ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1020. ერთსა ჯორსა წვივ-მაგარსა საგებელი აუკიდა; წავიდა და ფრიდონ შეჯდა, მას თანავე გამოვიდა. აწ გაყრისა მომლოდნესა ედებოდა ცეცხლი, სწვიდა, მოსთქვამს: “თუმცა მზე გვეახლა, ჩვენ ზამთარი ვერ დაგვზრვიდა”.

1021. ზარი მის ყმისა წასლვისა გახდა, მიეცნეს წუხილსა. მოატყდეს მოქალაქენი, ლარსა ვინ ჰყიდდა, თუ ხილსა; ხმა ზახილისა მათისა ჰგვანდა ჰაერთა ქუხილსა, იტყოდეს: “მზესა მოვჰშორდით, მო, თვალნი მივსცნეთ წუხილსა!”

1022. ქალაქი გავლეს, მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა, მაშინ ფრიდონის ნახულსა, ნასაჯდომევსა მზისასა, მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, ფრიდონ უამბობს ამბავსა მის მნათობისა ტყვისასა:

1023. “აქა მათ ზანგთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა, კბილ-თეთრი, ბაგე-ბადახში, სახედავითა შავითა; ცხენი გავქუსლე, გავაგე წაგვრა ხრმლითა და მკლავითა, შორს მნახეს, ადრე გამექცეს, ნავი მფრინვალე ჩნდა ვითა”.

1024. მოეხვივნეს ერთმანერთსა, გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი, აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი, გაიყარნეს გაუყრელნი ძმად-ფიცნი და ვითა ძმანი, ფრიდონ დადგა, ყმა წავიდა, შემხედველთა მკვლელი ტანი.

წასლვა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა

1025. ყმა მიმავალი მიუბნობს, მსგავსი მთვარისა სრულისა. არს თინათინის გონება მისად სალხენლად გულისა; იტყვის: “მოგშორდი, სიცრუე, ვაჲ, საწუთროსა კრულისა! შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა.

1026. “რად სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამს ალებისა? რად გული კლდისა ტინისა შემქმნია სამ სალებისა? არ შეუძლია ლახვარსა დაჩენა სამსა ლებისა, შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა”.

1027. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა, წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა, დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა, ჩალად უჩს ყოვლი ქვეყანა, მისვე ჩალისა წონითა.

1028. სადაცა ნახნის, ეუბნის, მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი, ჰკითხის მის მზისა ამბავი; დღენი ვლნა გაასებულნი. ქედსა გარდადგეს, აქლემნი აუჩნდეს ლარ-კიდებულნი. მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს, შეჭირვებულნი.

1029. მუნ ქარავანი ურიცხვი მისდგმოდა ზღვისა კიდესა. შეიჭირვებდეს, ჭმუნვიდეს, ვერა დგეს, ვერცა ვლიდესა. ყმამან სალამი უბრძანა, ქებასა შეასხმიდესა, ჰკითხა, თუ: “ვინ ხართ ვაჭარნო?” — მათ საუბარი ჰკიდესა.

1030. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი. მოახსენა ხოტბა სრული, დალოცა და უქნა ზნენი. ჰკადრეს: “მზეო,სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი, ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი”.

1031. გარდახდა. ჰკადრეს: “ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი, ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გამონაჭარნი, საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.

1032. “ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე, ვუშველეთ, ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე; ვჰკითხეთ, თუ “ვინ ხარ, ღარიბო, რასა საქმისა მძებარე?” გვითხრა: “თუ შეხვალთ, დაგხოცენ; კიდე ცოცხალ ვარ მე ბარე?!”

1033. “თქვა: “ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა, ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ-ფერითა, მუნ მეკობრეთა დაგვხოცნეს ძელით, სახნისის წვერითა; ყველაი წახდა, არ ვიცი, აქა მოსრულვარ მე რითა!”

1034. “ლომო და მზეო, ესეა მიზეზი აქა დგომისა, დაბრუნვებითა გვეცემის ზიანი არ-საზომისა; შევიდეთ, ვაჲ თუ დაგვხოცნენ, ძალი არა გვაქვს ომისა, ვერცა ვდგათ, ვერცა წასრულვართ, ღონე წაგვსლვია რჩომისა”.

1035. ყმამან უთხრა: “ვინცა ჭმუნავს, ცუდია და ცუდად სცთების! რაცა მოვა საქმე ზენა, მომავალი არ აგვცთების; მე მივინდობ სისხლთა თქვენთა, შემოვისხამ, და-ცა-მწვთების, ვინცა გებრძვის, ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების”.

1036. მოქარავნენი აივსნეს სიხარულითა დიდითა, თქვეს: “ყმა ვინმეა ჭაბუკი, არა ჩვენებრვე რიდითა, აქვს თავისაგან იმედი, ვიყვნეთ გულითა მშვიდითა”. შევიდეს, ჩასხდეს ხომალდსა, გაჰმართეს ზღვისა კიდითა.

1037. სიამოვნისა დარითა იარეს, არ სიძნელითა. მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა. გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა, მას ნავსა ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა.

1038. კიოდეს და მოდიოდეს, იზახდეს და ბუკსა ჰკრესა; შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა; ყმამან უთხრა: “ნუ იშიშვით თქვენ იმათსა სიალფესა, ანუ დავჰხოც იმ ყველასა, ან სიკვდილი ჩემი დღეს- ა.