... (A-530), XIX ს.

39. თუმცა ქალია ხელმწიფედ, მართ ღ~თისა დანაბადია არ გათნევთ იცის მეფობა, უთქვენოდ გვითქვამს კულა დია შუქთა მისთაებრ საქმეცა, მის მზეებრ განაცხადია ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია

40. ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამისპასალარისა ჯერთ უწვერული სადარო, ბროლ მინა საცნობარისა საროსა მჯობი ნაზარდი, მგზავსი მზისა და მთვარისა მას თინათინის შვენება, ჰკლევდის წამწამთა ჯარისა

41. გულსა მისსა მიჯნურობა, მისი ჰქონდა დამალულად რა მოშორდის ვერა მჭვრეტმან, ვარდი შექმნის ფერ ნაკლულად ნახის ცეცხლი გაუახლდის, წყლული გახდის უფრო წყლულად საბრალოა სიყუარული, კაცსა შეიქს გულ მოკლულად

42. რა მეფედ დასმა მეფემან, ბრძანა თვისისა ქალისა ავთანდილს მიხუდა სიამე, ვსება სჭირს მისო ქალისა სთქვა ზედა ზედა მომხვდების, ნახვა მის ბროლ ფიქალისა ნუთუ ვით ვპოვო წამალი, მე ჩემი ფერ გამქრქალისა

43. არაბეთს გასცა ბრძანება, დიდმან არაბთა მფლობელმან თინათინ ჩემი ხელმწიფედ, დავსვი მე მისმან მშობელმან მან განანათლნეს ყოველნი, ვით მზემან მანათობელმან მოდით და ნახეთ ყოველმან, შემსხმელმან შემამკობელმან

44. მოვიდეს სრულნი არაბნი, ჯარი გამრავლდა ხასისა ავთანდილ პირ მზე სპასპეტი, ლაშქრისა ბევრ ათასისა ვეზირი სოგრატ მოახლე, მეფისა დასთა დასისა მათ რომე დადგეს საჯდომი, სთქვეს უთქმელია ფასისა

45. თინათინ მიჰყავს მამასა, პირითა მით ნათელითა დასვა და თავსა გვირგვინი, დაადგა თავისა ხელითა მისცა სკიპტრა და შემოსა, მეფეთა სამოსელითა ქალი ბრძნად უჭვრეტს ყოველთა, ცნობითა ზე მხედველითა

46. უკუდგეს და თაყუანი სცეს, მეფემან და მისთა სპათა დალოცეს და მეფედ დასვეს, ქება უთხრეს სხვაგნით სხვათა ბუკსა ჰკრეს და წინწილანი, დაატკბობდეს ტკბილთა ხმათა ქალი სტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა

47. მამისა ტახტსა საჯდომად, თავი არ ეღირსებოდა ამად ჰსტირს ბაღი ვარდისა, ცრემლითა აივსებოდა მეფე სწვრთის მამა ყოველი, ძისაგან ითავსებოდა ამისად ქნამდის დამწველი, ცეცხლი არ დამევსებოდა

48. უბრძანა ნუ ჰსტირ ასულო, ისმინე ჩემი თხრობილი დღეს შენ ხარ მეფე არაბეთს, ჩემგან ხელმწიფედ ხმობილი აქათგან ესე სამეფო, მართ შენია მონდობილი ხარმცა ბრძნად მქმნელი საქმისა, იყავ წყნარი და ცნობილი

49. ვარდთა და ნეხვთა ვინათგან, მზე სწორად მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა, შენმცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდი ზღვათაცა, შესდის და გაედინების

50. მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია უხვსა მორჩილობს ყოველი, იგინიც ვინ ორგულია სმა ჭამა დიდად შესარგი, დება რა სავარგულია რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია

51. ამა მამისა სწავლასა, ქალი ბრძნად მოისმინებდა ყურსა უპყრობდა ისმენდა, სწვრთასა არ მოიწყინებდა მეფე სმასა და მღერასა, იქმს მეტად მოილხინებდა თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინებდა

52. მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული ნაამაგევი უბრძანა ჩემი საჭურჭლე, ჩემი ნაუფლისწულევი მოართვით ჩემი ყველაი, ჩემი დანაბეჭდულევი მოართვეს გასცა უზომო, უანგარიშო ულევი

53. მას დღე გასცემს ყველაკასა, სივაჟისა მოგებულსა რომე სრულად აღმოაგებ, ს მცირესა და დიდებულსა მერმე ბრძანა ვიქ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა ჩემსა ნუვინ ნუ დამალავს, საჭურჭლესა დადებულსა

54. უბრძანა წადით გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია ამილახორო მოასხი, რემა ჯოგი და ცხენია მოიღეს გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია ლარსა ხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია

55. ალაფობდეს საჭურჭლესა, მისსა ვითა ნათურქალსა მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე ნაბამსა ნასუქარსა რომე ჰგუანდა სიუხვითა, ბუქსა ზეცით ნაბუქარსა არ დაარჩენს ცარიელსა, არ ყმასა და არცა ქალსა

56. დღე ერთ გარდახდა პურობა, სმა ჭამა იყო ლხილობა ნადიმად მჯდომთა ლაშქართა, მუნ დიდი შემოყრილობა მეფემან თავი დაჰკიდა, შეექნა დაღრეჯილობა ნეტარ რა უმძიმს მეფესა, შექმნეს ამისი ცილობა

57. თავსა ჰზის პირ მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია სპათა სპასპეტი ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია ვეზირი ბერი სოგრატი, თვით მასთანავე მჯდომია ჰსთქვეს თუ რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია

58. ჰსთქვეს თუ მეფე ცუდსა რასმე, გონებასა ჩავარდნილა თვარა აქა სამძიმარი, აქა ყოლა არა ქმნილა ავთანდილ ჰსთქვა სოგრატ ვჰკითხოთ, გვითხრას რამცა შეგვეცილა ვჰკადროთ რამე სალაღობო, რასათვისმცა გაგვაწბილა