ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1115. იგი ყმა საწოლს მარტო წვა გულითა ჯავრიანითა; ხელ-სისხლიანი ავთანდილ შედგა ტანითა ჯანითა; ვეღარ აესწრა, იდუმალ მოკლა, ვერცა თუ ვცანითა, ხელი მოჰკიდა, მიწასა დაასკვნა, დაკლა დანითა.

1116. მჭვრეტელთა მზე და მებრძოლთა მხეცი და ვითა ზარია. ბეჭდითურთ თითი მოჰკვეთა, ქვესკნელს მიწათა გარია, ზღვითკე სარკმლითა გასტყორცა, ზღვისა ქვიშათა დარია, მისთვის არცაღა სამარე, არცა სათხარად ბარია.

1117. ხმა მათისა დახოცისა არ გაისმა არსით არა. წამოვიდა ვარდი ტკბილი, რასამცა ვით გაემწარა! ესე მიკვირს, სისხლი მითი ასრე ვითა მოიპარა! რომე წეღან წამოევლო, გზა იგივე წაიარა.

1118. რა ფატმანისსა შევიდა ლომი, მზე, მოყმე წყლიანი, უბრძანა: “მოვკალ, მან ყმამან დღე ვეღარ ნახოს მზიანი, თვით მონა შენი მოწმად მყავს, ფიცი აფიცე ღმრთიანი, აჰა თითი და ბეჭედი, და დანა მაქვს სისხლიანი.

1119. “აწ მითხარ, თუ: რას იტყოდი, რას გაშმაგდი ისრე რეტად? რას გექადდა ისი კაცი? მესწრაფების მეტის-მეტად”. ფატმან ფერხთა მოეხვია: “არა ღირს ვარო პირსა ჭვრეტად, გამიმრთელდა გული წყლული, აწღა დავჯე ცეცხლთა შრეტად.

1120. “მე და უსენი შვილითურთ აწ ახლად დავიბადენით; ლომო, ქებანი შენნიმცა ჩვენ ვითა ვადიადენით! ვინათგან სისხლთა იმისთა დაღვრავე დავიქადენით, თავითგან გითხრობ ყველასა, თქვენ სმენად დაემზადენით”.

ფატმანისგან ნესტან-დარეჯანის ამბის მბობა

1121. „ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა; ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმან მეფენი პურობა-დარბაზობასა.

1122. “ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა; ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

1123. “ქმარი ჩემი დიდ-ვაჭართა წაუძღვების, უსენ, წინა, მათთა ცოლთა მე წავასხამ, მაწვეველი არად მინა; დედოფალსა ძღვენსა ვუძღვნით, მდიდარი თუ გლახა ვინ-ა, დარბაზს ამოდ გავიხარებთ, მხიარულნი მოვალთ შინა.

1124. “დღე მოვიდა ნავროზობა, დედოფალსა ძღვენი ვსძღვენით; ჩვენ მივართვით, მათ გვიბოძეს, ავავსენით, ავივსენით; ჟამიერად მხიარულნი წამოვედით ნებით ჩვენით, კვლა დავსხედით გახარებად, უნებურნი არ ვიყვენით.

1125. “ბაღსა შიგან თამაშობად საღამოსა გავე ჟამსა, გავიტანე ხათუნები, — მათი ჭმევა ჩემგან ხამსა; მომყვებოდეს მომღერალნი, იტყოდიან ტკბილსა ხმასა, ვიმღერდი და ვყმაწვილობდი, ვიცვალებდი რიდე-თმასა.

1126. “იქ ბაღსა შიგან ტურფანი სახლნი, ნატიფად გებულნი, მაღალნი, ყოვლგნით მხედველნი, ზღვას ზედა წაკიდებულნი, მუნ შევიტანენ ხათუნნი, იგი ჩემთანა ხლებულნი, კვლა დავიდევით ნადიმი, დავსხედით ამოდ შვებულნი.

1127. “ვაჭრის ცოლთა მხიარულმან ვუმასპინძლე ამოდ, დურად; სმასა ზედა უმიზეზოდ გავხე რადმე უგემურად; რა შემატყვეს, გაიყარა, სხდომილ იყო რაცა პურად, მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად.

1128. “უკმოვახვენ სარკმელნი და შევაქციე პირი გზასა, ვიხედვიდი, ვიქარვებდი კაეშნისა ჩემგან ზრდასა; შორს ამიჩნდა ცოტა რამე, მოცურვიდა შიგან ზღვასა, მფრინველად ვთქვი, ანუ მხეცად, სხვას ვამსგავსე მე-მცა რასა!

1129. “მაშორვიდა, ვერად ვიცან; მომეახლა, იყო ნავი; ორთა კაცთა, ტანად შავთა, თვით პირიცა ედგა შავი; იქით-აქათ მოსდგომოდეს, ახლოს უჩნდა ოდენ თავი, გამოიღეს, გამიკვირდა იგი უცხო სანახავი.

1130. “გამოზიდეს იგი ნავი, გამოიღეს ბაღსა წინა, მიიხედნეს, მოიხედნეს, ვინ გვიჭვრეტსო, სადა, ვინა, ვერა ნახეს სულიერი, ვერცა რამან შეაშინა; მე იდუმალ ვიხედვიდი, სულ-ღებული ვიყავ შინა.

1131. “მით ნავიდაღმა მათ რომე გარდმოსვეს კიდობანითა, აჰხადეს, ქალი გარდმოხდა უცხოთა რამე ტანითა, თავსა რიდითა შავითა, ქვეშეთ მოსილი მწვანითა, მზესა სიტურფედ ეყოფის, იყოს მისითა გვანითა.

1132. “რა მობრუნდა ქალი ჩემკე, შემოადგეს სხივნი კლდესა, ღაწვთა მისთა ელვარება ელვარებდა ხმელთა, ზესა; დავიწუხენ თვალნი, ყოლა ვერ შევადგენ, ვითა მზესა, უკმოვიხაშ კარი, ჩემგან, მათი ჭვრეტა ვერა ცნესა.

1133. “მოვიხმენ ოთხნი მონანი, ჩემსა წინაშე მდგომელნი, ვუჩვენე: “ჰხედავთ, ინდოთა ტყვედ ჰყვანან შუქნი რომელნი? ჩაეპარენით, ჩაედით, წყნარად, ნუ ჩქარად მხლტომელნი, მოგყიდონ, ფასი მიეცით, რასაცა იყვნენ მნდომელნი.