ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1181. ღმერთმან ქმნას, შინა მოვიდეს ძე ჩემი გამარჯვებული, მე დავახვედრო ესე მზე, და-, მისთვის დამზადებული; მან ათქმევინოს ნუთუ რა, ჩვენცა ვცნათ გაცხადებული, მუნამდის მთვარე შუქკრთომით ჯდეს, მზისა მოშორვებული”.

1182. ხელმწიფისა შვილსა გითხრობ კარგსა ყმასა, გულოვანსა, უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა; მაშინ ლაშქარს წასრულ იყო, მუნ დაჰყოფდა დიდსა ხანსა, მამა მისთვის ამზადებდა მას, მნათობთა დასაგვანსა.

1183. მოიღეს, ტანსა ჩააცვეს შესამოსელი ქალისა, მას ზედა შუქი მრავალი ჩნდა მნათობისა თვალისა, დაადგეს თავსა გვირგვინი ერთობილისა ლალისა, მუნ ვარდსა ფერი აშვენებს ბროლისა გამჭირვალისა.

1184. მეფემან ბრძანა: “მოკაზმეთ საწოლი უფლისწულისა!” დაუდგეს ტახტი ოქროსა, წითლისა მაღრიბულისა; ადგა თვით დიდი ხელმწიფე, პატრონი სრისა სრულისა, მას ზედა დასვა იგი მზე, ლხინი მჭვრეტელთა გულისა.

1185. უბრძანა ცხრათა ხადუმთა დადგომა მცველად კარისად; ხელმწიფე დაჯდა ნადიმად, მსგავსად მათისა გვარისად; უბოძა უსენს უზომო მუქფად მის მზისა დარისად. სცემდეს ბუკსა და ტაბლაკსა მოსამატებლად ზარისად.

1186. გააგრძელეს ნადიმობა, სმა შეიქმნა მეტად გრძელი, ქალი პირმზე ბედსა ეტყვის: “რა ბედი მიც ჩემი მკლველი! სადაური სად მოსრულვარ, ვის მივხვდები, ვისთვის ხელი, რა ვქმნა, რა ვყო, რა მერგების, სიცოცხლე მჭირს მეტად ძნელი!”

1187. კვლაცა იტყვის: “ნუ დავაჭნობ შვენებასა ვარდთა ფერსა, ვეცადო რას, ნუთუ ღმერთმან მომარიოს ჩემსა მტერსა! სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა? რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!”

1188. ხადუმნი უხმნა, უბრძანა: “ისმენდით, მოდით ცნობასა! მოღორებულხართ, დამცთარხართ თქვენ ჩემსა პატრონობასა, დამცთარა თქვენი პატრონი, ჩემსა თუ ლამის სძლობასა, ჩემთვის ბუკსა და ტაბლაკსა ცუდად, გლახ, იცემს, ნობასა.

1189. არ ვარგვარ თქვენად დედოფლად, ჩემი გზა კიდეგანია; მაშოროს ღმერთმან მამაცი, პირად მზე, საროტანია! სხვასა რას მნუკევთ საქმესა? ჩემნი საქმენი სხვანია! თქვენ თანა ჩემი სიცოცხლე არ ჩემი შესაგვანია.

1190. უცილოდ თავსა მოვიკლავ, გულსა დავიცემ დანასა, თქვენ დაგხოცს თქვენი პატრონი, სოფელს ვერ დაჰყოფთ ხანასა; ესე სჯობს: მოგცე საჭურჭლე, მძიმე მარტყია ტანასა, მე გამაპარეთ, გამიშვით, თვარა დავიწყებთ ნანასა”.

1191. შემოიხსნა მარგალიტი, შემოერტყა რაცა თვალი, მოიხადა გვირგვინიცა გამჭვირალი, ერთობ ლალი; მისცა, უთხრა: “გამომიღეთ, გეაჯები გულ-მხურვალი, მე გამიშვით, ღმერთსა თქვენსა მიავალეთ თქვენი ვალი”.

1192. მონათა მიხვდა სიხარბე მის საჭურჭლისა ძვირისა, დავიწყდა შიში მეფისა, ვითა ერთისა გზირისა, გამოპარება დაასკვნეს მის უებროსა პირისა. ნახეთ, თუ ოქრო რასა იქს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა!

1193. ვაჲ ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.

1194. რა ხადუმთა აუსრულეს საქმე მისი საწადელი, ერთმან ტანსა აიხადა, მისცა მისი ჩასაცმელი, სხვანი კარნი გამოარნეს, იჯრებოდა დარბაზს მსმელი. დარჩა მთვარე გველისაგან გავსებული, ჩაუნთქმელი.

1195. მონანიცა გარდიხვეწნეს, გაიპარნეს მასვე თანა. ქალმან კარსა დამირეკა, ფატმანობა ჩემი ბრძანა. გავე, ვიცან, მოვეხვიე, გამიკვირდა, მეცა განა! შინა ყოლა არ შემომყვა: “რად მაწვეო?” შემანანა.

1196. მიბრძანა: “თავი ვიყიდე მოცემულითა შენითა; მუქაფა ღმერთმან შემოგზღოს მოწყალებითა ზენითა! ვეღარ დამმალავ, გამიშვი, ფიცხლად გამგზავნე ცხენითა, სადამდის სცნობდეს ხელმწიფე, კაცთა მომწევდეს რბენითა”.

1197. შევე ფიცხლად საჯინიბოს, ავხსენ ცხენი უკეთესი, შეუკაზმე, ზედა შევსვი მხიარული, არმოკვნესი; ჰგვანდა, ოდეს ლომსა შეჯდეს მზე, მნათობთა უკეთესი, წახდა ჩემი ჭირნახული; ვერ მოვიმკე, რაცა ვსთესი.

1198. დღე მიიყარა, ხმა გახდა, მოვიდა მისი მდევარი, მოიცვეს შიგან ქალაქი, შეიქმნა მოსაწევარი; მე მკითხეს, ვარქვი: “თუ ჰპოვოთ მუნ სახლსა, სადა მე ვარი, მეფეთა ვიყო შემცოდე და მათთა სისხლთა მზღვევარი!”

1199. მონახეს, ვერა შეიგნეს, შეიქცეს დაწბილებულნი, მას აქათ იგლოვს ხელმწიფე და ყოვლნი მისნი ხლებულნი, დახედენ დარბაზის ერთა! შევლენ ისფრითა ღებულნი: მზე მოგვეშორვა, მას აქათ ჩვენ ვართ სინათლეკლებულნი.

1200. მის მთვარისა სადაობა კვლა გიამბო, საქმე კვლაცი; აწ უწინა ესე გითხრა, რას მექადდა ისი კაცი: მე, გლახ, ვიყავ მისი ნეზვი, იგი იყო ჩემი ვაცი. კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი.