ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1560. ტარიელ ჰგვანდის ვარდსა და იყვის ფიფქისა მთოველად. ავთანდილ როსტანს წინაშე გაგზავნა დასათხოველად, შესთვალა: “შენი სიახლე კმა ჩემად ლხინად ყოველად, მტერთა აქვს ჩემი სამეფო, ვიცი მუნ შიგან მძოველად.

1561. “უცებნი მოსრნის მცოდნელთა ცოდნამან, ხელოვნებამან. ვეჭვ, მოგცეს თქვენცა დაღრეჯა ჩემმან რასაცა ვნებამან; წავიდე, ავი არ მიყოს მე აქა დაყოვნებამან, ადრე კვლა გნახნე მორჭმულნი, ინებოს ღმრთისა ნებამან”.

1562. როსტევან ეთქვა: “მეფეო, რად ხართ რასაცა რიდითა? რაცა გიჯობდეს, იქმოდეთ, გასჭვრეტდით, გაიცდიდითა, ავთანდილ თანა წამოგყვეს,წადით ლაშქრითა დიდითა. თქვენთა მტერთა და ორგულთა დაჰფრეწდით, და-ცა-სჭრიდითა."

1563. ავთანდილ უთხრა ტარიელს ესე სიტყვები ორები. მან უთხრა: “გაე, ნუ უბნობ, შეცევ ბროლისა ყორები, ახალ შერთულსა მთვარესა, მზეო, ვით მოეშორები?” ავთანდილ უთხრა: “მაგითა შენგან არ მოვიღორები.

1564. “არ დია გინდა დამაგდო, წახვიდე ჩემად მზრახავად! “ცოლი უყვარსო, გამწირა”, იყო ამისად მსახავად; მე დავრჩე შენი გაყრილი თავისა მევაგლახავად? კაცსა მოყვრისა გაწირვა, ახ, მოუხდების, ახ ავად!"

1565. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთა ფრქვევასა; უბრძანა: “ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა; რათგან გწადიან, წამომყევ, დამწამებ ნურას თნევასა”. ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მის თანა წვევსა.

1566. შეყარნა სპანი არაბეთს, აღარა ხანსა ზმულია, კაცი ოთხმოცი ათასი, ყველაი დაკაზმულია. კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია. არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნავღელ-ჭმულია.

1567. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე, დობილნი, ერთმანერთისა დად-ფიცნი, სიტყვისა გამონდობილნი, მკერდითა მკერდსა შეკრულნი, ყელითა გარდაჭდობილნი, ტიროდეს; მათთა მჭვრეტელთა გულნი - მცა ესხნეს წრთობილნი.

1568. მთვარე ცისკრისა ვარსკვლავსა რა თანა-შეესწოროსა, ორნივე სწორად ნათობენ, მოჰშორდეს, მოეშოროსა; არა თუ იგი მოჰშორდეს, მართ ცამან მოაშოროსა, მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან, ხამს, თავი იქედგოროსა.

1569. მათთავე სახედ, რომელსა ესენი დაუბადიან, იგივე გაჰყრის, სიშორე არა თუ ნებით სწადიან, ვარდსა სწებვენ და აპობენ, ტირან და ცრემლნი ჩასდიან. მათთა გამყრელთა ყოველთა სიცოცხლე არ იქადიან.

1570. ნესტან-დარეჯან თქვა: “ნეტა - მც ყოლა არ შემოგმცნებოდი, მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავბნდებოდი. ამბავსა სცნევდი, მაცნევდი, წიგნითა მეუბნებოდი, ვითა მე შენთვის დამწვარ ვარ, აგრევ შენ ჩემთვის სდნებოდი”.

1571. თინათინ უთხრა: “ჰე მზეო, შენთა მჭვრეტელთა ლხინებო, რად - მცა გაგწირე, თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო! ღმრთისაგან დღეთა თხოვისა ნაცვლად სიკვდილი ვინებო, აგრემცა მივი, რაზომსა მე ცრემლსა დავიდინებო!”

1572. კვლა აკოცეს ერთმანერთსა, გაიყარნეს იგი ქალნი; ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი; იგი იჭვრეტს უკუღმავე, ედებოდეს ამით ალნი. რომე მწადდეს, ვერ დავწერენ მე სიტყვანი ნაათალნი.

1573. როსტან მათითა გაყრითა ხელთაგან უფრო ხელდების, ათასჯერ იტყვის ვაგლახსა, არ სულთქვმა უერთხელდების, ცხელი სდის წყარო ცრემლისა, მართ ვითა ქვაბი ცხელდების; ტარიელ არის დაღრეჯით, ფიფქი ნასდების, თხელდების.

1574. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით; იტყვის, თუ: “თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით: რათგან მოგშორდი, დავრჩები პატიჟთა გაასოცებით, შენგან მოგვეცა სიცოცხლე, შენგანვე დავიხოცებით”.

1575. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი, გამომსალამე; სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი, მინდორთა სალამე: “მზე შენ გლამისო საომრად და თავი შენ მას ალამე”. უბრძანა: “თქვენთვის მტირალსა ყოლ არად მიჩნდეს სალა მე!”

1576. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა, ტარიელ, ფრიდონ, ავთანდილ თავითა მეტად კარგითა. კაცი ოთხმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა, მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა.

1577. სამ თვე ვლეს, — ღმერთმან მათებრი სხვა ნურა ნუ დაჰბადოსა! მოეგებიან, მტერობა ვერავინ დაიქადოსა! მინდორსა შიგან სადილად გარდახდეს უდილადოსა, ვითა ჰმართებდა, პურობდეს, ღვინოსა სმიდეს, არ დოსა.

1578. ტარიელს და ცოლსა მისსა მიჰხვდა მათი საწადელი — შვიდი ტახტი სახელმწიფო, საშვებელი გაუცდელი. მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი, ყოლა ლხინთა ვერ იამებს კაცი ჭირთა გარდუხდელი.

1579. თვით ორნივე ერთგან მსხდომნი ჰნახნეთ, მზეცა ვერა სჯობდეს; ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს, ქოსნი ხმასა დაატკბობდეს; მისცე კლიტე საჭურჭლეთა, თავთა მათთა მიანდობდეს. “ესეაო მეფე ჩვენი”, — იზახდეს ამას ხმობდეს.