ვეფხისტყაოსანი, 1988 წ.

1121. ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, — მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

1122. იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1123. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან უმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რადმე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1124. უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მემცა რასა!

1125. მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1126. გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინ - ა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულღებული ვიყავ შინა.

1127. მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1128. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხაშ კარი, ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1129. მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, უჩვენე: “ხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.

1130. თუ არ მოგცენ, ნუღა მისცემთ, წაჰგვარეთ და დახოცენით, მოიყვანეთ ისი მთვარე, ქმენით კარგად, ეცადენით!” ჩემნი ყმანი ზედადაღმა ჩაეპარნეს, ვითა ფრენით, დაევაჭრნეს, არ მოჰყიდეს, შავნი ვნახენ მეტად წყენით.

1131. მე სარკმელთა გარდავადეგ. რა შევიგენ, არ მოჰყიდეს, შევუზახენ: “დახოცენით!”, დაიპყრნეს და თავსა სჭრიდეს; იგი ზღვასა შეასრივნეს, შემოადგეს ქალსა, სცვიდეს; ჩავეგებე, გამოვჰგვარე, ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს.

1132. რა გიამბო ქება მისი, რა სიტურფე, რა ნაზობა! ვფიცავ, რომე იგი მზეა, არა მართებს მზესა მზობა! ვინ გაიცდის შუქთა მისთა, ვინმცა ვით ქმნა ნახაზობა! მე თუ დამწვავს, აჰა მზა ვარ, არღა უნდა ამას მზობა!”

1133. ესე სიტყვა დაასრულა, ფატმან იკრნა პირსა ხელნი; ავთანდილსცა აეტირნეს, გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი; ერთმანერთი დაავიწყდა, მისთვის გახდეს ვითა ხელნი, ღვარმან, ზედათ მონადენმან, გააწყალნა ფიფქნი თხელნი.

1134. მოიტირეს. ყმამან უთხრა: “ნუღარ გასწყვედ, გაასრულე”. ფატმან იტყვის: “მივეგებე, გული მისთვის ვაერთგულე, გარდვუკოცნე ყოვლი ასო, თავი ამად მოვაძულე, ზედა დავსვი ტახტსა ჩემსა, შევეკვეთე, გავესულე.

1135. “ვჰკადრე: “მითხარ, ვინ ხარ, მზეო, ანუ შვილი ვისთა ტომთა? იმა ზანგთა სით მოჰყვანდი შენ, პატრონი ცისა ხომთა?” მან პასუხი არა მითხრა მე სიტყვათა ესეზომთა, ასნაკეცი წყარო ვნახე ცრემლთა, მისთა მონაწთომთა.

1136. რა მივაჭირვე კითხვითა, მეტითა საუბარითა, გულამოხვინჩვით ატირდა მით რამე ხმითა წყნარითა; ბროლ-ლალსა ღვარი ნარგისთათ მოსდის გიშრისა ღარითა; მისი მჭვრეტელი დავიწვი, გავხე გულითა მკვდარითა.

1137. მითხრა: “შენ ჩემთვის, დედაო, ხარ უმჯობესი დედისა, რას აქნევ ჩემსა ამბავსა, ზღაპარი არის ყბედისა! ღარიბი ვინმე, შემსწრობი ვარ უბედოსა ბედისა; თუ რაცა მკითხო, ძალიმცა გიგმია არსთა მხედისა!”

1138. ვთქვი: “უჟამოდ არ წესია მოყვანა და მზისა ხმობა: მომყვანელი გაშმაგდების და წაუვა ერთობ ცნობა; ხმობა უნდა ჟამიერად, სააჯოსა ყოვლსა თხრობა. რად არ ვიცი ამა მზისა საუბრისა უჟამობა?”

1139. ავიყვანე იგი პირ-მზე ნაქები და ვერ ვთქვი უქი; სურვილმან და მზემან მისმან, ძლივ დავმალე მისი შუქი, ჩამოვჰბურე მრავალკეცი სტავრა მძიმე, არსუბუქი; ცრემლსა სეტყვს და ვარდსა აზრობს, წამწამთაგან მოქრის ბუქი.

1140. მოვიყვანე შინა ჩემსა იგი პირმზე ტანით ალვით, მოვუკაზმე სახლი ერთი, შიგან დავსვი მეტად მალვით; არვის უთხარ სულიერსა, შევინახე ფარვით, კრძალვით, ერთი ზანგი ვამსახურე; მე შევიდი, ვნახი ხალვით.