ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1083. ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან, სრულად გავჰყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1084. მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს, სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

1085. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი. ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი; თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, რომე მიმიჩნს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!”

1086. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყოველი მოკლეა მით ოხერია. რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1087. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა-ა; რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა, რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვამცა რა ისმინა!”

1088. ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა, მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1089. თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განაღა რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1090. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; მით რაცა მინდა, არა მაქვს, რაცა მაქვს , არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანის პასუხად მიწერილი

1091. მიუწერა: “წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება; შენცა გინდა, მეცა მინდა გაუწყვედლად შენი ხლება, შეყრა არის პირიანი, ორთავეა რათგან ნება”.

1092. ფატმანისსა ვერ გიამბობ, მოემატა რა სიამე! მიუწერა: “კმარის, რაცა უშენომან ცრემლი ვლამე, აწ ვიქმნები თავისწინა, აქა მპოვე მარტო სამე, მომისწრაფე შეყრა შენი, რა შეღამდეს, მოდი ღამე”.

1093. მას ღამითვე საწვეველი რა მიართვეს წიგნი ყმასა, შეღამდა და წა-ცა-ვიდა, სხვა ემთხვია მონა გზასა: “ამას ღამე ნუ მოხვალო, ვერა მპოვებ შენთვის მზასა”. მას ეწყინა, არ დაბრუნდა, თქვა თუ: “ჰგავსო ეგე რასა?”

1094. წვეული აღარ დაბრუნდა, კვლა ზევე უკუწვევითა. ფატმან ზის წყენით, შევიდა ავთანდილ მარტოხე ვითა, დიაცსა წყენა შეატყო, ნახა შესლვითა, შე-, ვითა, ვერ დაიჩინა შიშითა და მისითავე თნევითა.

1095. ერთგან დასხდეს და დაიწყეს კოცნა, ლაღობა წყლიანი; შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტანნაკვთიანი, შემოვლო ახლოს, შემოჰყვა მონა ხრმალდარაკიანი, დაჰკრთა, რა ნახა ავთანდილ: ,, ჰგავსო, თუ გზაა კლდიანი.”

1096. ფატმან რა ნახა, შეშინდა, ძრწის და მიეცა ძრწოლასა. მან გაკვირვებით უჭვრიტა მათსა ლაღობა-წოლასა; უთხრა: “არ გიშლი, დიაცო, ფერთა მი და მო კრთოლასა. გამითენდების, განანებ მაგა მოყმისა ყოლასა!

1097. გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად: მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად; დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!”

1098. ესე თქვა და კაცმან წვერთა მოიზიდნა, გავლნა კარნი. ფატმან შექმნა თავსა ცემა, ღაწვნი ესხნეს ნახოკარნი; ცრემლთა მისთა შეეყარნეს, წყაროსაებრ ისმნეს წკარნი; თქვა: “დამქოლეთ, მოდით, ქვითა, მომადეგით მომაკარნი.

1099. მოსთქვამს: “მოვკალ, ჰაჲჰაჲ, ქმარი, ამოვწყვიდენ წვრილნი შვილნი, იავარვყავ საქონელი, უსახონი თვალნი თლილნი, გავეყარე საყვარელთა, ვაჲ, გამზრდელნი, ვაჲ გაზრდილნი! ბოლოდ ვექმენ სახლსა ჩემსა, სიტყვანია ჩემნი წბილნი”.

1100. ამას ყველასა ავთანდილ ისმენდა გაცბუნვებული; უბრძანა: “რა გჭირს, რას იტყვი, რასთვის ხარ აგრე ვებული? რას დაგექადა იგი ყმა, რა ნახა შენგან კლებული? დადუმდი, მითხარ, ვინ იყო, ანუ რად საქმედ რებული?”

1101. დიაცმან უთხრა: ”ჰე, ლომო, ხელი ვარ ცრემლთა დენითა, ნურას ნუ მკითხავ ამბავსა, ვერცა რას გითხრობ ენითა; დავხოცენ შვილნი ხელითა, მით ვარ აღარას ლხენითა. თავი მოვიკალ უთმინოდ სიყვარულითა შენითა.