ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1233. “დღე მიიყარა, ხმა გაჰხდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგა ქალაქი, შეიჰქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, და მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი.”

1234. “მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი; დახედენ დარბაჰზის ერთა, შევლენ ისფრითა ღებულნი, და მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლე კლებულნი.

1235. “მის მთვარისა სადაობა კვლავ გიამბო, საქმე კვლაცი. აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე გლახ ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. და კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.

1236. “მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი. ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი; ჩვენ გვიყვარდა ერთმან ერთი, არ მაცვია თუცა ფლასი, და ნეტარძი ვინ სისხლი მისი შემახვრიტოს ერთი თასი!

1237. “ესე ამბავი მასთანა ვთქვი დიაცურად, ხელურად: ჩემსავე მოსლვა მის მზისა და გაპარება მელურად. გამჟღავნებასა მექადდა არ მოყვარულად, მტერულად, და აწ ისრე მკვდარსა ვიგონებ, იშ თავი ვიხსენ მე რულად!

1238. “დამექადდის, რაზომჯერცა წავიკიდნით თავის წინა. ოდეს მეხმე, არ მეგონა მე იმისი ყოფა შინა; მოსრულიყო, მოსლვა ესთქვა შენცა მოხვე, შემეშინა, და ამად გკადრე, ნუ მოხვალო, მოგაგებე მონა წინა.

1239. “აღარ დაბრუნდით, მოხველით, შუქნი თქვენ ჩემთვის არენით; შეიყარენით ორნივე, ჩემ ზედა დაიჯარენით; ამად შევშინდი, ღონენი ვეღარა მოვაგვარენით, და იმას, გლახ, ჩემი სიკვდილი გულითა სწადდა, არ ენით.

1240. “თუმცა ისი არ მოგეკლა, მისრულიყო დარბაზს ვითა, შემასმენდა ჯავრიანი, გული ედვა ცეცხლებრ წვითა; მეფე მწყრალი გარდასწმედდა სახლსა ჩემსა გარდაგვითა, და შვილთა, ღმერთო, დამაჭმევდა, დამქოლვიდა მერმე ქვითა.

1241. “მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს, – მადლსა გკადრებდე მე რასა, – რომელმან დამხსენ მშვიდობით იმა გველისა მზერასა! აწ ამას იქით ვნატრიდე ჩემსა ეტლსა და წერასა, და აღარ ვიშიშვი სიკვდილისა, ჰი, ჰი, ჩავიჭერ მე რასა!”

1242. ავთანდილ უთხრა: “ნუ გეშის, წიგნსაცა აგრე ჰწერია: მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია. არ მიენდობის გულითა, თუ კაცი მეცნიერია, და ნუღარ იშიშვი იმისგან, აწ იგი მკვდართა ფერია.

1243. “იგივე მითხარ, მას აქათ, ქალი გაგგზავნე შენ ოდეს, რაცაღა გეცნას ამბავი, ანუ რა მისი გსმენოდეს”. კვლავ იტყვის ფატმან ტირილით, კვლავ თვალთა ცრემლი სდენოდეს: და “წახდესო შუქნი, რომელნი მზისაებრ ველთა ჰფენოდეს!

ამბავი ნესტან დარეჯანისა ქაჯთაგან შეპყრობისა ფატმანისაგან მბობა ავთანდილთან

1244. ვაჲ, საწუთროო, სიცრუვით თავი სატანას ადარე! შენი ვერავინ ვერა ცნას, შენი სიმუხთლე სად არე; პირი მზისაებრ საჩინო სად უჩინო ჰყავ, სად არე? და მით ვხედავ, ბოლოდ სოფელსა ოხრად ჰსჩანს ყოვლი, სადარე!

1245. ფატმან იტყვის; “მომეშორვა მზე, მნათობი სრულად ხმელთა. სიცოცხლე და სულდგმულობა, მონაგები ჩემთა ხელთა. მას უკანით გაუწყვედლად დება მჭირდის ცეცხლთა ცხელთა, და ვერ გავახმე წყარო ცრემლთა, თვალთა ჩემთა გადმომღვრელთა!

1246. “სახლი და შვილი მომძულდა, ვჯდი უგულოთა გულითა, მას ვიგონებდი მღვიძარე, რა მიმეძინის ლულითა; უსენ, გამტეხი ფიცისა, მიჩნს უსჯულოთა სჯულითა, და ვერ მიმიახლოს საახლოდ კრულმან პირითა კრულითა.

1247. “დღესა ერთსა, საღამოჟამ,ჩასლვა იყო ოდენ მზისა, წავდეგ წინა დარაჯაგთა, კარი მიჩნდა ხანაგისა; ვიგონებდი, სევდა მკლვიდა მისისავე გონებისა, და ვთქვი: კრულია ზენაარი ყოვლისამცა მამაცისა!

1248. “მოვიდა სითმე ღარიბი, მონა მოყვსითა სამითა, მონა მონურად მოსილი, სხვანი მგზავრულად ხამითა; სასმელ-საჭმელი მოიღეს, ქალაქს ნასყიდი დრამითა, და ჰსმიდეს, ჭამდეს და უბნობდეს, ჰსხდეს მხიარულნი ამითა.

1249. “მე უყურებდი, ვუჭვრეტდი სთქვეს: ”ამოდ გავიხარენით, მაგრა ჩვენ აქა მოყვასნი უცხონი შევიყარენით,– არც არა ვიცით, ვინ ვინ ვართ, ანუ სით მოვიარენით, და ჰხამს, ერთმანერთსა ამბავი ჩვენიცა უთხრათ ბარ ენით”.

1250. “მათ სხვათა მათი ამბავი სთქვეს, ვითა მგზავრთა წესია; მონამან უთხრა: “ჰე, ძმანო, განგება რამე ზესია: მე მარგალიტსა მოგიმკი, თქვენ ქვრიმი დაგითესია, და ჩემი ამბავი ამბავთა თქვენთაგან უკეთესია.

1251. “მე ვარო მონა მეფისა მაღლისა, ქაჯთა მფლობლისა. მათ მიხვდა ცემა სენისა, მათისა დამამხობლისა,– მოგვიკვდა შემწე ქვრივისა, შემწყნარებელი ობლისა; და აწ შვილთა მისთა და მისი ზრდის, უკეთესი მშობლისა.