ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

980. მათ ლაშქართა ყოლბსა შუა ორბი სითმე გამოფრინდა; ყმამან ცხენი შეუტია, გაამაყდა, არ შეშინდა, შესტყორცა და ჩამოაგდო, დაეცა და სისხლი სდინდა, გარდახდა და ფრთენი დასჭრნა, წყნარად შეჯდა, არ აქშინდა.

981. იგი რა ნახეს, მესროლნი სროლასა მოეშლებოდეს, ალყა დაშალეს, მოვიდეს, მოეხვეოდეს, ბნდებოდეს, იქით და აქათ უვლიდეს, ზოგნი უკანა ჰყვებოდეს, ვერცა ჰკადრებდეს: “ვინ ხარო”, ვერცა რას ეუბნებოდეს.

982. მინდორსა შიგან გორი დგა, ფრიდონ მას ზედა დგებოდა; ღირსი მას თანა სროლასა ორმოცი კაცი ჰხლებოდა; მუნ დაემართა ავთანდილ, მას თანა ყოლბი ჰყვებოდა. ფრიდონს უკვირდა: ,,რა ქმნესო”, მისთა სპათათვის წყრებოდა.

983. ფრიდონ მონა გამოგზავნა: “წა, ნახენო ისი სპანი, რა ქმნეს, ალყა რად დაშალეს, სად წადიან ვითა ბრმანი?” მონა ფიცხლა მოეგება, ნახა სარო, მორჩი ტანი, დადგა, თვალნი გაურეტდეს, დაავიწყდეს სიტყვის თქმანი.

984. ავთანდილ ცნა, თუ: “ისია მოამბვედ ჩემად რებული. უთხრა: „არქვი შენს პატრონსა ეს ჩემი დავედრებული: ვარ უცხო ვინმე ღარიბი, საყოფთა მოშორვებული, ძმად-ფიცი ტარიელისი, თქვენს წინა მომგზავრებული”.

985. მონა წავიდა ფრიდონის თხრობად ამბისა მისისად, უთხრა: “მზე ვნახე მოსრული, ჩანს მანათობლად დღისისად; ვაზრობ, იგიცა დაშმაგდენ, თუ ბრძენთა ნახონ ისი სად; “ვარ ძმაო ტარიელისი შეყრად ფრიდონის მქისისად”.

986. რა “ტარიელ” მოისმინა, ფრიდონს ჭირი უსუბუქდა, თვალთა ცრემლნი გარდმოსცვივდეს, გული უფრო აუჩუქდა, მონაქროლმან ვარდი დაზრა, წამწამთაგან ბუქი ბუქდა; შეიყარნეს, ერთმანერთი მათგან იქო, არ გაუქდა.

987. ფიცხლა იგი ქედი ჩავლო, ჩაეგება ფრიდონ წინა; რა შეხედნა, ესე თქვა თუ: “თუ არ მზეო, ისი ვინ -ა?” მას ჰმეტობდა, რაცა ქება მონისაგან მოესმინა; ერთმანერთსა გარდაუხდეს, ლხინმან ცრემლი აფრქევევინა.

988. მოეხვივნეს ერთმანერთსა, უცხოებით არ დაჰრიდონ; თვით უსახოდ ფრიდონს ყმა და მოეწონა ყმასა ფრიდონ; რა მჭვრეტელთა იგი ნახონ, მზე მათ თანა გააფლიდონ, მომკალ, ბაზარს სხვა მათებრი ივაჭრონ რა, ანუ ყიდონ.

989. ფრიდონისებრნი მოყმენი ვინმცა ვით ვინ ეგებიან! მაგრა მას ახლვან ქებანი, მართ მეტნი არ მიჰხვდებიან; მზე უჩინო იქმს მნათობთა, რა ახლოს შეიყრებიან, დღისით ვერ ნათობს სანთელი და ღამით შუქნი ჰკრთებიან.

