ვეფხისტყაოსანი, 1841 წ.

1082. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნივა სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ, მიწა ცუდი, თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავჴოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულე, რაცა ვსთქვენი; და ნავი სავსე საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1083. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს; ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა ჰხლებოდეს; მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სჰწბებოდეს; და ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ვნებოდეს.

1084. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; და დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1085. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ცვილობა: რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, და რასაცა მოგვცემ, გვიბოძე; გვიქნია აქა ყრილობა”.

1086. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნ! მე რა ვარ, მე, გლახ რა მომილხენია! და რა გინდა მომცეთ, რას ვაქნევ, მე ვარ და ჩემი ცხენია!

1087. “მე თუმცა რამცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქნევ თქვენსა, რად მინდა, ოდენ ვარ თქვენი მხლებელი; და სხვაგან რამე მიძს სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1088. “აწე რაცა აქ ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდათ, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მიაჯეთ სააჯო არ საკრძალავი; და საქმე რამე მიძს თქვენშიგა თავისა დასამალავი.

1089. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა; “თვით თავადია ჩვენი”, ჰსთქვით, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჩუბაჩობასა; და თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა”.

1090. ესე საქმე ქარავანსა გაეხარნეს, მეტად დია, მოვიდეს და თაყვანის სცეს, ჰკადრეს: “ჩვენი იმედია; რაცა აჯა ჩვენ გვმართებდა, იგი თქვენვე გიაჯდია; და მას ვმსახუროთ, ვისი პირი მზისა პირად გაგვიცდია”.

1091. მუნით წავიდეს, იარეს, არ თურე ხანსა ზმიდიან. მიხვდეს ტაროსა ამოსა, ნიადაგ ამოდ ვლიდიან; შეჰფრფინვიდიან ავთანდილს, ქებასა შეასხმიდიან, და მას მარგალიტსა, მას ყმასა კბილთავე ფერსა, ჰსძღვნიდიან.

ამბავი ავთანდილისა გულანშაროს მისლვისა ზღვის პირს რომ გავიდა

1092. ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა. ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი, ფერითა ბევრის ბევრითა, და მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო შენ რითა!

1093. მათ ბაღთა პირსა დააბეს ნავი საბლითა სამითა; ავთანდილ ტანსა ჯუბანი ჩაიცვნა, დასჯდა სკამითა; მოასხნეს კაცნი მზიდავნი, დამიზდებულნი დრამითა; და იგი ყმა ვაჭრობს, თავადობს და თავსა მალავს ამითა.

1094. მოვიდა მისი მებაღე, ბაღსა ეახლნეს რომელსა. მას ყმასა უჭვრეტს შეფრფინვით პირსა, ელვათა მკრთომელსა, ავთანდილ უხმო, ეუბნა კაცსა არ სიტყვა მცთომელსა: და “ვისნი ხართ, ვინ ხართ, რა ჰქვიან მეფესა აქა მჯდომელსა?

1095. “წვრილად მითხარ ყველაკაი”, ყმა მას კაცსა ეუბნების, “რა ლარია უფრო ძვირად, ან იეფად რა იხსნების?” ჰკადრა: “ვხედავ პირსა თქვენსა, მზისა პირად მემეცნების; და რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.

1096. “ესეა ზღვათა სამეფო თვისა ათისა სავლითა, თვით გულანშაროს ქალაქი, სავსე ტურფითა მრავლითა; აქ მოდის ტურფა ყველაი ზღვა-ზღვა ნავითა მავლითა; და მელიქ სურხავი ხელმწიფობს, სრულისვითა და დავლითა.

1097. “აქა მოსლვითა გაყმდების, კაციმცა იყო ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები, ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად ფერები. და ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინა მტერები.

1098. “დიდ ვაჭარნი სარგებელსა ამის მეტსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროთა ყოვლგნით ჰკრეფენ; და უქონელნი წელიწდამდის საქონელსა დაიდებენ.

1099. “მე ვარ მებაღე უსენის, ვაჭართა უხუცესისა, ესეცა გკადრო ამბავი, საქმე მისისა წესისა; თვით ესე ბაღი მისია, სადგომი თქვენი დღესისა,– და პირველ მას ჰმართებს ჩვენება ყოვლისა უტურფესისა.

1100. “რა შემოვლენ დიდ-ვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა ჰსძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესა სეფედ დასხმენ, ფასა მუნვე დაუთვლიან; და მათ მაშინვე ააზატებს, ვითა ჰსწადდეს, დაჰყიდიან.