ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

1039. “უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ძმანი;— ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.

1040. “თქვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ხართ, ომისაცა უმეცარნი, შორს ისრითა არ დაგხოცნენ, ჩაიხშენით თანა კარნი; მარტო მნახეთ, ვით შევება, ვით ვიხმარნე ლომნი მხარნი! მეკობრისა ნავისანი, სისხლნი ჰნახნეთ მონაღვარნი”.

1041. ჩაიცვა ტანსა აბჯარი ქცევითა ვეფხებრ მკრჩხალითა. მას ხელთა კეტი რკინისა ჰქონდა ხელითა ცალითა; ნავისა თავსა გულითა წადგა შიშ-შეუვალითა, ვითა მჭვრეტელნი ჭვრეტითა, მტერნი დახოცნა ხრმალითა.

1042. კიოდეს იგი ლაშქარნი, ხმა მათი არ გაწყდებოდა, აძგერეს ძელი, რომელსა ზედა სახნისი ჰგებოდა; ყმა ნავის თავსა უშიშრად ქვე დგა, არ თურე კრთებოდა, კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, სხვით არათ არ მოსტყდებოდა.

1043. ძელი მოსტყდა და ავთანდილ დარჩა ნავ-დაულეწელი; შეშინდეს იგი ლაშქარნი, გზა ძებნეს გარდსახვეწელი; ვეღარ გარდესწრნეს, გარდუხლტა მტერთა მი და მო მლეწელი; არ დარჩა კაცი ცოცხალი მუნ მისგან დაუფრეწელი.

1044. მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ჰხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანერთსა შემოსტყორცის, რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.

1045. გაუმარჯვდა ომი მათი, ვითა სწადდა მისსა გულსა. ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: “ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა!” არ დახოცნა, დაიმონნა, დაჰრჩომოდა რაცა წყლულსა. მართლად იტყვის მოციქული: “შიში შეიქმს სიყვარულსა”.

1046. კაცო, ძალსა ნუ იქადი, ნუცა მოჰკვეხ ვითა მთრვალი! არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღრმთისა ძალი! დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაბერწკალი, ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის ჰკრა, თუნდა ხრმალი.

1047. მუნ ავთანდილ საჭურჭლენი მათეულნი დიდნი ნახნა, ნავი ნავსა შეატყუბა, ქარავანსა დაუზახნა. უსამ ნახა მხიარულმან, — გაეხარნეს, არ იახნა, ჰკადრა ხოტბა ქებად მისად, სასახავნი დიდნი სახნა.

1048. ავთანდილის მაქებელთა ათასიცა ენა ენდა! ვერმცა მათ თქვეს, ნაომრობა რაგვარ ტურფად დაუშვენდა; ქარავანმან იზრიალა, თქვეს: “უფალო, მადლი შენდა! მზემან შუქნი შემოგვადგნა, ღამე ბნელი გაგვითენდა”.

1049. მოეგებნეს, აკოცებდეს თავსა, პირსა, ფერხთა, ხელსა; ჰკადრეს ქება უსაზომო მას ტურფასა საქებელსა, - ვისი ჭვრეტა გააშმაგებს კაცსა ბრძენსა, ვითა ხელსა: „შენგან დავჰრჩით ჩვენ ყველანი ფათერაკსა ეზომ ძნელსა”.

1050. ყმამან უთხრა: “მადლი ღმერთსა, შემოქმედსა, არსთა მხადსა, ვისგან ძალნი ზეციერნი განაგებენ აქა ქმნადსა, იგი იქმან ყველაკასა, იდუმალსა, ზოგსა ცხადსა; ხამს ყოვლისა დაჯერება, ბრძენი სჯერა მოწევნადსა.

1051. “ღმერთმან სულსა ეგოდენსა თქვენ გათნია სისხლი თქვენი. მე, გლახ, რა ვარ? — მიწა ცუდი; თავით ჩემით რამცა ვქმენი? აწ დავხოცენ მტერნი თქვენნი, გავასრულენ, რაცა ვთქვენი; ნავი სრულად საქონლითა მიმიღია, ვითა ძღვენი”.

1052. ამოა, კარგსა მოყმესა რა ომი გაჰმარჯვებოდეს, ამხანაგთათვის ეჯობნოს, ვინცა მას თანა-ჰხლებოდეს. მიულოცვიდენ, აქებდენ, მათ აგრე მყოფთა სწბებოდეს, ჰშვენოდეს დაკოდილობა, ცოტაი რამე ჰვნებოდეს.

1053. იგი ნავი მეკობრეთა მას დღე ნახეს, არ ახვალეს, მუნ დებულთა საჭურჭლეთა ამარიმცა ვით დათვალეს! მათსა ნავსა გარდმოიღეს, ნავი სრულად გარდმოცალეს; დალეწეს და ზოგი დაწვეს, შეშა დრამად არ გაცვალეს.

1054. ავთანდილს უსამ მოართვა ვაჭართა შემოთვლილობა: “შენგან ვართ გამაგრებულნი, ჩვენ ვიცით ჩვენი ფრდილობა; რაცა გვაქვს, იგი შენია, ამას არ უნდა ცილობა, რასაცა მოგვცემ, გვიბოძე, გვიქნია აქა ყრილობა”.

1055. ყმამან შესთვალა: “ჰე, ძმანო, წეღანცა მოგისმენია, ღმერთსა შეესმა, ნაკადი, რაცა თქვენ თვალთა გდენია, მან დაგარჩინნა; მე რა ვარ? მე, გლახ, რა მომილხენია! რა გინდა მომცეთ, რას ვაქმნევ? მე ვარ და ჩემი ცხენია!

1056. “მე თუ-მცა რაცა მინდოდა საჭურჭლე დასადებელი, ჩემსაცა მქონდა ურიცხვი, უსახო ლარ-საგებელი; რას ვაქმნევ თქვენსა რას - გინდა? ოდენ ვარ თანა-მხლებელი; სხვაგან რამე მიც სხვა საქმე თავისა წასაგებელი.

1057. “აწ რაცა აქა ვიშოვე საჭურჭლე დაუთვალავი, რაცა ვის გინდა, წაიღეთ, არვისი ვიყო მლალავი, ერთსა ვიაჯი, მააჯეთ სააჯო არ-საკრძალავი: საქმე რამე მიც თქვენ შიგან თავისა დასამალავი.

1058. “ჟამამდის ჩემსა ნუ იტყვით არ თქვენსა პატრონობასა, თვით თავადია ჩვენი”-თქვა, ნუ მიხმობთ ჭაბუკობასა. მე სავაჭროსა ჩავიცვამ, დავიწყებ ჯუბაჩობასა; თქვენ შემინახეთ ნამუსი, თქვენსა და ჩემსა ძმობასა!”