ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

826. “ვიცი, არ მოგკლავს შიმშილი, რაზომმცა დია ირები: შენ შენი მშვილდი დაგარჩენს, შენთა ისართა პირები, ნუთუ კვლა ღმერთმან წყალობით გაგიადვილოს ჭირები, მაგრა, თუ მოვკვდე, გაზრდილო, ვისგანღა დავიტირები?”

827. ზარი გაისმა, შემოკრბა ჯარი მრავალი კაცისა, დარბაზს ხასთაგან ჯარია ხელითა წვერთა ტაცისა, იგლეჯს და იცემს ყველაი, ხმა ისმის თავსა ტკაცისა; თქვეს: “ბნელი გვმართებს დღე-კრულთა, რათგან მზე მიგვიდრკა ცისა!”

828. რა მეფემან დიდებულნი ნახნა, სულთქმით შემოსტირნა, უთხრა: “ჰხედავთ, მზემან ჩვენმან შუქნი სრულად დაგვიძვირნა! რა ვაწყინეთ, რა შევსცოდეთ, რად დაგვყარნა, რად გაგვწირნა? სპანი, მისგან დაჭირულნი, ვინმცაღა ვით დაგვიჭირნა?”

829. ყოვლნი ტიროდეს, მოსთქმიდეს, მერმე დაწყნარდეს გვიანად. მეფემან ბრძანა: “იკითხეთ, მარტოა, ანუ ყმიანად?” მოვიდა მონა შერმადინ მოშიშრად, სირცხვილიანად, ანდერძი ჰკადრა, ატირდა, სიცოცხლე უჩნდა ზიანად.

830. მოახსენა: “საწოლს ვპოვე ესე მისგან დანაწერი; დგეს მონანი ნატირებნი, დაეგლიჯა თმა და წვერი; იგი მარტო გაპარულა, ყმა არ ახლავს, არცა ბერი. მე თუ მომკლათ, მემართლებით, სიცოცხლე მჭირს შეუფერი!”

831. რა ანდერძი წაიკითხეს, კვლა იტირეს დიდი ხანი; მერმე ბრძანა: “მხიარულსა ნუ ჩაიცმენ ჩემნი სპანი, ვამლოცველნეთ დავრდომილნი, ობოლნი და ქვრივნი სხვანი, შევეწივნეთ, მშვიდობისა ნუთუ მისცნეს ღმერთმან გზანი!”

წასვლა ავთანდილისაგან ტარიელის შეყრად მეორედ

832. მთვარე მზესა მოეშორვოს, მოშორვება განანათლებს, რა ეახლოს, შუქი დასწვავს, გაეყრების, ვერ იახლებს, მაგრა ვარდსა უმზეობა გაახმობს და ფერსა აკლებს, ჩვენ ვერ-ჭვრეტა საყვარლისა ჭირსა ძველსა გაგვიახლებს.

833. აწყა დავიწყებ ამბავსა, მის ყმისა წამავლობასა: მივა და, მიტირს გულ-მდუღარედ, ვერ ვიტყვი ცრემლთა მცრობასა, წამ-წამ მობრუნდის, იაჯდის მისთვის მზისავე მზობასა, უჭვრეტდის, თვალი ვერ მოჰხსნის, თუ მოჰხსნის, მიჰხდის ცნობასა.

834. რა მიეახლის დაბნედად, ვერ ხელ-ყვის გაძრვად ენისად, მაგრა სდის ცრემლი თვალთაგან, მსგავსად დიჯლისა დენისად, ზოგჯერ დაბრუნდის, იჭვრეტდის ღონედ პატიჟთა თმენისად, რა გაემართის, არ იცის, მას თუ არბევდის ცხენი სად.

835. თქვა: “ჩემო, შენი შორს მყოფი კრულია, ვინცა დადუნდეს, რათგან შენ დაგრჩა გონება, გული შენკენვე დაბრუნდეს, თვალთა მტირალთა შეხედვა შენივე სწადდეს და უნდეს. სჯობს, საყვარელსა მოყვარე რაზომც არ დაუძაბუნდეს!

836. მე რა ვქმნა შენად შეყრამდის, ანუ რას ვეჭვდე ლხენასა? თავსა მოვიკლავ მე, თუ - მცა შენგან არ ვეჭვდი წყენასა, მაგრა შენ გაწყენ ჩემისა არ-სიცოცოხლისა სმენასა, “მოდი და მივსცნე ცოცხალმან თვალნი ცრემლისა დენასა!”

837. იტყვის: “ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად, ვის გმორჩილობენ ციერნი ერთის იოტის წამისად, ბედსა ნუ მიქცევ, მიაჯე, შეყრამდის ჩემად და მისად!

838. “ვის ხატად ღმრთისად გიტყვიან ფილასოფოსნი წინანი, შენ მიშველე რა ტყვე-ქმნილსა, ჯაჭვნი მაბიან, რკინანი! ბროლ-ბადახშისა მძებნელმან სათნი დავკარგენ, მინანი; მაშინ ვერ გავსძელ სიახლე, აწ სიშორესა ვინანი”.

839. ამას მოთსქმიდის, იწვოდის, ვითა სანთელი დნებოდის, დაყოვნებისა მოშიში ისწრაფდის, იარებოდის; რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსლვა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის, ეუბნებოდის.

840. მთვარესა ეტყვის: “იფიცე სახელი ღმრთისა შენისა! შენ ხარ მომცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა, შენ გაქვს წამალი მისისა მოთმინებისა თმენისა, მიაჯე შეყრა პირისა, შენ გამო შენებრ მშვენისა!”

841. ღამე ალხენდის, დღე სჯიდის, ელის ჩასლვასა მზისასა; რა წყალი ნახის, გარდახდის, უჭვრეტდის ჭავლსა წყლისასა, მას თანა-ჰრთვიდის ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა, კვლა გაემართის, ისწრაფდის წავლასა მისვე გზისასა.

842. მარტო, მოსთქმიდის, ტიროდის ტანად ალვისა ხიანი, მინდორს თხა მოკლის, სადაცა ადგილი დაჰხვდის კლდიანი, შეწვის, ჭამის და წავიდის პირ - მზე, გულ-მარიხიანი, იტყვის: “დავყარენ ვარდნი და, აჰა მე, ვაგლახ, იანი!”

843. აწ ვერ ვიტყვი მაშინდელსა მე მის ყმისა ნაუბარსა; მიუბნობდის, რას მოთქმიდის, რას ტურფასა, რაზომ გვარსა! ზოგან თოვლი გაეწითლის ვარდსა, ბრჭკლითა ნახოკარსა. ქვაბნი ნახნა, გაეხარნეს, ზე გავიდა ქვაბთა კარსა.

844. რა ასმათმან დაინახა, მოეგება, ცრემლი სწვთების, ვით ეამა, სიხარულსა მართ ვეღარას ვერ მიჰხვდების; ყმა გარდახდა, მოეხვია, აკოცებს და ეუბნების. კაცი კაცსა მოელოდეს, მოსვლა დია ეამების.