ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1102. ესეგვარი დია მიხვდეს სიტყვამცთარსა, ენამეტსა, ხვაშიადთა ვერმმალავსა, უჭკუოსა, შმაგსა, რეტსა; ვაგლახითა მეწიენით, გეტყვი ყოვლსა ჩემსა მჭვრეტსა, მკურნალმანცა ვერა ჰკურნოს თავისისა სისხლის მხვრეტსა.

1103. ორისაგან ერთი ქმენით, ამის მეტსა ნურას ლამით: მო- ვითა- ჰკლავ იმა კაცსა, წადი, მოკალ მალვით ღამით, მე და სრულად სახლი ჩემი დახოცასა დაგვხსენ ამით! მოხვალ, გითხრობ ყველაკასა, მო- ვითა- გითხრა ცრემლთა ლამით.

1104. თვარა ღამითვე ტვირთები შენი წაიღე ვირითა, დააგდე ჩემი მიდამო, სრულად მიკრიფე, მი-, რითა. ვეჭვ, რომე ჩემთა ცოდვათა შენცა აგავსონ ჭირითა, თუ დარბაზს მივა იგი ყმა, შვილთა დამაჭმევს პირითა”.

1105. რა ესე ესმა ავთანდილს ლაღსა, ბუნებაზიარსა, ალგა და ლახტი აიღო, რა ტურფა რამე მხნე არსა! “ამა საქმესა ვერ-ცნობა, — თქვა, — ჩემი სიძუნტე არსა”. ნუ ეჭვ სულდგმულსა, სხვა არცა მისებრი არსა!

1106. ფატმანს უთხრა: “კაცი მომეც მასწავლელად, წინამძღვარად, გზასა მართლად წამიყვანოს, თვარა მეშვლად მინდა არად; იმა კაცსა ვერა ვხედავ მეომრად და ჩემად დარად, რაცა ვუყო, მოგახსენებ, მომიცადე, იყავ წყნარად”.

1107. მას მისცა მონა დიაცმან წინამძღვრად, წა-ცა-მყვანელად, კვლავე შეჰყივლა:”ვინათგან ცეცხლი აწ ცხელი ა ნელად, თუ მო- ვითა- ჰკლა იგი ყმა ჩემად გულისა მფხანელად, ბეჭედი ჩემი აცვია, მას გვედრებ მოსატანელად”.

1108. ავთანდილ გავლო ქალაქი მით უებროთა ტანითა; ზღვის პირსა სახლი ნაგებნი დგეს ქვითა წითელ-მწვანითა, ქვეშეთკენ სრითა ტურფითა, კვლა ზედათ ბანისბანითა, დიდროვანითა ტურფითა, მრავლითა თანისთანითა.

1109. მუნ მიჰყავს პირმზე ავთანდილ მას, მისსა წინამძღომელსა; ხმამდაბლად ჰკადრებს: “ისია სრა მისი, ეძებ რომელსა”. უჩვენებს, ეტყვის: “ხედაო ბანსა ზე და ქვე მდგომელსა? იქი წევს ძილად, იცოდი, ანუ ქვე ჰპოვებ მჯდომელსა”.

1110. კარსა წინა დარაჯანი ორნი უწვეს მას, გლახ, ყმასა. ყმა გავიდა, გაეპარა, დააგდებდეს ვირე ხმასა, თითო ხელი ყელსა მიჰყო, მუნვე მისცა სულთა ხდასა, თავი თავსა შეუტაკა, გაურია ტვინი თმასა.

1111. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელსისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1112. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია, ზღვითკე სარკმლითა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1113. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მითი ასრე ვითა მოიპარა! რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1114. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1115. აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტისმეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარო პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, აწღა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1116. მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

აქა ფატმანისაგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

1117. ,,ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1118. ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედაგვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება მართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1119. ქმარი ჩემი დიდვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა უძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1120. დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.