ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

20. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.

21. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან; ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართ მასვე ჰბაძავენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

22. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერმიხვდომისა წყენითა; ზოგსა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა.

23. მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს, მართ ვითა მზეობა, სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა. ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა.

24. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გარევთ ერთმანერთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

25. ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა - უში, გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში; მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაში–მტლუში.

26. ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა, დღეს ერთი უნდეს, ხვალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა; ესე მღერასა ბედითსა ჰგავს, ვაჟთა ყმაწვილობასა. კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა.

27. არს პირველი მიჯნურობა არდაჩენა ჭირთა, მალვა, თავისწინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა, შორით ბნედა, შორით კვდომა, შორით დაგვა, შორით ალვა, დათმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში, კრძალვა.

28. ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად ჰაიჰაიზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს.

29. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჩივნოს? ამის მეტი რამცა ირგო: მას ავნოს და თვითცა ივნოს. რათამეღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს? რა გავა, თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს!

30. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა: ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარი, მისთვის წყლულსა?! თუ არ უყვარს, რად არა სძულს? რად აყივნებს, რაცა სძულსა?! ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა შვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურად ოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, სჯობს, თუ კაცსა ეახლების.

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარმრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტოდ ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული; მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

34. მისი სახელი — თინათინ, არს ესე საცოდნარია! რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია. მეფემან უხმნა ვაზირნი, თვით ზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

35. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წახდების, სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა; მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსვჭვრეტთ, ღამესა ჩვენ უმთვაროსა.

36. “მე გარდასრულ ვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?! ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

37. ვაზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანეთ თქვენი ბერობა? ვარდი თუ გახმეს, ეგრეცა გვმართებს მისივე ჯერობა: მისივე მეტობს ყვავილსა სული და ტურფა ფერობა. მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმან ვითამცა ჰკადრა მტერობა?!

38. “მაგას ნუ ჰბრაძანებთ, მეფეო, ჯერთ ვარდი არ დაგჭნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ხმდა განაღამცა საქმნელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია: სჯობს და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია!