ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

942. საუბარი გარდასწყვიდეს, დააპირეს ესე პირი; ცხენსა შესხდეს, მოიარეს, თვითო მოკლეს ველს ნადირი; შემოიქცეს, აატირეს გული, კვლაცა ანატირი, ხვალ გაყრის გონებამან სხვა მიჰმატა ჭირსა ჭირი.

943. ლექსთა მკითხველო, შენნიმცა თვალი ცრემლისა მღვრელია! გულმან, გლახ, რა ქმნას უგულოდ, თუ გული გულსა ელია?! მოშორვება და მოყვრისა გაყრა კაცისა მკლველია, ვინცა არ იცის, არ ესმის, ესე დღე რაგვარ ძნელია!

944. დილა გათენდა, შესხდეს და მას ქალსა გაესალამნეს. ტარიელ, ასმათ, ავთანდილ თვალთაგან ცრემლნი დალამნეს; სამთავე ღაწვთა ალამნი არღავნის ფერად ალამნეს, მათ ლომთა, მიწყივ მხეც-ქმნილთა, თავნი მხეცთავე ალამნეს.

945. ქვაბი ჩავლეს და წავიდეს ზახილით ცრემლთა მდენანი, ასმათ ტირს, მოსთქვამს: “ჰე ლომნო, ვისნი ვით მოგთქმენ ენანი! მზემან დაგწვნა და დაგდაგნა ცისა მნათობნი ზენანი, ვა ჭირნი ჩემნი ეზომნი! ვაი სიცოცხლისა თმენანი!”

946. მათ ყმათა, მუნით წასრულთა, იგი დღე ერთგან იარეს, ზღვის პირს მივიდეს, მუნ დადგეს, არ ხმელთა არე იარეს, არ გაიყარნეს მას ღამე, კვლა ცეცხლი გაიზიარეს, ერთმანერთისა შორს ყოფა იტირეს, იმგლოვიარეს.

947. ტარიელს ეტყვის ავთანდილ: “რუ გახმა ცრემლთა დენისა! რად მოიშორვე შენ ფრიდონ, მომცემი მაგა ცხენისა? მუნით იცნობის ამბავი, ღონე მის მზისა ლხენისა, აწ მე მუნ მივალ, მასწავლე გზა ძმად-ფიცისა შენისა.”

948. ტარიელ სიტყვით ასწავლის მხარსა ფრიდონის გზისასა, მართ გააგონა, რაც ოდენ შეეძლო ძალსა თქმისასა: “აღმოსავლითკე წადიო, პირსა იარე ზღვისასა, თუ ჰნახო, ჩემი უამბე, გკითხავს ამბავსა ძმისასა.”

949. თხა მოკლეს და მიითრიეს, ცეცხლი შექმნეს ზღვისა პირსა, სვეს და ჭამეს, რაცა ჭამა შეჰფერობდა მათსა ჭირსა; მას ღამესა ერთად იყვნეს, ერთგან მიწვეს ხეთა ძირსა. ვჰგმობ მუხთალსა საწუთროსა, ზოგჯერ უხვსა, ზოგჯერ ძვირსა.

950. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვინნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინნეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალნი, ცრემლნი ველთა მოადინნეს, დიდხან დგანან შეჭედილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

951. გაიყარნეს ტირილით და პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მისით ღრეჯით.

წასვლა ავთანდილისგან ფრიდონისასა

952. ვაჲ, სოფელო, რას შიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ ტირსა! სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადათ ძირსა?! მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა.

953. ავთანდილ მისი გაყრილი ტირს, ასწვთების ა -,ცამდის, იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლაცა მდენია, კვლაცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა და-ც-ამდის. კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

954. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა: ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლა თინათინის გონება ავსებს უფრო-რე ჭირითა; ბაგეთა ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

955. ვარდი ჭნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გაჰმაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდ-ა; იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რათგან დაგაგდე, მზეო, და-!”

956. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთად და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ-დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდეთ გული ცივად, გაუმთბარად?

957. “თუ ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს? მაგრა კლდესა არად შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს; წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

958. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა, მზეო, გეაჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

959. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემომყარე კაეშნისა ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა, მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის ტირსა”.

960. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?