ვეფხისტყაოსანი, 1966 წ.

808. “გვედრებ, მეფეო, შერმადინს, მონასა ჩემსა რჩეულსა, — ნაკად აქვს ჭირი სამისოდ ამ წელიწადსა წლეულსა, — ნუგეშინის-ეც წყალობით, ჩემგან წყალობა-ჩვეულსა, ნუ დაადინებ თვალთაგან ცრემლსა, სისხლითა ფრქვეულსა.

809. “გასრულდა ჩემი ანდერძი, ჩემგან ნაწერი ხელითა; აჰა, გამზრდელო, მოგშორდი, წავე გულითა ხელითა. ნუ სჭმუნავთ ჩემთვის მეფენი, ნუ ხართ მოსილნი ბნელითა, სუფევით ხართმცა თავითა, მტერთაგან საკრძალველითა!

810. მისცა ანდერძი შერმადინს, რა გაათავა წერითა; უთხრა: “ჰკადრეო მეფესა საქმითა მეცნიერითა, შენ დაგამეტებს ვერავინ მსახურებითა ვერითა”. მოეხვია და ატირდა ცრემლითა სისხლთა ფერითა.

ლოცვა ავთანდილისა

811. ილოცავს, იტყვის: “მაღალო ღმერთო, ხმელთა და ცათაო, ზოგჯერ მომცემო პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათაო, უცნაურო და უთქმელო, უფალო უფლებათაო, მომეც დათმობა სურვილთა, მფლობელო გულის-თქმათაო!

812. “ღმერთო, ღმერთო, გეაჯები, რომელი ჰფლობ ქვენათ ზესსა, შენ დაჰბადე მიჯნურობა, შენ აწესებ მისსა წესსა, მე სოფელმან მომაშორვა უკეთესსა ჩემსა მზესა უკეთესსა, ნუ ამოჰფხვრი სიყვარულსა, მისგან ჩემთვის დანათესსა!

813. “ღმერთო, ღმერთო, მოწყალეო, არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა, რაზომსაცა გზასა ვვლიდე: მტერთა ძლევა, ზღვათა ღელვა, ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევწირვიდე”.

814. რა ილოცა, ცხენსა შეჯდა, მალვით კარნი გაიარნა, შერმადინცა დააბრუნვა, თუმცა ვამნი აზეარნა; მონა ტირს და მკერდსა იცემს, საბრალომან ცრემლი ღვარნა; პატრონისა ვერა-მჭვრეტმან ყმამან რამცა გაიხარნა!

ცნობა როსტევან მეფისაგან ავთანდილის გაპარვისა

815. აწ ამბავი სხვა დავიწყო, ყმასა წავჰყვე წამავალსა. არ შეექმნა დარბაზობა მას დღეს როსტანს გულ-გამწყრალსა; რა გათენდა, ქუში ადგა, ჰგავს თუ ადენს პირით ალსა, ხმობა ბრძანა ვაზირისა, მიიყვანდეს შიშით მკრძალსა.

816. რა ვაზირი მოწიწებით დარბაზს ნახა შემოსრული, როსტან უთხრა: “არა მახსოვს გუშინდელი შენგან თქმული. მაწყინე და გამარისხე, ვერ დავიღე დიდხანს სული, აზომ რომე გაგათრიე შენ, ვაზირი გულის-გული.

817. “თუღა გახსოვს, რა უნდოდა, ისრე ავად რად გაგხადე? მართლად უთქვამს მეცნიერთა: “წყენააო ჭირთა ბადე”; ესეგვარსა ნუოდეს იქმ, საქმე ხოლე გაიცადე, აწ მითხარ, თუ რას იტყოდი, თქვი და სიტყვა გააკვლადე”.

818. კვლა მოახსენა ვაზირმან სიტყვა ნაგუშინდელევი, რა გაიგონა, შესთვალა პასუხი არ - ნაგრძელევი: “შენ თუ უშმაგო მგონიხარ, ვარმცა ურია მე ლევი! კვლა მაგის მეტად ნუ მასმენ, თვარა მე სრულად გელევი!”

819. რა გამოვიდა ვაზირმან ძებნა, ვერ პოვა მინანი, მართ გაპარვასა უთხრობდეს მონანი, ცრემლთა მდინანი. მან თქვა: “მე დარბაზს ვერ შევალ, მახსოვან დღენი წინანი, ვინცაღა ჰკადრებს, მან ჰკადროს; რაცა ვთქვი, მასცა ვინანი”.

820. რა ვაზირი არ შევიდა, კვლა მეფემან კაცი გზავნის; კაცმან ცნის და გარეთ დადგის, წასლვა ვერვინ გაამჟღავნის; როსტანს ეჭვა შეუვიდა, ჭმუნვა ამით გაათავნის; თქვა: “უცილოდ გაიპარა, ვინ მარტომან ასთა ავნის”.

821. თავ-დადრეკით იგონებდა, გულსა ჰქონდა ჭმუნვა დიდი, უში ქმნა და აიხედნა, უბრძანებდა მონას: “მიდი, მოვიდეს და აწ მიამბოს, შემოვიდეს იგი ფლიდი!” რა ვაზირი შემობრუნდა, ფერი ჰკრთა და ჰქონდა რიდი.

822. კვლა შევა დარბაზს ვაზირი დაღრეჯით, არ-მხიარულად; მეფემან ჰკითხა: “წასრულა მზე დაუდგრომლად, მთვარულად?” მან მოახსენა ყველაი, ვით წარსულიყო და რულად: “მზე აღარ მზეობს ჩვეთანა, დარი არ დარობს დარულად!”

823. რა მეფემან მოისმინა, დაიზახნა მეტის-მეტნი; პირსა ხოკით, წვერსა გლეჯით გააკვირვნა მისნი მჭვრეტნი, მოსთქვამს, იტყვის: “ვაჲ, გაზრდილო, ვეღარ გნახვენ თვალნი რეტნი! “სად წაჰხე და სად დაჰკარგენ სინათლისა ეგე სვეტნი?

824. “თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები, მაგრა მე რა ვქმნა, გაზრდილო? აწ სახლად მმართებს სენები! გამაღარიბე, დამაგდე; გულსა, გლახ, ვისთვის ენები? შენად შეყრამდის პატიჟთა ჩემთა ვერ იტყვის ენები!

825. “ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა? ვეღარ გიჭვრეტ ნაბურთალსა, ტანსა მჭევრსა, ჯავარ-სრულსა. ვეღარ ვისმენ ხმასა შენსა, სასმენელად მე მას რულსა, აწ უშენოდ რა, გლახ, რა ვუყო საჯდომსა და სრასა სრულსა?