... (A-530), XIX ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი, ამო და სასმენელად შუჱნიერი სწავლისათვის მოშაირეთასა რომელთაცა უხმობენ ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხის ტყაოსნობით

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა, ჰყუნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგუცა ქუჱყანა, გუაქუს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა

2. ჰე ღ~თო ერთო შენ შეჰქმენ, სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც, დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა

3. ვის შვენის ლომსა ხმარება, შუბისა ფარ შიმშერისა მეფისა მზის თამარისა, ღაწუ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევჰკადრო, შესხმა ხოტბისა ხშირისა მისთა მჭვრეტელთა ყანდისა, მირთმა ჰხამს მართ მშიერისა

4. თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქვენი ქებანი ვისნიმე, არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა, და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას, ლახვარი გულსა ხეული

5. მიბრძანეს მათად საქებრად, თქმა ლექსებისა ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა, მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყუიისა ლბილისა

6. აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა, შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა, ჰსჭირს ერთმანერთის მონება

7. მოდი დავსხდეთ ტარიელისთჳს, ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით, ვინცა ყოფილა შობილი დავსჯედ რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბად ნათქუამი, აწ მარგალიტი წყობილი

8. მიჯნურსა თუალად სიტურფე, მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიმდიდრე სიუხუე, სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხუა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხუაჲ სიძუა სხუაა, შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანერთსა, გესმის ჩემი ნაუბარი

10. ჰხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყუაჲრესა, გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხუდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული, ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში

11. ამა საქმესა მიჯნური, ნუ უხმობთ მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვჰალე სხვა, სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა, ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია, ვინ იქს სოფლისა თმობასა

12. არს პირველი მიჯნურობა, არ დაჩენა ჭირთა მალვა თავის წინა იგონებდეს, ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით ბნედა შორით კდომა, შორით დაგუა შორით ალვა დასთმოს წყრომა მოყვრისაგან, მისი ჰქონდეს შიში კრძალვა

13. ჰხამს თავისსა ხუაშიადსა, არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად ჰაი ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს არსით უჩნდეს მიჯნურობა, არა სადა იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. მას უშმაგო ვით მიენდოს, ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს, მას ავნოს და თვითანც ივნოს რათამცაღა ასახელოს, რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა, კაცმან გული არ ატკივნოს

15. მე რუსთველი ხელობითა ვიქმ, საქმესა ამა დარი ვის მორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკუდარი დაუძლურდი მიჯნურთათვის, კულა წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი

16. ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი, ხელის ხელ საგოგმანები ვჰპოვე და ლექსად გარდავჰთქვი, საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემმან ხელმქმნელმან დამმართოს, ლაღმან და ლამაზმა ნები

17. თვალთა მისგან უნათლოთა, ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა, მიხუდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ხორცთა დაწუა, კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა, ლამის ლექსთა უნდა ლევნა

18. რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს მუშა მიწყივ მუშაობდეს, მეომარი გულოვნობდეს კულა მიჯნურსა მიჯნურობა, უყუარდეს და გამოსცნობდეს არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხუათა უწუნობდეს

19. შაირობა პირველადვე, სიბრძნისაა ერთი დარგი საღ~თო საღ~თოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი კულა აქაცა იამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი გრძელი სიტყვა მოჰკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი