ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1297. შენ, საყვარელო, ნუ სჭმუნავ ჭმუნვითა ამისთანითა; ჩემი სთქვა, სხვათა მიხვდების იგი ალვისა ტანითა. არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა; ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა.

1298. შენმან მზემან, უშენოსა არვის მიხვდეს მთვარე შენი, შენმან მზემან, ვერვის მიხვდეს, მო-ცა-ვიდენ სამნი მზენი! აქათ თავსა გარდავიქცევ, ახლოს მახლვან დიდნი კლდენი, სული ჩემი შეივედრე, ზეცით მომხვდენ ნუთუ ფრთენი.

1299. ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა; მომცნეს ფრთენი და ავფრინდე, მივხვდე მას ჩემსა ნდომასა, დღისით და ღამით ვხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა.

1300. მზე უშენოდ ვერ იქნების, რათგან შენ ხარ მისი წილი, განაღამცა მას ეახელ მისი ეტლი, არ თუ წბილი! მუნა გნახო, მანდვე გსახო, განმინათლო გული ჩრდილი; თუ სიცოცხლე მწარე მქონდა, სიკვდილიმცა მქონდა ტკბილი!

1301. მე სიკვდილი აღარ მიმძიმს, შემოგვედრებ რათგან სულსა, მაგრა შენი სიყვარული ჩავიტანე, ჩამრჩა გულსა; მომეგონოს მოშორვება, მემატების წყლული წყლულსა; ნუცა მტირ და ნუცა მიგლოვ, ჩემო, ჩემსა სიყვარულსა!

1302. წადი, ინდოეთს მიმართე, არგე რა ჩემსა მშობელსა, მტერთაგან შეიწრებულსა, ყოვლგნით ხელაუპყრობელსა, გულსა ალხინე ჩემისა მოშორვებისა მთმობელსა, მომიგონებდი მტირალსა, შენთვის ცრემლშეუშრობელსა!

1303. რაცა ვიჩივლე ბედისა ჩემისა, კმა საჩივარად; ცან, სამართალი მართალი გულისა გულსა მივა რად; შენთვის მოვკვდები, გავხდები ყორანთა დასახივარად, ვირე ცოცხალ ვარ, გეყოფი სატირლად და სატკივარად.

1304. აჰა, ინიშნე ნიშანი შენეულისა რიდისა! გარდმიკვეთია ალამი, ჩემო, ერთისა კიდისა, ესეღა დაგრჩეს სანაცვლოდ მის იმედისა დიდისა, რისხვით მობრუნდა ბორბალი ჩვენზედა ცისა შვიდისა."

1305. ესე წიგნი, საყვარელსა მისსა თანა მინაწერი, რა დაწერა, გარდაჰკვეთა მათ რიდეთა ერთი წვერი. თავ-მოხდილსა დაუშვენდა სისხო, სიგრძე, თმათა ფერი. ალვისაგან სული მოქრის, ყორნის ფრთათათ მონაბერი.

1306. იგი მონა წამოვიდა, გულანშაროს მიმავალი, წამ ერთ მიხდა ფატმანისას, დღე იარა არმრავალი. რა ავთანდილს გაუსრულდა საქმე მისი სასურვალი, ხელაპყრობით ღმერთსა მადლობს ცნობასრული, არა მთრვალი.

1307. ფატმანს უთხრა: “გამისრულდა ჟამად საქმე საწადელი, დიდი შენი მოჭირვება ჩემგან არის გარდუხდელი, წავალ, დგომად აღარა მცალს, დრო მოსრულა შარშანდელი, ფიცხლა ქაჯეთს მოვიყვანო მათი მომსპობ-ამწყვედელი”.

1308. ხათუნმან უთხრა: “ჰე, ლომო, ცეცხლი აწ უფრო ცხელდების, მოეშორვების ნათელსა, გული ამისთვის ბნელდების; ისწრაფე, ჩემი ნუ გაგვა, ხელი ეგრეცა ხელდების, თუ ქაჯნი მოგესწრებიან, მუნ მისლვა გაგიძნელდების”.

1309. ყმამან ფრიდონის მონანი უხმნა, მას თანა ხლებულნი; უბრძანა: “მკვდარნი აქამდის, აწღა ვართ დაცოცხლებულნი, რაცა გვინდოდა, მისითა სმენითა გაახლებულნი, ჩვენთა მტერთანი გიჩვენნე წყლულნი მით ვაგლახვებულნი!

1310. მიდით და ფრიდონს უამბეთ ამბავი არნაცქაფავი; მე ვერა ვნახავ, ვისწრაფი, გზა ჩემი არს ნასწრაფავი. მან გაახაფოს ხმა ხაფი, კვლა უფრო გასახაფავი, თქვენ მოგცე ლარი ყველაი მე, ჩემი ნაალაფავი.

1311. ჩემსა ზედა დიდი არის ვალი, თქვენგან დანადები; მადლსა სხვაებრ გარდავიხდი, თუღა ფრიდონს შევეყრები; აწ წაიღეთ ყველაკაი, მეკობრეთა წანაღები, ამის მეტსა ვერას მოგცემ, ვიცი ამად გეძუნწები.

1312. სახლი არ მახლავს, არ ძალმაქვს გაცემა საბოძვარისა” მისცა მართ სავსე ხომალდი, რიცხვი ტურფათა ჯარისა, უბრძანა: “წადით, წაიღეთ, გზა წავლეთ მისვე არისა, ფრიდონს მიართვით უსტარი ჩემგან, ძმადნაფიცარისა”.

წიგნი ავთანდილისა ფრიდონთანა მიწერილი

1313. დაწერა: “ფრიდონ მაღალო, სვესრულო მეფეთმეფეო, ლომისა მსგავსო ძალ-გულად, მზეო შუქმოიეფეო, მოვლენილო და მორჭმულო, მტერთა სისხლისა მჩქეფეო, უმცროსმან ძმამან შორიშორ სალამი დავიყეფეო!

1314. ჭირნი ვნახენ და მო-ცა-მხვდა ნაცვალი ჭირნახულისა, კარგა მოხდომა საქმისა ჩემისა გაზრახულისა; მიცნია მართლად ამბავი პირისა მზედ სახულისა, დამარჩენელი ლომისა მის, ქვესკნელს დამარხულისა.

1315. იგი მზე ქაჯთა მეფესა ჰყავს, ქაჯეთს პატიმარია. მუნ მისლვა მიმიჩს თამაშად, თუმცა გზა საომარია. ნარგისთათ წვიმა ბროლისა წვიმს, ვარდი ნაწვიმარია, ჯერთ ქალსა ქაჯნი არ ახლვან, მაგრა სპა უამარია.