ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1141. ვით გიამბო საკვირველი მე, გლახ, მისი ყოფა-ქცევა, დღე და ღამე გაუწყვედლად ტირილი და ცრემლთა ფრქვევა! შევეხვეწი: “დადუმდიო”, წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა. აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ, ჰაჲჰაჲ ჩემთვის, ვაგლახ მე, ვა!

1142. შინა შევიდი, მას წინა ედგის ცრემლისა გუბები, შიგან სისხლისა მორევსა ეყრდნის გიშრისა შუბები, მელნისა ტბათათ იღვრების სავსე სათისა რუბები, შუა ძოწსა და აყიყსა სჭვირს მარგალიტი ტყუბები.

1143. ჟამი ვერ ვპოვე კითხვისა ნიადაგ ცრემლთა ღვრისაგან, თუმცა მეკითხა: “ვინ ხარ და ეგრე გასრული - რისაგან?” მჩქეფრად სისხლისა ნაკადი მოსდის ალვისა ხისაგან, მას ხორციელი რა გასძლებს სხვა, კიდეგანი ქვისაგან!

1144. არად უნდის საბურავი, არცა წოლა საგებლითა, მიწყივ იყვის რიდითა და მით ერთითა ყაბაჩითა, მკლავი მისი სასთაულად მიიდვის და მიწვის მითა, ძლივ ვაჭამი ცოტა რამე ათასითა შეხვეწითა.

1145. სხვა გიამბო საკვირველი რიდისა და ყაბაჩისა; ვარ მნახავი ყოვლისავე უცხოსა და ძვირფასისა, მაგრა მისი არა ვიცი, ქმნილი იყო რაგვარ რისა: სილბო ჰქონდა ნაქსოვისა და სიმტკიცე — ნაჭედისა.

1146. მან ტურფამან სახლსა ჩემსა ეგრე დაყო ხანი დიდი; ვერ გავანდევ ქმარსა ჩემსა, შესმენისა მქონდა რიდი; ვთქვი: “თუ ვუთხრობ, ვიცი, დარბაზს გამამჟღავნებს,ისი ფლიდი”. ესე მეყო საგონებლად, კვლა შევიდი, კვლა გავიდი.

1147. ვთქვი: “თუ არ უთხრა, რა უყო, ჩემგან რა მოეგვარების? არცა რა ვიცი, რა უნდა, რა ვისგან მოეხმარების; ქმარი რა მიგრძნობს, მო-ცა-მკლავს, ვეღარა მომეფარების; ვითა დავმალო ნათელი, ვინ მზესა დაედარების?!

1148. მე, გლახ, მარტომან რა უყო, მიმატებს ცეცხლთა დებასა! მო და გავანდო, ნუ შევალ უსენის შეცოდებასა; არ გამამჟღავნოს, ვაფიცო, თუ მომცემს იმედებასა, სულსა ვერ წასწყმედს, ვერა იქს ფიცისა გაცუდებასა.

1149. მივე მარტო, ქმარსა ჩემსა ველაღობე, ველაციცე, მერმე უთხარ: “გითხრობ რასმე, მაგრა პირველ შემომფიცე, არვის უთხრა სულიერსა, საფიცარი მომეც მტკიცე”. ფიცი ფიცა საშინელი: “თავიცაო კლდეთა ვიცე!

1150. რაცა მითხრა, სიკვდილამდის არვის უთხრა სულიერსა, არა ბერსა, არა ყმასა, მოყვარესა, არცა მტერსა”. მერე უთხარ ყველაკაი უსენს, კაცსა ლმობიერსა: “მოდი, მომყევ, აქა სამე, მო, გიჩვენებ მზისა ფერსა”.

1151. ადგა, ამყვა და წავედით, შევვლენით კარნი სრისანი. უსენ გაჰკვირდა, გა-ცა-კრთა, რა შუქნი ნახნა მზისანი; თქვა: “რა მიჩვენე, რა ვნახე, რანია, ნეტარ, რისანი?! თუ ხორციელი არისმცა, თვალნიმცა მრისხვენ ღმრთისანი!”

1152. ვთქვი, თუ: “არცა რა მე ვიცი ამისი ხორციელობა, რაცა არ გითხარ, მის მეტი არა მაქვს მეცნიერობა; მე და შენ ვჰკითხოთ, ვინ არის, ვისგან სჭირს ისი ხელობა, ნუთუ რა გვითხრას, ვეაჯნეთ, ქმნას დიდი ლმობიერობა”.

1153. მივედით, გვქონდა ორთავე კრძალვა მისისა კრძალისა; ვჰკადრეთ, თუ: “მზეო, სახმილი გვედების შენგან ალისა, გვითხარ, რა არის წამალი მთვარისა შუქნამკრთალისა? რას შეუქმნიხარ ზაფრანად შენ, ფერად მსგავსი ლალისა?”

1154. რაცა ვჰკითხეთ, არა ვიცი, ესმა, ანუ არ ისმენდა: ვარდი ერთგან შეეწება, მარგალიტსა არ აჩენდა; გველნი მოშლით მოეკეცნეს, ბაღი შეღმა შე-რე-შენდა, მზე ვეშაპსა დაებნელა, ზედა რადმცა გაგვითენდა!

1155. ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა: ვეფხი-ავაზა პირქუშად ზის, წყრომა ვერ უგრძენითა. კვლაცა ვაწყინეთ, ატირდა მჩქეფრად ცრემლისა დენითა, “არა ვიციო, მიმიშვით!”, ეს ოდენ გვითხრა ენითა.

1156. დავსხედით და მას თანავე ვიტირეთ და ცრემლი ვლამეთ, რაცა გვეთქვა, შევინანეთ, სხვამცა რაღა შევიწამეთ! ძლივ ვეაჯეთ დადუმება, დავადუმეთ, დავაამეთ, ჩვენ მივართვით ხილი რამე, მაგრა ვერა ვერ ვაჭამეთ.

1157. უსენ იტყვის: “ბევრათასნი ჭირნი ამან ამიხოცნეს; ესე ღაწვნი მზისად ხმანან, კაცთაგანმცა ვით იკოცნეს! უმართლეა, ვერმჭვრეტელმან თუ პატიჟნი იასოცნეს, მე თუ შვილნი მირჩევნიან, ღმერთმან იგი დამიხოცნეს!”

1158. მას უჭვრიტეთ დიდი ხანი, წამოვედით სულთქმით, ახით; შეყრა გვიჩნდის სიხარულად, გაყრა დიდად ვივაგლახით; ვაჭრობისა საქმისაგან მოვიცალით, იგი ვნახით, გულნი ჩვენნი გაუშვებლად დაეტყვევნეს მისით მახით.

1159. რა გარდახდა ხანი რამე, გამოვიდეს ღამე-დღენი, უსენ მითხრა: “არ მინახავს ძოღანდითგან მეფე ჩვენი. მივაზირებ, წავალ, ვნახავ, უდარბაზო, უძღვნა ძღვენი”. მოვახსენე: “დია, ღმერთო, ბრძანებაა ეგე თქვენი!”

1160. უსენ ტაბაკსა დააწყო მარგალიტი და თვალები. დავვედრე: “დარბაზს დაგხვდების დარბაზის ერი მთრვალები; ამა ქალისა ამბავსა, მომკალ, თუ არ ეკრძალები”. კვლა შემომფიცა: “არ ვიტყვი, თავსაცა მეცეს ხრმალები!”