ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1316. გულმხიარული ვიხარებ, ამად არ ცრემლი მმილდების, სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების; რაცა მოგინდეს, უცილოდ იქთ, იგი არ აგცილდების, არ თურე კაცმან დაგიდგნეს, ვეჭვ, კლდეცა გაგიცვილდების.

1317. აწ შემინდევ, ვერა გნახე, შორს ამისთვის წაგიარე, გზა-გზა ყოვნად აღარა მცალს, პატიმრად-ა იგი მთვარე; ადრე მოვალთ მხიარულნი, ჩვენი ნახვა, გაიხარე, ამის მეტი რაღა გკადრო, ძმასა ძმურად მოეხმარე.

1318. ამა მონათა ჩემზედა გარდაუხდელი გულია: ამოდ მმსახურეს, თქვენიმცა გული ამათთვის სრულია! ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხანდაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.”

1319. ესე უსტარი დაწერა, შეკრა და წა-ცა-ხვია მან, მისცა ფრიდონის მონათა ვარდმან და თმითა იამან; შესთვალა ზეპირ, რაცა ხმდა სრულად, მართ ვითა გიამან, მათ მარგალიტი უჩვენის ძოწისა კარმან ღიამან.

1320. მონახა, პოვა ავთანდილ ნავი მისისა მხარისა, გამოემართა იგი მზე, პირითა მსგავსი მთვარისა, მაგრა დაგდება უმძიმდა ფატმანის გულმწუხარისა; მისთა გამყრელთა ნაკადი ჩასდის სისხლისა ღვარისა.

1321. ფატმან, უსან და მონანი ტირან ცრემლითა ცხელითა, იტყვიან: “მზეო, რა გვიყავ? დაგვწვენ ცეცხლითა მწველითა! რად დაგვაბნელენ შენისა მოშორვებისა ბნელითა, და-ცა-გვმარხენო ხელითა ჩვენითა დამმარხველითა?” წასვლა ავთანდილისა გულანშაროთ და ტარიელის შეყრა

1322. გამოვლნა ზღვანი ავთანდილ მგზავრითა რითმე ნავითა, პირმხიარული აცორვებს მართ ოდენ მარტო თავითა; მას შეყრა ტარიელისა უხარის მით ამბავითა, ხელგანპყრობილი გულითა არს ღმრთისა საესავითა.

1323. მოწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნით ამოსვლა მწვანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი, დრო მათის პაემანისა, ეტლის ცვალება მზისაგან, შეჯდომა სარატანისა, სულთქვნა, რა ნახა ყვავილი მან, უნახავმან ხანისა.

1324. აგრგვინდა ცა და ღრუბელნი, ცროდეს ბროლისა ცვარითა; ვარდთა აკოცა ბაგითა, მითვე ვარდისა დარითა; უბრძანა: ”გიჭვრეტ თვალითა, გულტკბილად შემხედვარითა, მისად სანაცვლოდ მოვილხენ თქვენთანა საუბარითა”.

1325. რა მოეგონის მოყვარე, სდინდიან ცრემლნი მწარენი, ტარიელისკენ იარნა მან გზანი საწყინარენი, უდაბურნი და უგზონი, უცხონი რამე არენი, სადაცა ნახნის, დახოცნის ლომ-ვეფხნი მოშამბნარენი.

1326. ქვაბნი გამოჩნდეს, ეამა, იცნა, თქვა: “იგი კლდენია, სადაა, ჩემი მოყვარე და ვისთვის ცრემლი მდენია; ღირს ვარმცა, ვნახო პირისპირ, უამბო რაცა მსმენია, არ მოსრულ იყოს, რაღა ვქმნა, ცუდ ჩემი განავლენია!”

1327. თუ მოსრულა, უღონიოდ შინა ხანსა არ დაზმიდა, მინდორს სადმე წავიდოდა, მხეცისაებრ ველთა ვლიდა; სჯობს, თუ შამბ-შამბ წავიარო”, — იგონებდა, იხედვიდა, ესე თქვა და მიუქცია, მინდორთაკენ წამოვიდა.

1328. მიაცორვებს და იმღერის მხიარულითა გულითა, მართ სახელდებით უყივის ხმითა მით სიხარულითა. ცოტაი წავლო, გამოჩნდა მზე სინათლითა სრულითა: შამბისა პირსა ტარიელ დგა ხრმლითა მომახულითა.

1329. ტარიელს ლომი მოეკლა, მით ხრმალსა სისხლი სცხებოდა; შამბისა პირსა ქვეითი დგა, ცხენი არა ხლებოდა; ყივილი ავთანდილისა ესმოდა, ეოცებოდა, შეხედნა, იცნა, გაიქცა, მისკე მირბოდა, ხლტებოდა.

1330. ხრმალი გატყორცა ტარიელ, მიმართა მისსა ძმობილსა. ყმა ცხენისაგან გარდიჭრა, ჰგვანდა ეტლისა სწრობილსა. მათ ერთმანერთსა აკოცეს, ჰგვანან ყელგარდაჭდობილსა, ხმა შაქრისფერად გაუხდა ვარდსა, ხშირ-ხშირად პობილსა.

1331. ტარიელ მოთქვა ტირილით სიტყვა ნატიფი, მჭევრები: — სისხლისა ღვარმან შეღება წითლად გიშრისა ტევრები, ალვასა წყარო ცრემლისა მორწყავს, ნაკადი ბევრები, — “რათგან შენ გნახე, რა მგამა, პატიჟი მჭირდეს მე რვები!”

1332. ტარიელ ტირს და ავთანდილ სიცილით ეუბნებოდა; გაღიმდის, ძოწი გააპის, კბილთაგან ელვა ჰკრთებოდა; ეტყოდა: “ვცანო ამბავი, შენ რომე გეამებოდა, აწ გაახლდების ყვავილი, ვარდი აქამდის ჭნებოდა”.

1333. ტარიელ უთხრა: “ჰე ძმაო, კმარის, დღეს რაცა მლხენია, ყოველი ჩემი სალხინო მინახავს, — ნახვა შენია; სხვად ნუ ყოს ღმერთმან წამალი, არცა რა მოგისმენია: კაცმანმცა სოფელს ვით პოვა, რაცა რა საქმე ზენია!”

1334. რა ტარიელ არ შესჯერდა, ავთანდილცა არ დასწყნარდა, მის ამბისა დაყოვნება ვეღარ გასძლო, აუჩქარდა, გამოიღო რიდე მისი, ვინ ბაგეთა ვარდი ვარდა. რა ტარიელ ნახა, იცნა, გამოუღო, შემოვარდა.

1335. წიგნი და კიდე რიდისა იცნა და გა-ცა-შალა მან, პირსა დაიდვა, დაეცა, ვარდმან ფერითა მკრთალამან, სულნი გაექცეს, მოდრიკა თავი გიშრისა ტალამან. მისნი ვერ გასძლნეს პატიჟნი ვერ კაენ, ვერცა სალამან.