... (S-1727), 1837 წ.

1115. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან: უმასპინძლე ამოდ დურად჻ სმასა ზედა უმიზეზოდ: გავჴე რამე უგემურად჻ რა შემატყვეს გაიყარა: სხდომილ იყო რაცა პურად჻ მარტო დავრჩი სევდა რამე: შემომექცა გულსა მურად჻

1116. უკმოვახვენ სარკმელნი და: შევაქცივე პირი ზღვასა჻ ვიხედვიდი ვიქარვებდი: კაეშნისა ჩემგან ზრდასა჻ შორს ამიჩნდა ცოტა რამე: მოცურვედა შიგან ზღვასა჻ ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად: სხვას ვამზგავსე მემცა რასა჻

1117. მე შორიდამ ვერად ვიცან: მამეახლა იყო ნავი჻ ორთა კაცთა ტანად შავთა: თვით პირიცა ედგა შავი჻ იქით აქეთ მოსდგომოდეს: ახლოს უჩნდა ოდენ თავი჻ გამოიღეს გამიკვირდეს: იგი უცხო სანახავი჻

1118. გამოზიდნეს იგი ნავი: გამოიღეს ბაღსა წინა჻ მიიხედნეს მოიხედნეს: ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა჻ ვერა ნახეს სულიერი: ვერცა რამან შეაშინა჻ მე იდუმალ ვიხედვიდი: სულ ღებული ვიყავ შინა჻

1119. მით ნავიდაღმან მათ რომე: გარდმოსვეს კიდობანითა჻ აჰჴადეს ქალი გარდმოჴდა: უცხოთა რათმე ტანითა჻ თავსა რიდითა შავითა: ქვეშეთ მოსილი მწვანითა჻ მზესა სიტურფით ეყოფის: იყოს მისითა გვანითა჻

1120. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ: შემოადგეს სხივნი კლდესა჻ ღაწვთა მისთა ელვარება: ელვარებდა ჴმელთა ზესა჻ დავიწუხენ თვალნი ყოლა: ვერ შევადგენ ვითა მზესა჻ უკუ მოვიხარჩ კარი ჩემკენ: მათი ჭვრეტა ვერა ცნესა჻

1121. მოვიხმენ ოთხნი მონანი: ჩემსა წინაშე მდგომელნი჻ უჩვენე ხედავთ ინდოთა: ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი჻ ჩაეპარენით ჩადითო: წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი჻ მოგყიდონ ფასი მიეცით: რისაცა იყვონ მდომელნი჻

1122. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ: წაგვარეთ და დახოცენით჻ მოიყვანეთ ისი მთვარე: ჰქენით კარგად ეცადენით჻ ჩემნი ყმანი ზედა დაღმან: ჩაეპარნეს ვითა ფრენით჻ დაევაჭრეს არ მოჰყიდეს: შავნი ვნახენ მეტად წყენით჻

1123. მე სარკმელთა გარდავადეგ: რა შევიგენ არ მოჰყიდეს჻ შეუზახენ დახოცენით: დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს჻ იგი ზღვასა შეასრივნეს: შემოადგეს ქალსა სცვიდეს჻ ჩავეგებე გამოვგვარე: ზღვის პირს ხანსა არ ზმიდეს჻

1124. რა გიამბო ქება მისი: რა სიტურფე რა ნაზობა჻ ვფიცავ რომე იგი მზეა: არა მართებს მზესა მზობა჻ ვინ გაიცდის შუქთა მისთა: ვინმცა ვით ქნას ნახაზობა჻ მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ: არღა უნდა ამას მზობა჻

1125. ესე სიტყვა დაასრულა: ფატმან იკრნა პირსა ჴელნი჻ ავთანდილსცა აეტირნეს: გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი჻ ერთმანერთი დაავიწყდეს: მისთვის გაჴდეს ვითა ჴელნი჻ ღვარმან ზედათ მონადენმან: გააწყალნა ფიფქნი თხელნი჻

1126. მოიტირეს ყმამან უთხრა: ნუღარ გასწყვედ გაასრულე჻ ფატმან იტყვის მივეგებე: გული მისთვის ვაერდგულე჻ გარდუკოცნე ყოვლი ასო: თავი ამად მოვაძულე჻ ზედან დავსვი ტახტსა ჩემსა: შევეკვეთე გავესულე჻

1127. ვკადრე ვინ ხარ მითხარ მზეო: ანუ შვილი ვისთა ტომთა჻ ამა ზანგთა სით მოჰყვანდი: შენ პატრონი ცისა ხომთა჻ მან პასუხი არა მითხრა: მე სიტყვათა ესე ზომთა჻ ას ნაკეცი წყარო ვნახე: ცრემლთა მისთა მონაწთომთა჻

1128. რა მივაჭირვე კითხვითა: მეტითა საუბარითა჻ გულ ამოჴორსკვნით ატირდა: მით რამე ხმითა წყნარითა჻ ბროლ ლალსა ღვარი ნარგისთა: მოსდის გიშრისა ღარითა჻ მისი მჭვრეტელი დავიწვი: გავჴე გულითა მკვდარითა჻

1129. მითხრა შენ ჩემთვის დედაო: ხარ უმჯობესი დედისა჻ რას აქნევ ჩემსა ამბავსა: ზღაპარი არის ყბედისა჻ ღარიბი ვინმე შემსწრობი: ვარ უბედოსა ბედისა჻ თუ რაცა მკითხო ძალიმცა: გიგმია არსთა მხედისა჻

1130. ვთქვი უჟამოდ არ წესია: მოყვანა და მზისა ხმობა჻ მომყვანელი გაშმაგდების: და წაუა ერთობ ცნობა჻ ჴმობა უნდა ჟამიერად: სააჯოსა ყოვლსა თხრობა჻ რად არ ვიცი ამა მზისა: საუბრისა უჟამობა჻

1131. ავიყვანე იგი პირმზე: ნაქები და ვერ ვთქვი უქი჻ ჩამოვბურე მრავალ კეცი: სტავრა მძიმე არ სუბუქი჻ სურვილმან და მზემან მისმან: ძლივ დავმალი მისი შუქი჻ ცრემლსა სეტყუს და ვარდსა აზრობს: წამწამთაგან მოქრის ბუქი჻

1132. მოვიყვანე შინა ჩემსა: იგი პირმზე ტანით ალვით჻ მოუკაზმე სახლი ერთი: შიგან დავსვი მეტად მალვით჻ არვის უთხარ სულიერსა: შევინახე ფარვით კრძალვით჻ ერთი ზანგი ვამსახურე: მე შევიდი ვნახი ხალვით჻

1133. ვით გიამბო საკვირველი: მე გლახ მისი ყოფა ქცევა჻ დღე და ღამე გაუწყვედლად: ტირილი და ცრემლთა ფრქვევა჻ შევეხვეწი დადუმდიო: წამ ერთ ჰქონდის ჩემი თნევა჻ აწ უმისოდ ვით ცოცხალ ვარ: ჰაი ჩემთვის ვაგლახ მე ვა჻

1134. შინა შევიდი მას წინა: ედგის ცრემლისა გუბები჻ შიგან მელნისა მორევსა: ეყრდნის გიშრის შუბები჻ ნილოსის ტბათათ იღვრების: სავსე სათისა რუბები჻ შუა ძოწსა და აყიყსა: ჭვირს მარგალიტი ტყუბები჻