ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1174. “ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალ-კეცი სტავრა მძიმე, არ სუბუქი. და ცრემლსაჰსეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოჰქრის ბუქი.

1175. “მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირ-მზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით, არ-ვის ვუთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, და ერთი ზანგი ვამსახურე, მე შევიდი, ვნახი ხალვით.

1176. “ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი,დადუმდიო,– წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა; და აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაი ჩემთვის, ვაგლახ მევა!

1177. “შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან მელნისა მორევსა ეყარის გიშრის შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, და შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1178. “ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა,ვინა ხარ, ეგრე გასრული რისაგან,– მჩქებრად სისხლისა ნაკადი მოჰსდის ალვისა ხისაგან,– და მას ხორციელი ვით გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1179. “არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთუნალად მიიდვის და მიწვის მითა, და ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1180. “სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა: ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა,– და სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე ნაჭედისა.

1181. “მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაჰყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ უთხრა, გამამჟღავნებს, დარბაზს მივა ისი ფლიდი”. და ესე მეყო საგონებლად, კვლვ შევიდი,კვლავ გავიდი.

1182. “ვჰსთქვი: “თუ არ უთხრა, რა ვუყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცარა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მოცამკლავს, ვერღარა მომეფარების; და ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების!

1183. “მე, გლახ, მარტომან რა ვუყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა; მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, და სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქმს ფიცისა გაცუდებასა.

1184. “მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ ,გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე. და ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1185. “რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა? მერმე ვუთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: და “მოდი, მომყევ, აქა სადმე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა,

1186. “ადგა, ამყვა და წავედით, შევლენით კარნი სრისანი; უსენ გაჰკვირდა, გაცაკართა, რა შუქნი ნახნა მზისანი; სთქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი? და თუ ხორციელი არისცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1187. “ვთქვი, თუ: “არც არა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; და მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, და ნუ–თუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ჰქმნას დიდი ლმობიერობა”.

1188. “მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალვისა; ვკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქ-ნამკრთალისა, და რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მზგავსი ლალისა?”

1189. “რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა, გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შერაშენდა, და მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1190. “ვერა დავყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხვი-ავაზა პირ-ქუშად ჰზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კვლავცა ვაწყინეთ,– ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, და “არა ვიციო, მიმიშვით!” ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1191. “დავსხედით და მის თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივს ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, და ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1192. “უსენ იტყვის: “ბევრ ათასნი ჭირნი ამან ამიჴოცნეს; ესე ღაწვნი მზისად კმარან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერ მჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, და მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიჴოცნეს!”

1193. “მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით. შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით. ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, და გული ჩვენი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.