ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

922. “ვარდი ამას ვით იაზრებს: მზე მომშორდეს, არ დავზრეო, ანუ ჩვენ, გლახ, რა გვერგების, რა ჩასვენდეს გორსა მზეო? გულო, გიჯობს, გაუმაგრდე, თავი სრულად გაიკლდეო, ნუთუ მოგხვდეს ნახვა მისი, სულთა სრულად ნუ დაჰლეო.”

923. სული დაიღეს, დადუმდეს, ორთავე ცეცხლი სდებოდა; ასმათი შეჰყვა, შევიდა, ცეცხლი მათებრვე ჰგზებოდა, დაუგო ტყავი ვეფხისა, რომელ კვლა მიწყივ ჰგებოდა; ორნივე დასხდეს, უბნობდეს, რაცა მათ ეამებოდა.

924. წვადი შეიწვეს, შეიქმნა პურობა მსგავსი ჟამისა, მუნ უპურობა პურობა, არ-სიდიადე ჯამისა, მას შეეხვეწნეს: “ჭამეო”, ძალი არ ჰქონდა ჭამისა, გასცოხნის, ლუკმა გასტყორცის, წონა ძლივ ჩანთქის დრამისა.

925. ამოა, რომე კაცი კაცს ამოსა ეუბნებოდეს! მან გაუგონოს, რაცა თქვას, არ ცუდად წაუხდებოდეს, ცოტად ეგრეცა დაუვსებს, ცეცხლი რაზომცა სდებოდეს. დიდი ლხინია ჭირთა თქმა, თუ კაცსა მოუხდებოდეს.

926. მას ღამესა ერთგან იყვნეს იგი ლომნი, იგი გმირნი, იუბნეს და გააცხადნეს თავის-თავის მათნი ჭირნი. რა გათენდა, კვლა დაიწყეს საუბარნი სიტყვა-ხშირნი; ერთმანერთსა გაუგონნეს ფიცნი პირველ დანაპირნი.

927. ტარიელ ეტყვის: “რად უნდა სიტყვისა თქმა მრავალისა? რაცა შენ ჩემთვის გიქმნია, ღმერთი მზღველია ვალისა; კმა ზენაარი ზენარად, არ ნაქმარია მთრვალისა, არ დაივიწყე, მოყვრობა მოყვრისა წარმავალისა.

928. “აწ შემიხვეწე, ნუ დამწვავ კვლა წვითა უცხელესითა; მე რომე ცეცხლი მედების, არ - ანაგზები კვესითა. ვერ დაჰშრეტ, შენცა დაიწვი სოფლისა ქმნისა წესითა. წადი, დაბრუნდი, შეიქეც მუნითვე, შენი მზე სით -ა.

929. “ვინ დამბადა, განკურნება ჩემი უჩანს მასცა ძნელად, ვისცა გესმის, გაიგონეთ, მით გაჭრილ ვარ ხელი ველად; რაცა ჰმართებს გონიერთა, ერთხელ ვიყავ მეცა მქმნელად, აწ ნობათი ხელობისა მომხვდომია, მით ვარ ხელად”.

930. ავთანდილ ეტყვის: “რა გითხრა პასუხი მაგა თქმულისა!” შენვე თქვი, ეგეა სიტყვა კაცისა ბრძნად სწავლულისა: ღმერთსამცა ვით არ შეეძლო კვლა განკურნება წყლულისა? იგია მზრდელი ყოვლისა დანერგულ-დათესულისა!

931. “ღმერთსამცა ესე რად ექმნა, ეგეთნი დაებადენით, აღარ შეგყარნა, გაგყარნა, თვალნი ცრემლთა დადენით! სდევს ფათერაკი მიჯნურსა, გაჭვრიტეთ, გაიცადენით, თქვენ ერთმანერთი არ მოგხვდეს, მე სულნი ამომხადენით!

932. “ნეტარ, მამაცი სხვა რაა, არ გასძლოს, რაცა ჭირია! ჭირსა გადრეკა რად უნდა, რა სასაუბრო პირია! ნუ გეშის, ღმერთი უხვია, თუცა სოფელი ძვირია, რასცა მიწვრთიხარ, იწვართე; გკადრო, უწვრთელი ვირია.

933. “თუ რა გესმის, გაიგონე, ესე კმარის სწავლა სწავლად; ჩემსა მზესა დავეთხოვე თქვენს წინაშე წამოსავლად, მოვახსენე: “რათგან ჩემი შეუქმნია გული ავლად, არას ვარგებ, არ დავდგები, სხვად ვიუბნო რაღა მრავლად?”

934. “მან მიბრძანა: “მადლიერ ვარ, კარგად ხარ და მამაცურად, მაგა შენსა გავლენასა მე დავიჩენ სამსახურად”. მისით კითხვით წამოსრულ ვარ, არ-მთრვალი და არ-მახმურად, მივბრუნდე და რა ვუამბო, “რად მოვეო ჯაბან-ხრდლურად?”

935. “მაგ საუბარსა ესე სჯობს, ისმინე ჩემი თხრობილი: მქმნელი საქმისა ძნელისა კაციმცა იყო ცნობილი; ვერას ვერა იქმს ნაყოფსა ვარდი უმზეოდ ჭნობილი. შენ ვერას ირგებ, მე გარგებ, ძმა ძმისა უნდა ძმობილი!

936. “სადაცა გწადდეს, მუნ იყავ მითვე წესითა მაგითა, გწადდეს — გულითა ბრძენითა, გწადდეს — ცნობითა შმაგითა, მაგა ქცევითა ტურფითა, ანაგებითა ნაგითა, ოდენ გამაგრდი,არ მოჰკვდე, არ დასდნე ცეცხლთა დაგითა.

937. “ამის მეტსა არას გნუკევ: წელიწადსა ერთსა მსგეფსსა აქა ქვაბსა მომნახევდი მე, ამბავთა ყოვლგნით მკრეფსა; ამა ჟამსა ნიშნად მოგცემ, დროსა ამას ვარდ-იეფსა, ვარდთა ნახვა გაგაკრთობდეს, მართ ვითა მცა ძაღლი ყეფსა.

938. “ამა დროსა გარდავსცილდე, აქავ ქვაბსა არ მოვიდე, ცან, ცოცხალი არ თურე ვარ, უღონიოდ მოვკვე კიდე; ეს ამისად ნიშნად კმარის, შენ თუ ჩემთვის ცრემლსა ჰღვრიდე, მაშინ გწადდეს — იხარებდი, გწადდეს — ჭმუნვა გაადიდე.

939. “აწ რაცა გკადრე, ამისთვის ნუთუ შენ იყო მჭმუნავი. მოგშორდები და არ ვიცი, თუ ცხენი დამცემს, თუ ნავი; არ, უთქმელობა არ ვარგ-ა, არ პირუტყვი ვარ მჩმუნავი, არ ვიცი, ღმერთი რას მიზამს, ანუ ცა მიწყივ მბრუნავი”.

940. მან უბრძანა: “აღარ გაწყენ, არცა სიტყვა გამეტადდეს, არ მომისმენ, რაზომიცა საუბარი მიდიადდეს; თუ არ მოგყვეს საყვარელი, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადდეს, ბოლოდ ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.

941. “არ დაიჯერო, მაშინ სცნა ჩემთა საქმეთა ძნელობა; ჩემთვის ყველაი სწორია, გაჭრა და გაუჭრელობა; შენ რაცა გითქვამს, მაგას ვიქმ, მრჯის რაზომ გინდა ხელობა, უშენოდ მომხვდეს, რაღა ვქმნა, არ დია დღეთა გრძელობა!”