ვეფხისტყაოსანი (H-248), XIX ს.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა მობურთალსა მოედანი მართლად ცემა მარჯვე ქნევა მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა

21. მაშინღა ნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა რა ვეღარ მიხვდეს ქართულსა დაუწყოს ლექსმან ძვირობა არ შეამოკლოს ქართული არა ქნას სიტყვა მცირობა ჴელ მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა იხმაროს დიდი გმირობა

22. მოშაირე არა ჰქვიან თუ სადმე თქვას ერთი ორი თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი განაღა თქვას ერთი ორი უმსგავსო და შორი შორი მაგრა იტყვის ჩემი სჯობსო უცილობლობს ვითა ჯორი

23. მეორე ლექსი ცოტაი ნაწილი მოშაირეთა არ ძალუძს სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა დიდსა ვერ მოჰკვლენ ხელად აქვს ხოცა ნადირთა მცირეთა

24. მესამე ლექსი კარგი არს სანადიმოდ სამღერელად სააშიკოდ სალაღობოდ ამხანაგთა სათრეველად ჩვენ მათიცა გვიამების რაცა ოდენ თქვან ნათელად მოშაირე არა ჰქვიან ვერას იტყვის ვინცა გრძელად

25. ჰხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმუბდეს ერთი უჩნდეს სამიჯნურო ერთსა ვისმე აშიკობდეს ყოველსა მისთჳს ხელოვნობდეს მას აქებდეს მას ამკობდეს მისგან კიდე ნურა უნდა მისთვის ენა მუსიკობდეს

26. ჩემი აწ ცანით ყოველმან მას ვაქებ ვინცა მიქია ესე მიჩნს დიდად სახელად არ თავი გამიქიქია იგია ჩემი სიცოცხლე უწყალო ვითა ჯიქია მისი სახელი შეფრქვევით ქვემორე მითქვამს მიქია

27. ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა ძნელად სათქმელი საჭირო გამოსაგები ენათა იგია საქმე საზეო მომცემი აღმა ფრენათა ვინცა ეცდების თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა

28. ამას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან ენა დაშვრების სმენლისა ხორნიცა დავალდებიან ვთქვენ ხელობანი ქვენანი რომელნი ხორცთა ხვდებიან მართ მასვე ბაძვენ თუ ოდეს არ სიძვენ შორით ბნდებიან

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხდომისა წყენითა ზოგთა აქვსთ საღ~თო სიახლე დაშვრების აღმა ფრენითა ზოგთა კვლავ ქვე უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა

30. მიკვირს კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა ვინცა უყვარს რად აყივნებს მისთვის მკვდარსა მისთვის წყლულსა თუ არ უყვარს რად არა ჰსძულს რად აყივნებს რაცა სძულსა ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა გულსა

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ტირს ტირილსა ემართლების სიარული მარტოობა ჰშვენის გაჭრად დაეთვლების იგონებდეს მისგან კიდე ნურა ოდეს მოეცლების არ დააჩნდეს მიჯნურობა ჰსჯობს თუ კაცსა იახლების

ამბავი პირველი როსტევან არაბთა მეფსა

32. იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმერთისაგან სვიანი მაღალი უხვი მდაბალი ლაშქარ მრავალი ყმიანი მოსამართლე და მოწყალე მორჭმული განგებიანი თვით მეომარი უებრო კვლავ მოუბნარი წყლიანი

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა მართ ოდენ მარტო ასული სოფლისა მნათი მნათობი მზისაცა დასთა დასული მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული გონება და სული ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად დასული

34. მისი სახელი თინათინ არს ესე საცოდნარია რა გაიზარდა გაივსო მზე მისგან საწუნარია მეფემან იხმნა ვეზირნი თვით ჰზის ლაღი და წყნარია გვერდსა დაისხა დაუწყო მათ ამო საუბნარია

35. უბრძანა გკითხავ საქმესა ერთგან სასაუბაროსა რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს დაამჭნაროსა იგი წავა [..] სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა მზე ჩაგვისვენდა ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ უმთვაროსა

36. მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია დღეს არა ხვალე მოვკვდები სოფელი ასრე მქმნელია რაღაა იგი სინათლე რასაცა ახლავს ბნელია ჩემი ძე დავსვათ ჴელმწიფედ ვისგან მზე საწუნელია

37. ვეზირთა ჰკადრეს მეფეო რად ბრძანეთ თქვენი ბერობა ვარდი თუ გახმეს ეგრეცა გვმართებს აზომცა ჯერობა მისივე მეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა მართებს მტერობა

38. ერთობ დაშალეს ვაზირთა მაგრამ ვინ მოუსმინებდა მეფე ლაღი და უკადრი იგი ქნის რაცა ინებდა თინათინ დასუეს ხელმწიფედ ვინ მზესა ითუალწუნებდა ვინ სალსა კლდესა დაადნობს და ცვილსა გაატინებდა