ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

უსენისაგან გამჟღავნება ნესტან დარეჯანისა მეფის წინაშე

1194. “რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდა ღამე დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდლიდგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, ვუძღვნა ძღვენი;” და მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1195. “უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და ლალები. დავედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაჰზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. და კვლავ შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ჴმალები!”

1196. “უსენ მივიდა, ხელმწიფე დახვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა და მეფე მისი მდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი, და აწ ნახეთ მთვრალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსწრობელი.

1197. “რა მეფემან უსენს წინა სვა მრავალი დოსტაქანი, კვლავ შეჰსვეს და კვლავ აივსნეს სხვა ფარჩნი და სხვა ჭიქანი. დაავიწყდეს იგი ფიცნი,– რა მუსაფნი, რა მაქანი! და მართლად თქმულა: “არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი”.

1198. “უთხრა დიდმან ხელმწიფემან უჭკუოსა უსენს, მთრვალსა: “დია მიკვირს, საძღვნოდ ჩვენად სით მოიღებ ამა თვალსა, მარგალიტსა დიდროანსა, უსახოსა ჰპოვებ ლალსა! და ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა”.

1199. “თაყვანი-ჰსცა უსენ, ჰკადრა: “ჰე მაღალო ხელმწიფეო, ზეცით შუქთა მომფენელო, მარჩენალო არსთა, მზეო! რაცა სხვა მაქვს, ვისი არის, ოქრო თუნდა საჭურჭლეო? და დედის მუცლით რა გამომყვა, მბოძებია თქვენგან მეო.

1200. “ამას გკადრებ, თავმან თქვენმან, არა გმართებს მადლი ძღვნისა; სხვა რამე მყავსს სასძლო თქვენი, შესართავი თქვენის ძისა, მას უცილოდ დამიმადლებთ, ოდეს ნახოთ მსგავსი მზისა, და მაშინ მეტად გაამრავლოთ თქვენ ბრძანება ნეტარძისა”.

1201. “რას ვაგრძელებდე, გატეხა ფიცი, სიმტკიცე სჯულისა, უამბო პოვნა ქალისა, მჭვრეტთაგან მზედ სახულისა. მეფესა მეტად ეამა, მიეცა ლხინი გულისა, და უბრძანა დარბაზს მოყვანა, სრულ-ჰქმნა უსენის თქმულისა.

1202. “მე აქა ჩემსა ამოდ ვჯე, მუნამდის არ მიკვნესია. შემოსდგა კარსა მეფისა მონათა უხუცესია, თანა ჰყვა მონა სამოცი, ვით ხელმწიფეთა წესია, და მოვიდეს, დია გავკვირდი, ვთქვი რამე საქმე ზესია.

1203. “მისალამეს, ფატმან, მითხრეს ,ბრძანებაა მზისა სწორთა, დღეს რომელი უსენ შეჰსძღვნა ქალი, მზგავსი მზეთა ორთა, აწ მომგვარე, წავიყვანო ვლა არ გვინდა გზათა შორთა.” და ესე მესმა, დამტყდეს ცანი, რისხვა ღმრთისა ეცა გორთა.

1204. “მე გაჰკვირვებით კვლავ ვკითხე, რა ქალი გინდა, რომელი? მათ მითხრეს,უსენშემოსძღვნა პირი ელვათა მკრთომელი” არას მარგებდა, დაესკვნა დღე ჩემი სულთა-მხდომელი, და ავთრთოლდი, ავდეგ ვეღარა, ვერცა ქვე ვიყავ მჯდომელი.

1205. შეველ, ვნახე იგი ტურფა მტირალად და ცრემლ-დასხმულად, "ვკადრე, მზეო, ბედმან შავმან ვით მიმუხთლა, ჰხედავ რულად; ცა მობრუნდა რისხვით ჩემკე, იავარ მყო, ამფხვრა სრულად, და შემასმინეს, მეფე გითხოვს, ვარ ამისთვის გულ-მოკლულად”.

1206. “მან მითხრა: “დაო, ნუ გიკვირს, ეგე რაზომცა ძნელია,– ბედი უბედო ჩემზედა მიწყივ ავისა მქნელია. კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია! და სხვა და სხვა ჭირი ჩემზედა არ ახალია, ძველია”.

1207. “თვალთა ვითა მარგალიტი გარდმოჰყარა ცრემლი ხშირი; ადგა ასე გულ-უშიშრად, ვეფხვი იყო, ანუ გმირი, ლხინი ლხინად არად უჩნდა, მართ აგრევე ჭირად ჭირი, და მთხოვა, გარე აჯიღითა მოიბურა ტანი, პირი.

1208. “შევე საჭურჭლეს, რომელსა ფასი არ დაედებოდა, თვალ-მარგალიტი ავიღე, რაც ოდენ ამეღებოდა, თვითო და თვითო თვითოსა ქალაქსა ეფასებოდა; და მივე, მას წელთა შევარტყი, შავ-გული ვისთვის ჰკვდებოდა.

1209. “ვარქვი, ჩემო, განღა სადმე გეხმარების ესე გვარი, მათ მონათა ხელთა მივეც იგი პირი მზისა დარი. ჰსცნო მეფემან, მოეგება, ჰკრეს ტაბლაკსა, გახდა ზარი,– და იგი მივა თავ-მოდრეკით წყნარი, არას მოუბარი.

1210. “ზედა მოატყდა მჭვრეტელი, გახდა ზათქი და ზარები; ვერ იჭირვებდეს სარანგნი, მუნ იყო არ სიწყნარები. იგი რა ჰნახა მეფემან, საროსა მზგავსი ნარები, და გაკრთომით უთხრა, ჰე, მზეო, აქა ვით მოიგვარები?

1211. “ვით მზემან, მისნი მჭვრეტელნი შექმნნა თვალისა მფახველად; მეფემან ჰბრძანა: “გამხადა ნახული მე უნახველად; ღმრთისაგან კიდე ვინ იყო კაცი ამისად მსახველად! და ჰმართებს ამისა მიჯნურსა, ხელი თუ რბოდეს ახ ველად!”

1212. “გვერდსა დაისვა, ეუბნა ტკბილითა საუბარითა; “მითხარო, ვინ ხარ, ვისი ხარ, მოსრული ვისთა გვარითა?” მან არა გასცა პასუხი პირითა, მზისა დარითა; და თავ-მოდრეკილი დაღრეჯით ქვე ჰზის ცნობითა წყნარითა.