ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1213. “არ ისმენდა მეფისასა, რასა გინდა უბრძანებდა; სხვაგან იყო გუ მისი, სხვასა რასმე იგონებდა; ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აღებდა, და მჭვრეტნი მისნი გააკვირვნა, რასამცა ვინ იაზრებდა!

1214. “მეფე ბრძანებს: “რა შევიგნათ, გული ჩვენი რით იხსნების? ამა ორთა კიდეგანთა აზრი არა არ იქმნების: ან ვისიმე მიჯნურია, სიყვარული ეგონების, და მისგან კიდე არვისად ჰსცალს, არცაღა ვის ეუბნების.

1215. “ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი, არცა ლხინი ლხინად უჩანს, არცა ჭირი ზედა-ზედი; ვით ზღაპარი, ასრე ესმის უბედობა, თუნდა ბედი, და სხვაგან არის, სხვაგან ფრინავს, გონება უც, ვითა ტრედი.

1216. “ღმერთმან ჰქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე და მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუ–თუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, და მუნამდის მთვარე შუქ-კრთომით ჰჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1217. “ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა; და მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1218. “მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა; და მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭვირვალისა.

1219. “მეფემან ჰბრძანა: “მოჰკაზმეთ საწოლი უფლის-წულისა”. დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, და მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1220. “უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დასჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად, და სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1221. “გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიჰქმნა მეტად გრძელი, ქალი პირ-მზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიძს ჩემი მკლველი! სადაური სად მოსულ ვარ, ვის მივჰხვდები, ვისთვის ხელი, და რა ვჰქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1222. “კვლავცა იტყვის: “ნუ დავაჭკნობ შვენებასა ვარდთა ფერსა; ვეცადო რას, ნუ–თუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა; სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? და რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1223. “ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმინეთ, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ჰლამის სძლობასა, და ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად გლახ იცემს ნობასა.

1224. “არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, სარო ტანია! სხვასა რას მენუკევთ საქმესა, ჩემნი საქმენი სხვანია, და თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია!

1225. “უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა,– თქვენ დაგჴოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა. ესე სჯობს, მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, და მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1226. “შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირვალი, ერთობ ლალი; მიჰსცა, უთხრა გამომიღეთ, გიაჯები გულ-მხურვალი, და მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ დიდი ვალი.

1227. “მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დაჰვიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა,– და ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.

1228. “რა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღე სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა: შეჰსდის და გაჰსდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, და კვლავ აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1229. “რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი, და დარჩა მთვარე გავსებული, გველისაგან ჩასანთქმელი.

1230. “მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ჰბრძანა. გაველ, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა, და შინა ყოლა არ შემომყვა,რად მაწვეო შემანანა.

1231. “მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა,– მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, და ვირემდის ჰსცნობდეს ხელმწიფე, კაცსა მომწევდეს რბენითა”.

1232. “შეველ ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შევუკაზმე, ზედან შევსვი მხიარული, არ მოკვნესი. ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, და წახდა ჩემი ჭირნახული, ვერ მოვიმკი, რაცა ვთესი.