ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1260. რომე შენ ქალი გყოლია, მე ძებნად მისვე ქალისად მივლია ყოვლი ქვეყანა, მის მზისა მონაცვალისად; მისთვის გაჭრილი მინახავს, წევს ლომი ფერნამკრთალი სად, გამცუდებელად თავისა, მის გულისა და ძალისად”.

1261. ავთანდილ ფატმანს ყოველი უთხრა ამბავი თავისა, ამბავი ტარიელისა, შემოსა ვეფხის ტყავისა; უბრძანა: “ შენ ხარ წამალი ჯერთ შენგან უნახავისა, ღონე წამწმისა ხშირისა, ყორნის ფრთებრ ნაფუშავისა.

1262. მოდი და, ფატმან, მეწიე, ვეცადნეთ მათსა რგებასა, უშველოთ, იგი მნათობნი ნუთუ მიეცნენ შვებასა; ვინცა სცნობს, კაცი ყველაი ჩვენსა დაიწყებს ქებასა, ნუთუ კვლა მიხვდენ მიჯნურნი ერთმანერთისა ხლებასა.

1263. მომგვარე, ქაჯეთს გავგზავნოთ იგივე მონა გრძნეული, ქალსა ვაცნობოთ ყველაი, ამბავი ჩვენგან ცნეული; მანცა გვაცნობოს მართალი, ვქმნათ მისი გამორჩეული, ღმერთმან ქმნას, ქაჯთა სამეფო მოგესმას ჩვენგან ძლეული!”

1264. ფატმან თქვა: “ღმერთსა დიდება, საქმენი მომხვდეს, მო-, რანი, დღეს რომე მესმნეს ამბავნი, უკვდავებისა სწორანი!” მოჰგვარა მონა გრძნეული, შავი, მართ ვითა ყორანი; უბრძანა: “ ქაჯეთს გაგგზავნი, წა, გზანი გისხენ შორანი!

1265. აწ გამოჩნდების სახმრობა ჩემთვის შენისა გრძნებისა, ფიცხლა დამივსე სახმილი შენ ჩემთა ცეცხლთა გზნებისა, მას მზესა ჰკადრე მიზეზი მისისა განკურნებისა”. მან უთხრა: “ხვალე მოგართვა ყოვლი ამბავი ნებისა”.

წიგნი ფატმანისა ნესტან-დარეჯანის წინაშე მიწერილი

1266. ფატმან სწერს: “აჰა, მნათობო, სოფლისა მზეო ზენაო, შენთა შორს მყოფთა ყოველთა დამწველო, ამაზრზენაო, სიტყვა-მჭევრო და წყლიანო, ტურფაო, ლამაზ-ენაო, ბროლო და ლალო — ოროვე კვლა ერთგან შენათხზენაო!

1267. თუცა თუ შენი ამბავი შენ არა მომასმენიე, მე ეგრეცა ვცან მართალი, მით გულსა მოვალხენიე; შენთვის ხელქმნილსა ტარიელს ამბითა მოალხენიე, ორნივე მიხვდეთ წადილსა, იგი ვარდობდეს,შენ იე.

1268. მოსრულა შენად საძებრად მისი ძმადშეფიცებული, ავთანდილ, მოყმე, არაბი, არაბეთს შიგან ქებული, სპასპეტი როსტენ მეფისა, ვერვისგან დაწუნებული; შენ სწერდი შანსა ამბავსა, ლაღი, ბრძნად გაგონებული.

1269. ჩვენ ამისთვის ესე მონა გამოვგზავნეთ თქვენსა წინა, ვცნათ ამბავი ქაჯეთისა: მოსრულანცა ქაჯნი შინა? მანდაურთა მეომართა ანგარიში წვრილად გვინა: ვინ არიან მცველნი შენნი, ან თავადი მათი ვინა?

1270. რაცა იცი მანდაური, მოგვიწერე, გაამჟღავნე; მერმე შენსა საყვარელსა ნიშანი რა გაუგზავნე! შენი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა გაათავნე, ღმერთსა უნდეს, მოყვარენი შესაფერნი შეგაზავნე!

1271. ფატმან მისცა დაწერილი მას გრძნეულსა ხელოვანსა: “ესე წიგნი მიართვიო ქალსა, მზისა დასაგვანსა!” მან გრძნეულმან მოლი რამე წამოისხა ზედა ტანსა, მასვე წამსა დაიკარგა, გარდაფრინდა ბანისბანსა.

1272. წავიდა, ვითა ისარი კაცისა მშვილდფიცხელისა. რა ქაჯეთს შეხდა, ქმნილ იყო ოდენ ბინდ-ბანდი ბნელისა. უჩინოდ შევლო სიმრავლე მოყმისა, კართა მცველისა, მას მზესა ჰკადრა ამბავი მისისა სასურველისა.

1273. ციხისა კარნი დახშულნი შევლნა მართ ვითა ღიანი, შევიდა ზანგი პირშავი, თმაგრძელი, ტანნაბდიანი; იგი მზე დაჰკრთა, ეგონა სამოსი რამე ზიანი, შეცვალა ვარდი ზაფრანად, ლაჟვარდისფერად — იანი.

1274. ქაჯმან უთხრა: “ვინ გგონივარ, ანუ აგრე რად დაჰბნდები? მე ვარ მონა ფატმანისა, თქვენს წინაშე ნამგზავრები; ამა წიგნმან გამამართლოს, არ ტყუვილად გეუბნები, მზისა შუქნი მოიცადენ, ვარდო, ადრე ნუ დასჭნები!”

1275. პირმზე გაჰკვირდა ფატმანის ამბვითა საკვირველითა, ნუშნი გააპნა, შეიძრნეს სათნი გიშრისა წნელითა. მან იგი წიგნი მონამან მისცა თავისა ხელითა; სულთქვამს, იკითხავს უსტარსა ალტობს ცრემლითა ცხელითა.

1276. მონასა ჰკითხა: “მიამბე, ვინ არის ჩემი მძებნელი? ანუ ვინ მიცის ცოცხალი, მიწასა ზედა მტკებნელი?” მან მოახსენა: “ვიკადრებ, რასცა ოდენ ვარ მცნებელი, რა წამოსრულ ხარ, მას აქათ შენგან ჩვენია მზე ბნელი.

1277. ფატმანის გული მას აქათ ლახვართა შენახევია; მას რომე ცრემლი სდენია, ზღვათაცა შენართევია; მე ერთხელ შენი ამბავი მისთვის კვლა მიმირთმევია, ღმერთსა ვიმოწმებ, მას აქათ ტირილი არ დალევია.

1278. აწ ვინმე მოყმე მოვიდა შვენიერითა პირითა, მან უთხრა წვრილად ყველაი, თქვენ ხართ რათაცა ჭირითა. იგია შენი მძებნელი მკლავითა, ვითა გმირითა; მე გამომგზავნეს, დამვედრეს სწრაფა სწრაფითა ხშირითა”.