ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

904. “არას გარგებს შეჭირვება: რომ სჭმუნვიდე, რა გერგების? არ თურ იცი, უგანგებოდ არათ კაცი არ მოკვდების. მზისა შუქთა მომლოდინე ვარდი სამ დღე არ დაჭნების. ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების”.

905. მოახსენა: “ეგე სწავლა ჩემთვის ყოვლად სოფლად ღირდეს, — გონიერთა მწვრთელი უყვარს, უგუნურთა გულსა ჰგმირდეს, — მაგრა რა ვქმნა, რაგვარ გავსძლო, მეტის-მეტი რა მიმჭირდეს! შენცა გჭირან ჭირნი ჩემნი, არ მამართლო, არ მიკვირდეს?

906. “ცვილსა ცეცხლის სიმხურვალე უგავს, ამად აენთების, მაგრა წყალსა არსით ახლავს, თუ ჩავარდეს, და-ცა-შრტების; რაცა ვისცა საქმე თვით სჭირს, სხვათათვისცა ევარგების, თავიდაღმა რად არ იცი, გული ჩემი რაგვარ დნების!”

მბობა ტარიელისაგან ლომ-ვეფხის დახოცისა

907. “რა წამეკიდა, ყველაი წვრილად გიამბო ენითა, მერმეღა გაბრჭევ მართალი მაგა გულითა ბრძენითა; შენ მოგელოდი, მიმჭირდა მოლოდინითა შენითა, ქვაბს ვეღარ გავსძელ, მინდორთა მოვლა მომინდა ცხენითა.

908. “იმა ქედსა გარდავადეგ, შამბნი ისი მომეარნეს; ერთი ლომი, ერთი ვეფხი შეკრბეს, ერთად შეიყარნეს, ჰგვანდეს რათმე მოყვარულთა, მათი ნახვა გამეხარნეს, მათ რა უყვეს ერთმანერთსა, გამიკვირდეს, შემეზარნეს.

909. „ქედსა გარდავდეგ, ლომ- ვეფხვნი მოვიდეს ორგნით რებულნი, — სახედ ვამსგავსენ მიჯნურთა, ცეცხლნი დამევსნეს დებულნი, — შეიყარნეს და შეიბნეს, იბრძოდეს გამწარებულნი, ლომი სდევს, ვეფხვი მიურბის, იყვნეს არ ჩემგან ქებული.

910. “პირველ ამოდ ილაღობეს, მერმე მედგრად წაიკიდნეს: თვითო ტოტი ერთმანერთსა ჰკრეს, სიკვდილსა არ დაჰრიდნეს, გამოჰრიდნა ვეფხმან გული, — დედათა-მცა გამოჰრიდნეს! — ლომი მედგრად გაეკიდა, იგი ვერვინ დაამშვიდნეს.

911. “ლომსა დავუგმე ნაქმარი, ვარქვი: “არა ხარ ცნობასა, შენ საყვარელსა რად აწყენ? ფუ მაგა მამაცობასა!” ხრმალ-გამოწვდილი გავუხე, მივეც ლახვართა სობასა, თავსა გარდავჰკარ, მო-ცა-ვკალ, დავჰხსენ სოფლისა თმობასა.

912. “ხრმალი გავსტყორცე, გარდვიჭერ, ვეფხი შევიპყარ ხელითა; მის გამო კოცნა მომინდა, ვინ მწვავს ცეცხლითა ცხელითა; მიღრინვიდა და მაწყენდა ბრჭკალითა სისხლთა მღვრელითა, ვეღარ გავუძელ, იგიცა მოვკალ გულითა ხელითა.

913. “რაზომსაცა ვამშვიდებდი, ვეფხი ვერა დავამშვიდე, გავგულისდი, მოვიქნივე, ვჰკარ მიწასა, დავაწყვიდე; მომეგონა, ოდეს ჩემსა საყვარელსა წავეკიდე; სულნი სრულად არ ამომხდეს, რას გიკვირს, თუ ცრემლსა ვჰღვრიდე!

914. “აჰა, ძმაო, მითხრობია ჭირი ჩემი, რაცა მჭირდა; სულთა დგმაცა არა მმართებს, ასრე გასლვა რად გიკვირდა? სიცოცხლესა გავეყარე, სიკვდილიცა დამიძვირდა”. ესე სიტყვა დაასრულა, ყმამან სულთქვნა, ა-ცა-ტირდა.

915. ავთანდილცა მას თანავე ტიროდა და ცრემლსა ჰღვრიდა; უთხრა: “დათმე, ნუ მოჰკვდები, გულსა სრულად ნუ დასჭრი და-! ღმერთი მაგას მოწყალეობს, თუცა ჭირმან არ გაგრიდა; თუმც უნდოდით გასაყრელად, პირველ ერთად არ შეგყრიდა.

916. “სდევს მიჯნურსა ფათერაკი, საწუთროსა დაანავღლებს; მაგრა ბოლოდ ლხინსა მისცემს, ვინცა პირველ ჭირსა გასძლებს; მიჯნურობა საჭიროა, მით სიკვდილსა მიგვაახლებს, გასწავლულსა გააშმაგებს, უსწავლელსა გაასწავლებს”.

ტარიელისგან და ავთანდილისგან ქვაბს მისლვა და ასმათის ნახვა

917. იტირეს და გაემართნეს, ქვაბისაკენ თავნი არნეს; რა ასმათმან დაინახნა, განაღამცა გაეხარნეს! მოეგება, მოტიროდა, ცრემლმან მისთა კლდენი ღარნეს, აკოცეს და ა-ცა-ტირდეს, კვლა ცნობანი ააჩქარნეს.

918. ასმათ თქვა: “ღმერთო, რომელი არ ითქმი კაცთა ენითა, შენ ხარ სავსება ყოველთა, აღგვავსებ მზეებრ ფენითა; გაქო, ვით გაქო, რა გაქო, არ-საქებელო სმენითა! დიდება შენდა, არ მომკალ ამათთვის ცრემლთა დენითა!”

919. ტარიელ ეტყვის: “აჰ დაო, მით ცრემლი აქა მდინია, საწუთრო ნაცვლად გვატირებს, რაც ოდენ გაგვიცინია. ძველი წესია სოფლისა, არ ახლად მოსასმინია. ვაი შენი ბრალი დავ, თვარა სიკვდილი ჩემი ლხინია!

920. “სწყუროდეს, წყალსა ვინ დაღვრის კაცი უშმაგო, ცნობილი? მე თვალთა ჩემთა მით მიკვირს, რად ვარ ცრემლითა ლტობილი! უწყლოობა ჰკლავს, წყალი სდის, აროდეს არ გახმობილი. ვაი, წახდა ვარდი პობილი, ვაი, მარგალიტი წყობილი!”

921. “ავთანდილსცა მოეგონა მისი მზე და საყვარელი; იტყვის: “ჩემო, ვით ვეგები მე უშენოდ სულთა მდგმელი? შენ არ გახლავ, ჩემი ჩემთვის სიცოცხლეა სანანელი, გითხრამცა ვინ, რა მჭირს, ანუ რა ცეცხლი მწვავს, რაგვარ ცხელი!