... (S-1727), 1837 წ.

79. იგი მინდორი დალივეს: მართ მათგან განარბენია჻ ნადირნი ტყესა შეესწრეს: სადა ვერა რბის ცხენია჻ მინდორსა იქით წყალი დის: და წყლისა პირსა კლდენია჻ იგი მაშვრალნი ორნივე: მოსწყდეს რაზომცა მხნენია჻

80. ერთმანერთსა თუ მე გჯობო: სიცილით ეუბნებოდეს჻ ამხანაგობდეს ლაღობდეს: იქით და აქათ დგებოდეს჻ მერმე მოვიდეს მონანი: რომელნი უკან ჰყვებოდეს჻ უბრძანეს თქვითო მართალი: ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს჻

81. მონათა ჰკადრეს მართალსა: გკადრებთ და ნუ გემცდარებით჻ მეფეო ყოლა ვერ ვიტყვით: შენსა მაგისა დარებით჻ აწეცა დაგვჴოც ტყუილად: ვერათ ვერ მოგეჴმარებით჻ ვისგან ნაკრავნი გვინახავნ: მხეცნი ვერ წაღმა წარებით჻

82. ორთავე ერთგან მოკლული: ყველაი ასჯერ ოცია჻ მაგრა ავთანდილს ოცითა: უფროსი დაუხოცია჻ არ დასცდომია არც ერთი: რაზომი შეუტყორცია჻ თქუჱნი მრავალი მიწითა: დასვრილი დაგვიხოცია჻

83. მეფესა ესე ამბავი: უჩანს ვითა მღერა ნარდისა჻ უხარის ეგრე სიკეთე: მისისა განაზარდისა჻ აქვს სიყვარული ამისი: ვითა ბულბულსა ვარდისა჻ სიცილით ლაღობს მიეცა: გულით ამოსლვა დარდისა჻

84. იგი ორნივე საგრილად: გარდახდეს ძირსა ხეთასა჻ ლაშქართა შექნეს მოდენა: მოდგეს უფროსი ბზეთასა჻ ახლოს უდგს მონა თორმეტი: უმჴნესი სხვათა მხნეთასა჻ თამაშობდეს და უჭვრეტდეს: წყალსა და პირსა ხევთასა჻

ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა჻

85. ნახეს უცხო მოყმე ვინმე: ჯდა მტირალი წყლისა პირსა჻ შავი ცხენი სადავითა: ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა჻ ხშირად ესხა მარგალიტი: ლაგამ აბჯარ უნაგირსა჻ ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა: გულსა მდუღრად ანატირსა჻

86. მას ტანსა კაბა ემოსა: გარე თმა ვეფხის ტყავისა჻ ვეფხის ტყავისა ქუდივე: იყო სარქმელი თავისა჻ ჴელთა ნაჭედი მათრახი: ჰქონდა უმსხოსი მკლავისა჻ ნახეს და ნახვა მოუნდა: უცხოსა სანახავისა჻

87. მოვიდა მონა საუბრად: მის ყმისა გულ მდუღარისად჻ თავ ჩამოგდებით მტირლისა: არ ჭვრეტთა მოლიზღარისად჻ მუნვე წვიმს წვიმა ბროლისა: ჰგია გიშრისა ღარისად჻ ახლოს მივიდა მოსცალდა: სიტყვის თქმა აღარისად჻

88. ვერა ჰკადრა საუბარი: მონა მეტად შეუზარდა჻ დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით: თუმცა გული გაუმაგარდა჻ მოახსენა გიბრძანებსო: ახლოს მიდგა დაუწყნარდა჻ იგი ტირს და არა ესმის: მისგან გაუუმეცარდა჻

89. მის მონისა არა ესმა სიტყვა: არცა ნაუბარი჻ მათ ლაშქართა ზახილისა: იყო ერთობ უგრძნობარი჻ უცხოდ რადმე ამოსკვნიდა: გული ცეცხლთა ნადებარი჻ ცრემლსა სისხლი ერეოდა: გაზდის ვითა ნაგუბარი჻

90. სხვაგან ქნის მისი გონება: მისმან თავისა წონამან჻ ესე მეფისა ბრძანება: ერთხელ კვლავ ჰკადრა მონამან჻ არცა დააგდო ტირილი: არცარა გაიგონა მან჻ არცა გახლიჩა ბაგეთათ: თავი ვარდისა კონამან჻

91. რა პასუხი არა გასცა: მონა გარე შემობრუნდა჻ როსტენს ჰკადრა შემიგტყვია: იმას თქვენი არა უნდა჻ თვალნი მზეებრ გამირეტდეს: გული უფრო შემიძრწუნდა჻ ვერ ვასმინე საუბარი: მით დავჰყოვნე ხანი მუნ და჻

92. მეფე გაჰკვირდა გაცაწყრა: გული უცს მისთჳს მწყრომარე჻ გაგზავნა მონა თორმეტი: მისი წინაშე მდგომარე჻ უბრძანა ჴელთა აიღეთ: აბჯარი თქვენ საომარე჻ მიდით და აქა მამგუარეთ: ვინ არის იქი მჯდომარე჻

93. მონანი მიდგეს მივიდეს: გახდა აბჯრისა ჩხარია჻ მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა: ტირს მეტად გულ მდუღარია჻ თვალნი მოავლნა ყოველგან: ნახა ლაშქართა ჯარია჻ ერთხელ ესე თქვა ვაიმეო: სხვად არას მოუბარია჻

94. თვალთა ჴელი უკუივლო: ცრემლნი ცხელნი მოიხოცა჻ ხრმალ კაპარჭი მოიმაგრა: მკლავნი გაიმამაცურნა჻ ცხენსა შეჯდა მონათამცა: საუბარნი რად იყურნა჻ სხვასა მხარსა გაემართა: მათი ჭირნი არა განჰკურნა჻

95. მონათა ჴელი გამართეს: მის ყმისა შესაპყრობელად჻ მან გლახ იგინი დახადნა: მტერთაცა საწყალობლად჻ ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა: თავის ჴელ აუპყრობელად჻ ზოგსა გადაჰკრის მათრახი: მკერდამდის გასაპობელად჻

96. მეფე გაწყრა გაგულისდა: მონანიცა შეუზახნა჻ მან მდევართა მიწევნამდის: არ უჭვრიტა არცა ნახნა჻ რაზომნიცა მიეწივნეს: ყოვლნი მკვდართა დაასახნა჻ კაცნი კაცსა შემოსტყორცნა: როსტან ამად ივაგლახნა჻

97. შესხდეს მეფე და ავთანდილ: მის ყმისა მისაწეველად჻ იგი ლაღი და უკადრი: მივა ტანისა მრხეველად჻ ტაიჭი მიუქს მერანსა: მიეფინების მზე ველად჻ შეიგნა მისვლა მეფისა: მისად უკანა მდეველად჻