ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1155. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, და კვლავ დავსხედით გახარებად, მუნებურნი არ ვიყვენით.

1156. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა ჰე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, და ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე თმასა.

1157. “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, და კვლავ დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1158. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდურად, სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რამე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად,– და მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1159. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქცივე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, და მფრინველად ვჰსთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

1160. “მე შორიდამ, ვერათ ვიცან, მომეახლა, იყო ნავი,– ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, და გამოვიდეს, გამიკვირდა იგი უცხო საჰნახავი.

1161. “გამოჰზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედეს, მოიხედეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა; ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; და მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1162. “მით ნავიდაღმე მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, ახადეს, ქალი გარდმოჰხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა,– და მზესა სიტურფით ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1163. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ზესთა ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, და უკმოვიხარჩ კარი ჩემკენ, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1164. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, ჩქარად ნუ მიხვალთ მხლტომელნი, და მოგყიდონ, ფასი მიეცით, რისაცა იყვნენ მდომელნი.

1165. “თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დაჰჴოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, გაჰხდი კარგად, ეცადენით.” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, და დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1166. “მე სარკმელთა გარდავადეგ; რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დაჰჴოცენით!” დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; და ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის-პირს ხანსა არ დაჰზმიდეს.

1167. “რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა ჰმართებს მზესა მზობა; ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ჰქმნა ნახაზობა! და მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1168. ესე სიტყვა დაასრულნა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოჰყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმან ერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი,– და ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1169. მოიტირეს, ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, და ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1170. “ვკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ – პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესე ზომთა, და ას ნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა მისთა მონაწთომთა.

ფატმანისაგან ნესტან დარეჯანისა კითხვა და მეცნიერობის შეტყობის ნდომა

1171. “რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულ ამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთა მოსდის გიშრისა ღარითა; და მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1172. “მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა? ზღაპარი არის ყბედისა,– ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა, და თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა”.

1173. “ვჰსთქვი, უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა, მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა, და რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა.”