ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1101. “თქვენებრთა საპატიოთა მას ჰმართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება; და გამოგება და წაყვანა მას ჰმართებს, თქვენი ქენება.

1102. “ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსლვა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; და წინა კაცსა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ დღისი”.

1103. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, იხარებს, ოფლი მკერდამდის ჩასდიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან, და ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1104. “ვაჭარი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მზგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. და მიმიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1105. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვასრანი, დააყენა ბარგი მათი; შემოვიდა ღაწვი-ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა, სათი, და მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხვსა ტოტი, ლომსა თათი.

1106. ზარი გახდა, შემოაკრფეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით აქათ იჯრებოდეს: “უჭვრიტოთო ამა სრულად”; ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; და მათთა ცოლთა მოიძულვეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.

მისვლა ავთანდილისა ფატმანისას ფატმანის მიერ მიგებება და სიხარული

1107. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულად უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმან ერთი მოიკითხეს, შევიდეს და დაჰჰსხდეს შინა; და ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შევითვატყევ, არ ეწყინა.

1108. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის-მსმელი, და დია ედვა სასალუქო დასაბურავ ჩასაცმელი.

1109. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა სთქვეს თუ “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; და ჰსვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარგა.

1110. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნა, ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”, აჰკიდა, გააწევინა; და და ჰსთქვა :“ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღავნებთ, მე ვინა”.

1111. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; და ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისა ვითა ვისა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება წიგნის მიწერა და გაჰგზავნა

1112. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთეს, რაცა დაესობის, და მით დიაცსა სამალავი არასთანა არ ეთხრობის.

1113. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, და იტყვის: “რა ვჰქმნა, რა მერგების!” აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1114. “მიღმა უთხრა, ვაი თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს, თუ არ ვჰსთქვა, რაგვარ გავსძლებ, ცეცხლი არაუფრო გამიხშირდეს; ვჰსთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს,– და მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს”

1115. დაჰსწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძრველი, შემარხეველი, და უსტარი შესაჰნახავი, არ ცუდათ დასახეველი.

წიგნი ფატმანისა ავთანდილისადმი სამიჯნუროდ მიწერილი

1116. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგჰქმნა მოშორვებულთა ჭირთა, არ ლხინთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად,– და მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1117. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან: ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არა შენზედ ჰკრთებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს და ჩემნიც ჰსჭკნებიან, და სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.