ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1279. ქალმან უთხრა: “მემართლების, ყრმაო, შენი ნაუბარი! ფატმან ჩემი რა იცოდა, ვიყავ ვისი წინაგვარი? უღონიოდ არის სადმე ჩემი ცეცხლთა მომდებარი, მე მიუწერ, შენცა ჰკადრე, ვარ ვითამცა გულმდუღარი”.

წიგნი ნესტან-დარეჯანისა ფატმანთანა

1280. პირმზე ვწერ: “აჰა, ხათუნო, დედისა მჯობო დედაო! მისგან ტყვექმნილსა სოფელმან რა მიყო, ამას ხედაო? მე, გლახ, მათ ჩემთა პატიჟთა სხვაცა დამერთო ზედაო, აწ ვნახე შენი უსტარი, მე დიდად მეიმედაო.

1281. შენ ორთა დამხსენ გრძნეულთა, გამიადვილე ჭირები, აწ აქა სრულთა ქაჯთაგან ვარ ასრე დანამჭირები: ერთსა მცავს ერთი სამეფო, ბევრჯერ ათასი გმირები, ავად მომიხდა თათბირი და ჩემი დანაპირები!

1282. სხვად ამბავი აქაური მეტი რამცა მოგიწერე: ქაჯთა მეფე, არ მოსრულა, არცა მოვლენ ქაჯნი ჯერე, მაგრამ სპანი უთვალავნი მცვენ და მათი სიალფე-რე, რასა ჰქვიან ძებნა ჩემი? არ ეგების, დაიჯერე!

1283. ვინცაღა ჩემი მძებნელი მოსრულა, ცუდმაშვრალია, იჭირვის, იწვის, ენთების, ჩემი სწვავს ცეცხლებრ ალია, მაგრა მას ვნატრი, უნახავს მზე, ამად არდამზრალია, უმისოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ბრალია!

1284. შენ ამბავი არ გიამბე, მაშინ ამად დაგიმალე, ვერ იტყოდა ენა ჩემი, თავი ჭირთა გავაკრძალე; გეხვეწები, საყვარელსა შემახვეწე, შემიბრალე, ნუ წამოვა ძებნად ჩემად, მიუწერე, შე-ცა-სთვალე.

1285. მე რომ მჭირს, კმარის, ნუ მომკლავს ამისითავე სწორითა: მას მკვდარსა ვნახავ, მოვკვდები მე სიკვდილითა ორითა. ვერას ვინ მარგებს, დასტურად ვიცი, არ რამე ჭორითა, არ დაგმორჩილდეს, დამქოლე შავისა ქვისა ყორითა.

1286. გეთქვა ნიშნისა გაგზავნა, აწ ესე განამჟღავნია, მისეულთავე რიდეთა ნაკვეთი გამიგზავნია; ესენი ჩემთვის მის გამო ტურფანი სანახავნია, თუცა თუ ფერად ბედისა ჩემისა მსგავსად შავნია”.

წიგნი ნესტან-დარეჯნისა საყვარელთანა მიწერილი

1287. აწ საყვარელსა მიუწერს გულამოსკვნილი მტირალი, მისმანვე ცრემლმან დაუვსის, ვის ედებოდა ვის - ალი! დაწერა წიგნი, მსმენელთა გულისა გასაგმირალი, ვარდი გააპის, გამოჩნდის მუნ ბროლი გამომჭვირვალი.

1288. ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი — ნაღველსა ამონაწები, მე გული შენი ქაღალდად გულსავე ჩემსა ვაწები, გულო, შავგულო, დაბმულხარ, ნუ აეხსნები, აწ ები!

1289. ხედავა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია? რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია. ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია; უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვაჲმე, რა დიდი ძნელია!

1290. ხედავ, ჩემო, ვით გაგვყარნა სოფელმან და ჟამმან კრულმან? ვეღარ გნახე საყვარელი მხიარული მხიარულმან, ნეტარ, რა ქმნას უშენომან, გულმან, შენგან დალახვრულმან! გაგიცხადა დამალული გონებამან დაფარულმან.

1291. შენმან მზემან, აქანამდის შენ ცოცხალ არ მეგონე; ჩემი მეთქვა: გარდასრულდა სიცოცხლე და ყოვლი ღონე”; აწ რა მესმა, შემოქმედი ვადიდე და ღმერთსა ვმონე, ჩემი ყველა აქამდისი ჭირი ლხინსა შევაწონე.

1292. შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად, გულისად ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად! მომიგონებდე, გახსოვდი მე შენთვის დაკარგული სად; ვზი მზრდელად სიყვარულისა მის ჩემგან დანერგულისად.

1293. სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების: ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების. ფატმან წამგვარა გრძნეულთა, ღმერთიმცა მას ეტერების! აწ კვლა ქმნა იგი სოფელმან, რაცა მას შეეფერების.

1294. აწ სოფელმან უარესი ჭირი ჭირსა დამისართა, არ დასჯერდა ბედი ჩემი მათ პატიჟთა მრავალგვართა, კვლაცა მიმცა შესაპყრობლად ქაჯთა, ძნელად საომართა; ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა!

1295. ციხეს ვზი ეგზომ მაღალსა, თვალნი ძლივ შემოსწვდებიან, გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან, დღისით და ღამით მოყმენი ნობათსა არ დასცდებიან, მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.

1296. ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა?! ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამისგან უარესითა; შენ მკვდარსა გნახავ, დავიწვი, ვითა აბედი კვესითა; მოგშორდი, დამთმე გულითა, კლდისაცა უმაგრესითა!