ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1065. რა შემოვლენ დიდვაჭარნი, მას ნახვენ და ძღვენსა სძღვნიან, უჩვენებენ, რაცა ჰქონდეს, სხვაგან ლარსა ვერ გახსნიან, უტურფესთა სეფედ დასხმენ, ფასსა მუნვე დაუთვლიან; მათ მაშინვე ააზატებს, ვითა სწადდეს, დაჰყიდიან.

1066. თქვენებრთა საბატიოთა მას მართებს გამოსვენება; დამყენებელთა უბრძანებს, ჰმართებდეს ვის დაყენება. აწ იგი აქა არ არის, რას მარგებს მისი ხსენება! გამოგებვა და წაყვანა მას მართებს, თქვენი ქენება.

1067. ფატმან ხათუნ შინა არის, ხათუნი და ცოლი მისი, პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი; მას ვაცნობო მოსვლა თქვენი, წაგიყვანოს ვითა თვისი; წინა კაცთა მოგაგებებს, ქალაქს შეხვალ ნათლივ, დღისი”.

1068. ავთანდილ უთხრა: “წადიო, აგრე ქმენ, რაცა გწადიან”. მებაღე მირბის, ახარებს, ოფლნი ქვე მკრდამდის ჩადიან. ხათუნსა უთხრა ამბავი: “მე ესე დამიქადიან: ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.

1069. ,ვაჭარნი ვინმე პატრონი არს ქარავნისა დიდისა, საროსა მსგავსი ნაზარდი და მთვარე დღისა შვიდისა; ჰშვენის ჯუბა და მოხვევა ძოწეულისა რიდისა. მე მიხმო, მკითხა ამბავი და ნირი ლართა სყიდისა”.

1070. ფატმან ხათუნს გაეხარნეს, გააგება მონა ათი, მოუკაზმნა ქარვანსრანი, დააყენა ბარგი მათი. შემოვიდა ღაწვი ვარდი, ბროლ-ბალახში, მინა-სათი; მისთა მჭვრეტთა დაუსახეს ვეფხსა ტოტი, ლომსა – თათი.

1071. ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: “ვუჭვრიტოთო ამას რულად!” ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულწასრულად: მათთა ცოლთა მოიძულვნეს ქმარნი, დარჩეს გაბასრულად.

1072. ფატმან, ცოლი უსენისი, გაეგება კართა წინა, მხიარულმან უსალამა, სიხარული დაიჩინა; ერთმანერთი მოიკითხეს, შევიდეს და დასხდეს შინა; ფატმან ხათუნს მოსლვა მისი, შე-ვით-ვატყვე, არ ეწყინა.

1073. ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავგრემანი, პირმსუქანი, არ პირხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.

1074. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა-

1075. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნეს; ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”! აჰკიდა, გააწევინა, თქვენ ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამამჟღვნებთ, მე ვინა”.

1076. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

1077. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.

1078. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტისმეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ მალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების?” — აწვიმებდა, ცრემლთა ღვრიდა.

1079. “მიღმა უთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ უთხრა, რაგვარ გავსძლო, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან ვერა ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

წიგნი ფატმანისა ავთანდილთანა სამიჯნურო

1080. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი:

1081. ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინთა, არ ჭირთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩნს, დასაქადებლად.

1082. შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.