... (A-530), XIX ს.

79. ერთმანერთსა თუ მე გჯობო, სიცილით ეუბნებოდეს ამხანაგობდეს ლაღობდეს, იქით და აქეთ ჰსდგებოდეს მერმე მოვიდეს მონანი, რომელნი თანა ხლებოდეს უბრძანა ჰსთქვითო მართალი, ჩვენ თქვენგან არ გვეთნებოდეს

80. მონათა ჰკადრეს მართალსა, გკადრებთ და ნუ გემცდარებით მეფეო ყოლე ვერ ვიტყვით, შენსა მაგისა დარებით აწვეცა დაგვხოც ტყუილად, ვერათ ვერ მოგეხმარებით ვისგან ნაკრავნი გვინახავნ, მხეცნი ვერ წაღმა წარებით

81. ორთავე ერთგან მოკლული, ყველაი ასჯერ ოცია მაგრა ავთანდილს ოცითა, უფროსი დაუხოცია არ დასცთომია ერთიცა, რაც ოდენ შეუტყორცია თქვენი მრავალი მიწითა, დასვრილი დაგვიხოცია

82. მეფესა ესე ამბავი, უჩანს ვითა მღერა ნარდისა უხარის ეგრე სიკეთე, მისისა განაზარდისა აქვს მიჯნურობა ამისი, ვითა ბულბულსა ვარდისა სიცილით ლაღობს მიეცა, გულით ამოსლვა დარდისა

83. იგი ორნივე საგრილად, გარდახდეს ძირსა ხეთასა ლაშქართა შექნეს მოდენა, მოდგეს უფროსი ბზეთასა ახლოს უდგს მონა თორმეტი, უმხნესი სხვათა მხნეთასა თამაშობდეს და უჭვრეტდეს, წყალსა და პირსა ხევთასა

აქა ნახვა არაბთა მეფისაგან მის ყმისა ვეფხის ტყაოსნისა

84. ნახეს უცხო მოყმე ვინმე, ჯდა მტირალი წყლისა პირსა შავი ცხენი სადავითა, ჰყვა ლომსა და ვითა გმირსა ხშირად ესხა მარგალიტი, ლაგამ აბჯარ უნაგირსა ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა, გულსა მდუღრად ანატირსა

85. მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა ვეფხის ტყავისა ქუდივე, იყო სარქმელი თავისა ხელთა ნაჭედი მათრახი, ჰქონდა უმსხოსი მკლავისა ნახეს და ნახვა მოუნდა, უცხოსა სანახავისა

86. მოვიდა მონა საუბრად, მის ყმისა გულ მდუღარისად თავ ჩამოგდებით მტირლისა, არ ჭურეტთა მოლიზღარისად მუნვე ჰსწვიმს წვიმა ბროლისა, ჰგია გიშრისა ღარისად ახლოს მივიდა მოსცალდა, სიტყვის თქმა აღარისად

87. ვერა ჰკადრა საუბარი, მონა მეტად შეუზარდა დიდხან უჭვრეტს გაკვირვებით, თუცა გული უმაგარდა მოახსენა გიბრძანებსო, ახლოს მიდგა დაუწყნარდა იგი ჰსტირს და არა ესმის, მისგან გაუუმეცარდა

88. მის მონისა არა ესმა სიტყვა, არცა ნაუბარი მათ ლაშქართა ძახილისა, იყო ერთობ უგრძნობარი უცხოდ რადმე ამოსკვნიდა, გული ცეცხლთა ნადებარი ცრემლსა სისხლი ერეოდა, გაჰსდის ვითა ნაგუბარი

89. სხვაგან ჰქმნის მისი გონება, მისმან თავისა წონამან ესე მეფისა ბრძანება, ერთხელ კულა ჰკადრა მონამან არცა დააგდო ტირილი, არცა რა გაიგონა მან არცა გახლიჩა ბაგეთათ, თავი ვარდისა კონამან

90. რა პასუხი არა გაჰსცა, მონა გარე შემობრუნდა როსტენს ჰკადრა შემიტყვია, იმას თქვენი არა უნდა თვალნი მზეებრ გამირეტდეს, გული უფრო შემიძრწუნდა ვერ ვასმინე საუბარი, მით დავჰყოვნე ხანი მუნ და

91. მეფე გაკვირდა გაცაჰსწყრა, გული უცს მისთვის მწყრომარე გაგზავნა მონა თორმეტი, მისი წინაშე მდგომარე უბრძანა ხელთა აიღეთ, აბჯარი თქვენ საომარე მიდით და აქა მამგუარეთ, ვინ არის იქი მჯდომარე

92. მონანი მიდგეს მივიდეს, გახდა აბჯრისა ჩხარია მაშინღა შეჰკრთა იგი ყმა, ჰსტირს მეტად გულ მდუღარია თვალნი მოარნა ყოველგან, ნახა ლაშქართა ჯარია ერთხელ ესე თქვა ვამეო, სხვად არას მოუბარია

93. თვალთა ველი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა ხრმალ კაპარჭი მოიმაგრა, მკლავნი გაიმამაცურნა ცხენსა შეჰსჯდა მონათამცა, საუბარნი რად იყურნა სხვასა მხარსა გაემართა, მათი ჭირნი არა განჰკურნა

94. მონათა ხელი გამართეს, მის ყმისა შესაპყრობელად მან გლახ იგინი დახადნა, მტერთაცა საწყალობელად ჰკრა ერთმანერთსა დახოცნა, თავის ხელ აუპყრობელად ზოგსა გადაკრის მათრახი, მკერდამდის გასაპობელად

95. მეფე გასწყრა გაგულისდა, მონანიცა შეუზახნა მან მდევართა მიწევნამდის, არ უჭვრიტა არცა ნახნა რაზომნიცა მიეწივნეს, ყოვლნი მკვდართა დაასახნა კაცნი კაცსა შემოსტყორცნა, როსტან ამად ივაგლახნა

96. შესხდეს მეფე და ავთანდილ, მის ყმისა მისაწეველად იგი ლაღი და უკადრი, მივა ტანისა მრხეველად ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად შეიგნა მისვლა მეფისა, მისად უკანა მდეველად

97. რა ჰსცნა მეფე მოვიდაო, ჰკრა მათრახი მისსა ცხენსა მასვე წამსა დაიკარგა, არ უნახავს თვალსა ჩვენსა ჰგავდა ქვესკნელს ჩანაძრომსა, ანუ ზეცად ანაფრენსა ეძებდეს და ვერ ჰპოებდეს, კვალსა მისგან წანარბენსა