ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

961. “მოდი, მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შე-ცა-მღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულ ვარ, შენ იცი, გული აღარას ლხენით-ა.

962. “მოდი, ასპიროზ, მარგე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, ჩემებრსა დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

963. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა: მზე მაბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.

964. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ რაგვარ ვბნდები, მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

965. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან, მას გააგონნენ, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

966. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა? ეშმა ძმად თურე გძმობია; მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

967. „თუ დავრჩეო, ესე მიჯობს, — სიცოცხლისა იტყვის თუსა, — ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსსა.

968. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან, მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან, ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.

მისვლა ავთანდილისაგან ფრიდონისას

969. ყმა მტირალი სამოც-ათ დღე ზღვისა პირსა მივა გზასა; შორით ნახა, მენავენი მოდიოდეს შიგან ზღვასა; მოიცადა, ჰკითხა: “ვინ ხართ, თქვენ ამისსა გნუკევ თქმასა, ეს სამეფო ვისი არის, ან ჰმორჩილობს ვისსა ხმასა?”

970. მათ მოახსენეს: “ტურფაო სახით და ანაგებითა, გვეუცხოვე და გვეკეთე, მით გეუბნებით ქებითა; აქამდის ზღვარი თურქთაა, მოზღვრე ფრიდონ ზღვრებითა; ჩვენცა ვისნი ვართ, გიამბობთ, თუ ჭვრეტით არ დავბნდებითა.

971. “ნურადინ ფრიდონ მეფეა ამა ქვეყნისა ჩვენისა, მოყმე მხნე, უხვი, ძლიერი, ფიცხლად მომხლტომი ცხენისა; ვნება არავის არ ძალ-უც მის მზისა ოდნად მშვენისა, იგია ჩვენი პატრონი, მსგავსი ცით შუქთა მფენისა.”

972. ყმამან უთხრა: “ძმანო ჩემნო, კარგთა კაცთა გარდგეკიდე; მე მეფესა თქვენსა ვეძებ, მასწავლეთ, თუ სით წავიდე, რა ვიარო, ოდეს მივალ, ან გზასა აქვს რა სიდიდე?” მენავეთა უწინამძღვრეს, არ დააგდეს გზამდის კიდე.

973. მოახსენეს: “ ესე გზაა მულღაზანზარს მიმავალი, მუნ დაგხვდების მეფე ჩვენი მშვილდ-ფიცხელი, მახვილ-ხრმალი; აქადაღმა ათ დღე მიხვალ ნაკვთად სარო, ფერად ლალი; ვაჲ, რად დაგვწვენ, უცხოს უცხო, რად მოგვიდევ ცეცხლებრ ალი?”

974. ყმამან უთხრა: “მიკვირს, ძმანო, რად ხართ ჩემთვის გულ-მოკლულნი, ანუ აგრე ვით გეკეთნეს ზამთრის ვარდნი ფერ-ნაკლულნი! თქვენმცა მაშინ გენახენით, ლაღნი ვდეგით, არ საპყრულნი! ჩვენნი მჭვრეტნი დავაშვენნით, ჩვენგან სხდიან მხიარულნი”.

975. იგი წავიდეს; დაბრუნდა ყმა გზასა თავის-წინასა, ვისი ჰგავს ტანი საროსა და ვისი გულ — რკინასა; მიაცორვებს და მიუბნობს, მოსთქვამს მისსავე ლხინასა, ნარგისნი ქუხან, ცრემლსა წვიმს, ჩარცხის ბროლსა და მინასა.

976. ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან, მოეხვივნიან საჭვრეტლად, მას ზედა სტრფიალობდიან, ეძნელებოდის გაშვება, გაყრასა ძლივ დასთმობდიან, გზის ყოლაუზი მისციან, ჰკითხის რა, უამბობდიან.

977. მულღაზანზარს მიეახლა, ადრე დაჰლევს გზასა გრძელსა; მინდორს ნახა სპა ლაშქართა და ნადირთა ჰგვანდეს მსრველსა, ყოვლგნით ალყა შემოეკრა, მოსდგომოდეს გარე ველსა, ისვრიან და იზახიან, მხეცსა სჭრიან ვითა მჭელსა.

978. კაცი ემთხვია; მას ჰკითხა ამბავი მის ლაშქარისა, უბრძანა:,, ისი ვისია ხმა ზათქისა და ზარისა?” მან უთხრა: “ფრიდონ ხელმწიფე, მეფე მულღაზანზარისა, იგი ნადირობს, შეუკრავს ნაპირი ველ-შამბნარისა”.

979. მათ ლაშქართაკე წავიდა მით უსახოთა ქცევითა, გამხიარულდა; შვენება მის ყმისა ვთქვიმცა მე ვითა! მისთა გამყრელთა დააზრობს, შემყრელთა დასწვავს მზე ვითა; ნახვა, მჭვრეტელთა ახელებს, ტანი ლერწამობს რხევითა.