990. ცხენთა შესხდეს, გაემართნეს, ფრიდონისსა მივლენ სრასა. დაიშალა ნადირობა, მოეშალნეს მხეცთა სრვასა; ავთანდილის ჭვრეტად სპანი იქით-აქათ იქმან ჯრასა, თქვეს: “ასეთი ხორიცელი შეუქმნია, ნეტარ, რასა?”

991. ყმა ფრიდონს ეტყვის: “ისწრაფვი, ვიცი, ამბვისა თხრობასა, გიამბო, ვინ ვარ, სით მოვალ, — ვინათგან ჰლამი ცნობასა — ანუ სით ვიცნობ ტარიელს, ანუ რად ვიტყვი ძმობასა, იგი ძმად მიხმობს, ძმა ხარო, თუცა ძლივ ღირს ვარ ყმობასა.

992. “მე ვარ ყმა როსტან მეფისა, მოყმე არაბეთს ზრდილობით, დიდი სპასპეტი, სახელად მიხმობენ ავთანდილობით, ძე დიდებულთა დიდ-გვართა, ზრდილი მეფეთა შვილობით, საკრძალავი და უკადრი, მყოფი არვისგან ცილობით.

993. “დღესა ერთსა მეფე შეჯდა, ნადირობად გამოვიდა; მინდორს ვნახეთ ტარიელი, ცრემლთა ღვრიდა, ველთა რწყვიდა, გაგვიკვირდა, გვეუცხოვა, ვაწვიეთ და არ მოვიდა, ჩვენ გვეწყინა, არ ვიცოდით, მას თუ ცეცხლი რაგვარ სწვიდა.

994. “მეფემან სპანი შეპყრობად შეუზახნა და წყრებოდა; მან უჭირველად დახოცნა, ომი არ მისჭირდებოდა, ზოგსა მხარ-თეძო დაჰლეწა და ზოგსა სული ჰხდებოდა; მუნღა ცნეს, ეტლი მთვარისა რომე არ დაბრუნდებოდა.

995. “მან სპათაგან ვერ-შეპყრობა ცნეს მეფეთა მეტად მწყრალთა, თვით შესხდეს და შეუტევეს ამაყთა და არას მკრძალთა. რა ტარიელ მეფე იცნა, მუნღა დაჰკრთა მათთა ხრმალთა, ცხენსა მისცნა სადავენი, დაგვეკარგა წინა თვალთა.

996. “ვძებნეთ და კვალი ვერ ვპოვეთ, დავსწამეთ ეშმაურობა. მეფე დაჭმუნდა, დაშალა სმა, ნადიმობა, პურობა. მე ვეღარ გავსძელ მისისა ამბისა არ-დასტურობა, გამოვიპარე საძებრად: მწვიდა ცეცხლი და მურობა.

997. “იგი ვძებნე წელსა სამსა, არ ვიამე არცა ძილი. მათ მასწავლეს, ხატაელნი ვნახენ მისგან დაკოდილი; ვპოვე ვარდი მოყვითანე, შუქ-მკრთალი და ფერ-მიხდილი, შემიტკბო და შემიყვარა, ვითა ძმა და ვითა შვილი.

998. “ქვაბნი წაუხმან დევთათვის, სრულად გაჰმესისხლებია; მუნ ასმათ ახლავს მარტოსა, სხვა არვინ უახლებია; მას მუდამ ძველი ცეცხლი სწვავს, არ ახალ, არ ახლებია, ვაჲ მართებს მისსა გაყრილსა, შავი ხლა თავსა ჰხლებია.

999. “ქალი მარტო ქვაბსა შიგან ზის მტირალი, ცრემლ-ნაწთომი; ყმა ნადირსა უნადირებს, ლომის ლეკვსა ვითა ლომი, მიართვამს და აგრე არჩენს იგი, ერთგან ვერ-დამდგომი, მისგან კიდე სანახავად არა უნდა კაცთა ტომი.