ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1078. მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა. ყმამან უძღვნა ძღვენი ტურფა, მიმღებელთა თქვეს, თუ: “ვარგ-ა”. ფატმანს მისი მასპინძლობა უღირს, ღმერთო, არ დაკარგა; სვეს და ჭამეს, დასაწოლად ყმა გავიდა ღამით გარ, გა.

1079. დილასა ლარი ყველაი უჩვენა, გაახსნევინა, ტურფანი სეფედ გარდასხნეს; ფასიცა დაათვლევინა, ვაჭართა უთხრა: “წაიღეთ”! აჰკიდა, გააწევინა, თქვა: „ვითა გინდა, ვაჭრობდით, ნუ გამაცხადებთ, მე ვინა”.

1080. ყმა ვაჭრულად იმოსების, არ ჩაიცვამს არას მისსა. ზოგჯერ უხმის ფატმან მისსა, ზოგჯერ იყვის ფატმანისსა; ერთგან სხდიან, უბნობდიან საუბარსა არა - მქისსა; ფატმანს ჰკლვიდა უმისობა, რამინისი ვითა ვისსა.

ფატმანისაგან ავთანდილის გამიჯნურება

1081. სჯობს სიშორე დიაცისა, ვისგან ვითა დაითმობის: გილიზღებს და შეგიკვეთებს, მიგინდობს და მოგენდობის, მართ ანაზდად გიღალატებს, გაჰკვეთს, რაცა დაესობის, მით დიაცსა სამალავი არას თანა არ ეთხრობის.

1082. ფატმან ხათუნს ავთანდილის გულსა ნდომა შეუვიდა, სიყვარული მეტის-მეტი მოემატა, ცეცხლებრ სწვიდა. დამალვასა ეცდებოდა, მაგრა ჭირთა ვერ ჰმალვიდა, იტყვის: “რა ვქმნა, რა მერგების?” — აწვიმებდა, ცრემლთა ჰღვრიდა.

1083. “მიღმა ვუთხრა, ვაჲ თუ გაწყრეს, შეხედვაცა დამიძვირდეს! თუ არ უთხრა, რაგვარ გავსძლებ, ცეცხლი უფრო გამიხშირდეს. ვთქვა და მოვკვდე, ანუ დავრჩე, ერთი რამე გამიპირდეს; მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს, თუ არ უთხრას, რაცა სჭირდეს!”

წიგნი ფატმანისა ავთანდილს თანა სამიჯნურო

1084. დაწერა წიგნი საბრალო, მის ყმისა მისართმეველი, მისისა მიჯნურობისა, მისთა პატიჟთა მცნეველი, მისთა მსმენელთა გულისა შემძვრელი, შემარხეველი, უსტარი შესანახავი, არ-ცუდად დასახეველი:

1085. “ჰე მზეო, ღმერთსა ვინათგან მზედ სწადდი დასაბადებლად, მით შეგქმნა მოშორვებულთა ლხინთა, არ ჭირთა მწადებლად, ახლოს შემყრელთა დამწველად, მათად ცეცხლისა მადებლად, მნათობთა შენი შეხედვა ტკბილად უჩს, დასაქადებლად.

1086. “შენ გტრფიალობენ მჭვრეტელნი, შენთვის საბრალოდ ბნდებიან, ვარდი ხარ, მიკვირს, ბულბულნი რად არ შენზედა კრფებიან! შენი შვენება ყვავილთა აჭნობს, ჩემნიცა ჭნებიან, სრულად დამწვარვარ, თუ მზისა შუქნი არ მომესწრებიან.

1087. “ღმერთი მყავს მოწმად, ვიშიშვი თქვენსა ამისსა თხრობასა, მაგრა რა ვირგო დღე-კრულმან? სრულად გავჰყრივარ თმობასა, გული ვერ გასძლებს ნიადაგ შავთა წამწამთა სობასა, თუ რას მეწევი, მეწიე, თვარა მივჰხდები ცნობასა!

1088. “მე ვირე ამა წიგნისა პასუხი მომივიდოდეს, ვცნობდე, გინდოდე საკლავად, ან ჩემი რა გაგვიდოდეს, მუნამდის გავსძლო სულთა დგმა, გული რაზომცა მტკიოდეს; სიცოცხლე ანუ სიკვდილი გარდმიწყდეს, ნეტარძი, ოდეს!”

1089. ფატმან ხათუნ დაწერა და გაუგზავნა წიგნი მისი. ყმამან ასრე წაიკითხა, და ვინმეა ანუ თვისი; თქვა: “არ იცის გული ჩემი, ვინ მაშიკობს, ვისსა ვისი, რომე მიმიჩს სამიჯნურო, რათ ვამსგავსო მე მას ისი!”

1090. თქვა: “ყვავი ვარდსა რას აქნევს ანუ რა მისი ფერია! მაგრა მას ზედა ბულბულსა ჯერთ ტკბილად არ უმღერია. უმსგავსო საქმე ყველაი მოკლე და მით ოხერია. რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!”

1091. ესეგვარი საზრახავი დაუზრახა გულსა შინა; მერმე იტყვის: “ჩემგან კიდე ჩემი შემწე არავინა-ა; რასათვისცა გამოჭრილ ვარ, მისი ძებნა რათგან მინა, რათაცა ვით ვჰპოვებ, მას ვიქმ, გულმან სხვა-მცა რა ისმინა!”

1092. “ისი დიაცი აქა ზის, კაცთა მნახავი მრავალთა, მოსადგურე და მოყვარე მგზავრთა, ყოველგნით მავალთა; მივჰყვე, მიამბობს ყველასა, რაზომცა ცეცხლი მწვავ ალთა, ნუთუ რა მარგოს, მე მისი გარდახდა ჩემგან ვცნა ვალთა”.

1093. თქვა: “დიაცსა ვინცა უყვარს, გაექსვის და მისცემს გულსა, აუგი და მოყივნება არად შესწონს ყოლა კრულსა; რაცა იცის, გაუცხადებს, ხვაშიადსა უთხრობს სრულსა, მიჯობს, მივჰყვე, განაღა რასმე ვსცნობ საქმესა დამალულსა”.

1094. კვლა იტყვის: “ვერვინ ვერას იქმს, თუ ეტლი არ მოსთმინდების; მით რაცა მინდა, არა მაქვს, მაქვს რაცა, არ მომინდების; ბინდის გვარია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წამოდინდების!”

წიგნი ავთანდილისა ფატმანს თანა