... (H-66), 1832 წ.

1097. აწ მითხარ თუ რას იტყოდი: რას გაშმაგდი ისრე რეტად რას გექადა ისი კაცი: მესწრაფების მეტის მეტად ფათმან ფერხთა მოეხვია: არა ღირს ვარ პირსა ჭვრეტად გამიმრთელდა გული წყლული: ახლა დავჯე ცეცხლთა შრეტად

1098. მე და უსენი შვილითურთ: აწ ახლად დავიბადენით ლომო ქებანი შენიმცა: ჩვენ ვითა ვადიადენით ვინათგან სისხლთა იმისთა: დაღვრანი დავიქადენით თავთაგან გითხრობ ყველასა: თქვენ სმენად დაემზადენით

ნესტან დარეჯანისაგან ამბის მბობა ფატმანისაგან ავთანდილის წინაშე჻

1099. ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი: არცა ვინ წავა გზობასა ყოველნი სწორად დავიწყებთ: კაზმასა ლამაზობასა დიდსა შეიქმენ მეფენი: პურობა დარბაზობასა

1100. ჩვენ დიდ ვაჭართა ზედა გვაც: დარბაზს მიღება ძღვენისა მათ საბოძვრისა ბოძება: მართებს მსგავსისა ჩვენისა ათ დღემდის ისმის ყოველგან: ხმა წინწილისა ებნისა მაედანს მღერა ბურთობა: დგრიალი ცხენთა დგენისა

1101. ქმარი ჩემი დიდ ვაჭართა: წაუძღვების უსენ წინა მათთა ცოლთა მე წავასხამ: მაწვეველი არათ მინა დედოფალსა ძღვენსა უძღვნით: მდიდარი თუ გლახა ვინა დარბაზს ამოდ გავიხარებთ: მხიარული მოვალთ შინა

1102. დღე მოვიდა ნავროზობა: დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით ჩვენ მივართვით მათ გვიბოძეს: ავავსეთ ავივსენით ჟამიერად მხიარულნი: წამოვედით ნებით ჩვენით კვლავ დავსხედით გახარებად: მუნებურნი არ ვიყვენით

1103. ბაღსა შიგან თამაშობად: საღამოსა გაველ ჟამსა გავიტანე ხათუნები: მათი ჭმევა ჩემგან ჴამსა მამყვებოდეს მომღერალნი: იტყოდიან ტკბილსა ხმასა ვიმღერდი და ვყმაწვილობდი: ვიცვალებდი რიდე თმასა

1104. იქ ბაღსა შიგან ტურფანი: სახლნი ნატიფად გებულნი მაღალნი ყოვლგნით მხედველნი: ზღვა ზედან წაკიდებულნი მუნ შევიტანენ ხათუნნი: იგი ჩემთანა ხლებულნი კვლავ დავიდევით ნადიმი: დავსხედით ამოდ შვებულნი

1105. ვაჭრის ცოლთა მხიარულმან: უმასპინძლე ამოდ დურად სმასა ზედა უმიზეზოდ: გავხე რამე უგემურად რა შემატყვეს გაიყარა: სხდომილ იყო რაცა პურად მარტო დავრჩი სევდა რამე: შემომექცა გულსა მურად

1106. უკმოვახვენ სარკმელნი და: შევაქცივე პირი ზღვასა ვიხედვიდი ვიქარვებდი: კაეშნისა ჩემგან ზრდასა შორს ამიჩნდა ცოტა რამე: მოცურვედა შიგან ზღვასა ფრინველად ვთქვი ანუ მხეცად: სხვას ვამზგავსე მემცა რასა

1107. მე შორიდამ ვერად ვიცან: მამეახლა იყო ნავი ორთა კაცთა ტანად შავთა: თვით პირიცა ედგა შავი იქით აქეთ მოსდგომოდეს: ახლოს უჩნდა ოდენ თავი გამოიღეს გამიკვირდეს: იგი უცხო სანახავი

1108. გამოზიდნეს იგი ნავი: გამოიღეს ბაღსა წინა მიიხედნეს მოიხედნეს: ვინ გვიჭურეტსო სადა ვინა ვერა ნახეს სულიერი: ვერცა რამან შეაშინა მე იდუმალ ვიხედვიდი: სულ ღებული ვიყავ შინა

1109. მით ნავიდაღმან მათ რომე: გარდმოსვეს კიდობანითა აჰხადეს ქალი გარდმოხდა: უცხოთა რათმე ტანითა თავსა რიდითა შავითა: ქვეშეთ მოსილი მწვანითა მზესა სიტურფით ეყოფის: იყოს მისითა გვანითა

1110. რა მობრუნდა ქალი ჩემკენ: შემოადგეს სხივნი კლდესა ღაწვთა მისთა ელვარება: ელვარებდა ჴმელთა ზესა დავიწუხენ თვალნი ყოლა: ვერ შევადგენ ვითა მზესა უკუ მოვიხარჩ კარი ჩემკენ: მათი ჭვრეტა ვერა ცნესა

1111. მოვიხმენ ოთხნი მონანი: ჩემსა წინაშე მდგომელნი უჩვენე ხედავთ ინდოთა: ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი ჩაეპარენით ჩადითო: წყნარად ნუ ჩქარად მხლტომელნი მოგყიდონ ფასი მიეცით: რისაცა იყონ მდომელნი

1112. თუ არ მოგცენ ნუღა მისცემთ: წაგვარეთ და დახოცენით მოიყვანეთ ისი მთვარე: ჰქენით კარგად ეცადენით ჩემნი ყმანი ზედა დაღმან: ჩაეპარნეს ვითა ფრენით დაევაჭრეს არ მოყიდეს: შავნი ვნახენ მეტად წყენით

1113. მე სარკმელთა გარდავადეგ: რა შევიგენ არ მოჰყიდეს შეუზახენ დახოცენით: დაიპყრეს და თავსა სჭრიდეს იგი ზღვასა შეასრივნეს: შემოადგეს ქალსა სცვიდეს ჩავეგებე გამოვგვარე: ზღვის პირს ხანსა არ დაზმიდეს

1114. რა გიამბო ქება მისი: რა სიტურფე რა ნაზობა ვფიცავ რომე იგი მზეა: არა მართებს მზესა მზობა ვინ გაიცდის შუქთა მისთა: ვინმცა ვით ქნას ნახაზობა მე თუ დამწვავს აჰა მზა ვარ: არღა უნდა ამას მზობა

1115. ესე სიტყვა დაასრულა: ფატმან იკრნა პირსა ჴელნი ავთანდილსცა აეტირნეს: გარდმოყარნა ცრემლნი ცხელნი ერთმანერთი დაავიწყდეს: მისთვის გაჴდეს ვითა ჴელნი ღვარმან ზედათ მონადენმან: გააწყალნა ფიფქნი თხელნი