთვარე მოსავანებლად჻ იგი რა ნახა ტარიელ: თქვა მზისა დასადარებლად჻

278. გამოეგება ტარიელ: მართებს ორთავე მზე დარად჻ ანუ ცით მთვარე უღრუბლოდ: შუქთა მოფენდეს ქვე ბარად჻ რომე მათთანა ალვისა: ხეცა ვარგიყოს ხედ არად჻ გვანდეს შვიდთავე მნათობთა: სხვადმცა რისა ვჰთქვი მე დარად჻

279. მათ აკოცეს ერთმანერთსა: უცხოობით არ დარიდეს჻ ვარდსა ჴლეჩდეს ბაგეთაგან: კბილნი თეთრნი გამოსჭვირდეს჻ ყელი ყელსა გადააჭუდეს: ერთმანერთსა აუტირდეს჻ ქარვად შექნეს იაგუნდი: მათნი თუცა ლალად ღირდეს჻

280. მობრუნდა ყმამან ავთანდილს: ჴელი შეუპყრა ჴელითა჻ ერთგან დასხდეს და იტირეს: დიდხან ცრემლითა ცხელითა჻ ასმათი სულსა უღებდა: სიტყვითა საკვირველითა჻ თავთა ნუ დახოცთ ნუ ბნელ იქთ: მზესა თქვენისა ბნელითა჻

281. ტარიელის ვარდი იყო: დათრთვილული არ დაზრული჻ ყმასა უთხრა მესწრაფების: მითხარ შენი დაფარული჻ ვინ ხარ ანუ სით მოსულხარ: სადაური სით მოსრული჻ მე სიკვდილსა აღარ ვახსოვ: ვარ მისგანცა გაწირული჻

282. ავთანდილ გასცა პასუხი: სიტყვები ლამაზებია჻ ლომო და გმირო ტარიელ: ვის თავი გინაზებია჻ მე ვარ არაბი არაბეთს: არს ჩემი დარბაზებია჻ მიჯნურობითა დამწვარვარ: ცეცხლი უშრეტი მგზებია჻

283. მე პატრონისა ჩემისა: ასული შემყვარებია჻ თვით მეფედ მათად მას ხედვენ: მონები მკლავ მაგრებია჻ თუცა არ მიცნობ გინახავ: თავი ვით გიაზრებია჻ გახსოვსცა ოდეს დაჰჴოცე: მონები მკლავ მაგრებია჻

284. შენ მინდორს გნახეთ გაჭრილი: ჩვენ ზედა გარდგეკიდენით჻ პატრონი ჩემი გაგიწყრა: ჩვენ ჴაფად წაგეკიდენით჻ გიჴმეთ არ მოხველ ლაშქარნი: უკანა გამოგკიდენით჻ შენ ველნი წითლად შეღებენ: სრულად სისხლისა კი დენით჻

285. ყველაკასა მათრახითა: თავი უჴრმლოდ გარდაკვეთეთ჻ მეფე შეჯდა დაგვეკარგე: კვალი შენი ვერ მოვჰკუეთე჻ ვითა ქაჯი დაიმალე: მონებიცა დავაფეთეთ჻ ამან უფრო დაგვაშმაგა: თავი სრულად გავაშეთეთ჻

286. ჭმუნვა შეექმნა თქვენც იცით: ჴელმწიფე ნებიერია჻ მოგნახეს გძებნეს ყოველგან: მათ რუკა დაუწერია჻ ვერ ნახეს შენი ნახული: ვერცა ყმა ვერცა ბერია჻ აწ გამომგზავნა რომელსა: ვერ მზე ჰგავს ვერ ეთერია჻

287. მიბრძანა მიცან ამბავი: მის მზისა წარჴდომილისა჻ მაშინ ვარ მქმნელი საქმისა: მის შენგან მონდომილისა჻ სამ წლამდის მითხრა დადენა: უმისოდ ცრემლთა მილისა჻ არ გიკვირს გავძელ ვერ ჭვრეტა: მისისა მე ღიმილისა჻

288. აქანამდის მნახავიცა: კაცი შენი არ მენახა჻ ქურდნი ვნახენ რომე თქვენთვის: სიტყვა რამე გაემკვახა჻ მათრახითა ჩამოგეგდო: ერთი მკვდართა დაგესახა჻ მათ მასწავლეს ძმა რომელსა: სულ მობრძავი სამე გლახა჻

289. ტარიელსცა აეხსენა: ომი მათი მაშინდელი჻ იტყვის მაჴსოვს ეგე საქმე: თუცა არის ადრინდელი჻ ერთგან გნახენ ნადირობას: შენ და შენი მე გამზრდელი჻ მით ვჰტიროდი მამეგონა: მე გლახ ჩემი წამწყმედელი჻

290. რას მაქნევდით, რა გინდოდათ: ერთმანერთსა რითა ვგვანდით჻ თქვენ მორჭმულნი თამაშობდით: ჩვენ მტირალნი ღაწვთა ვბანდით჻ რა მონანი მამწიენით: შესაპყრობლად დაგულვანდით჻ აწ ვეჭვ რომ ჩემად ნაცვლად: თანა მკუდართა მიიტანდით჻

291. მოვიხედე მომეწია: რა პატრონი შენი ვნახე჻ ჴელმწიფობით შემებრალნეს: ამად ჴელი არ შევახე჻ თვალთა წინა გამოვექეც: მეტი არა შევუზრახე჻ ჩემი ცხენი უჩინოსა: გავს და სხვამცა რად ვასახე჻

292. კაცმან ვერ ასწრას თვალისა: დაფახვა დაწამწამება჻ მას გავექცევი ვისგანცა: ჩემი არას ვსცნა ამება჻ მათ თურქთა მიღმა გამეგო: მე არას არ შეწამება჻ ავად შვენოდა მორევნა: და ჩემი დათამამება჻

293. აწ ვაშად მოხველ მიამა: ნახვა შენისა პირისა჻ ტანად სარო და პირად მზე: მამაცად მგზავსი გმირისა჻ მაგრა გარჯილხარ არა ხარ: გარდაუხდელი ჭირისა჻ ძნელია პოვნა კაცისა: ღ~მრთვ ზეცით განაწირისა჻

294. ავთანდილ უთხრა ვით მაქებ: საქები ბრძენთა ენისა჻ მაგისად ნაცვლად რამცა ვიყავ: ღირსი ქებისა თქვენისა჻ სახე ხარ მზისა ერთისა: ზეცით მნათისა ზენისა჻ რადგან ვერ შეგცვლის პატიჟი: ეგზომთა ცრემლთა დენისა჻