ვეფხისტყაოსანი, 1891 წ.

935. ცისკრად ადგეს გასაყრელად, ერთმანერთსა მოეხვივნეს; მაშინ მათგან ნაუბარნი, დადნეს, ვინცა მოისმინეს; თვალთა, ვითა წყაროს თვალი ცრემლი ველთა მოადინეს, დიდხანს იდგეს შეჭდობილნი, მკერდი მკერდსა შეარკინეს.

936. გაიყარნეს ტირილით პირსა ხოკით, თმათა გლეჯით, ერთი აღმა, ერთი ჩაღმა, უგზოდ მივლენ შამბთა ეჯით; ვირე უჩნდა ერთმანერთი, იზახდიან პირსა ბღნეჯით; იგი ნახნეს დაღრეჯილნი, მზე დაიღრეჯს მათის ღრეჯით.

წასლვა ავთანდილისაგან ფრიდონისას, მულღაზანზარს რომ შეეყარა.

937. ვაჲ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა! ყოვლი შენი მონდობილი ნიადაგმცა ჩემებრ სტირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი საით ძირსა, მაგრა ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა!

938. ავთანდილ მისი გაყრილი სტირს, მისწვდომია ხმა ცათამდის; იტყვის, თუ: “ღვარი სისხლისა კვლავცა მდენია, კვლავცა მდის; აწ აგრე გაყრა ძნელია, ვით მაშინ შეყრა დაცამდის, – კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის”.

939. ველს მაშინ მხეცნი ძღებოდეს სისხლითა მუნ ნატირითა; ვერ დაივსებდა სახმილსა, იწვის ცეცხლითა ხშირითა; კვლავ თინათინის გონება ავსებს უფრორე ჭირითა; ბაგეთათ ვარდსა ანათობს ბროლი ძოწისა ძირითა.

940. ვარდი ჭკნებოდა, ღვრებოდა, ალვისა შტო ირხეოდა; ბროლი და ლალი გათლილი ლაჟვარდად გარდიქცეოდა; გამაგრებოდა სიკვდილსა, ამისთვის არ უმხნეოდა, იტყვის, თუ: “ბნელი რას მიკვირს, რადგან დაგაგდე, მზეოდა !”

941. მზესა ეტყვის: “მზეო, გიტყვი თინათინის ღაწვთა დარად, შენ მას ჰგავ და იგი შენ გგავს, თქვენ ანათობთ მთა და ბარად; ხელსა მალხენს ნახვა შენი, ამად გიჭვრეტ არ დამცთარად, მაგრა ჩემი რად დააგდე გული ცივად, გაუმთბარად!

942. “თვე ერთისა მოშორვება მზისა ზამთრის გაგვამცივნებს, – მე, გლახ, ორნი დამიყრიან, გული ამად რად არ ივნებს! მაგრა კლდესა არა შესწონს, არაოდეს არ იმტკივნებს, – წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაამსივნებს”.

943. მიმავალი ცასა შესსტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა: “აჰა, მზეო, გაიჯები შენ, უმძლესთა მძლეთა მძლესა, ვინ მდაბალთა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ, ჰსვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამედ დღესა!

944. “მო, ზუალო, მომიმატე ცრემლი ცრემლსა, ჭირი ჭირსა, გული შავად შემიღებე, სიბნელესა მიმეც ხშირსა, შემოჰყარე კაეშანი ტვირთი მძიმე, ვითა ვირსა; მას უთხარ, თუ: “ნუ გასწირავ, შენია და შენთვის სსტირსა”.

945. “ჰე მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა, სრულსა – მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა!

946. “მოდი მარიხო, უწყალოდ დამჭერ ლახვრითა შენითა, შეცამღებე და შემსვარე წითლად სისხლისა დენითა, მას უთხრენ ჩემნი პატიჟნი, მას გააგონენ ენითა, რაგვარ გასრულვარ, შენ იცი, გულია აღარ არს ლხენითა.

947. “მოდი, ასპიროზ, მაგრე რა, მან დამწვა ცეცხლთა დაგითა, ვინ მარგალიტსა გარეშე მოსცავს ძოწისა ბაგითა; შენ დააშვენებ კეკლუცთა დაშვენებითა მაგითა, ვისმე, გლახ, ჩემებრ დააგდებ, გაჰხდი ცნობითა შმაგითა.

948. “ოტარიდო, შენგან კიდე არვის მიგავს საქმე სხვასა, მზე ამბრუნვებს, არ გამიშვებს, შემიყრის და მიმცემს წვასა; დაჯე წერად ჭირთა ჩემთა, მელნად მოგცემ ცრემლთა ტბასა, კალმად გიკვეთ გაწლობილსა ტანსა,წვრილსა ვითა თმასა.

949. “მო, მთვარეო, შემიბრალე, ვილევი და შენებრ ვმჭლდები, მზე გამავსებს, მზევე გამლევს, ზოგჯერ ვსხვდები, ზოგჯერ ვწვლდები; მას უამბენ სჯანი ჩემნი, რა მჭირს, ანუ როგორ ვბნდები; მიდი, უთხარ, ნუ გამწირავს, მისი ვარ და მისთვის ვკვდები.

950. “აჰა, მმოწმობენ ვარსკვლავნი, შვიდნივე მემოწმებიან: მზე, ოტარიდი, მუშთარი და ზუალ ჩემთვის ბნდებიან, მთვარე, ასპიროზ, მარიხი, მოვლენ და მოწმად მყვებიან. მას გააგონე, რანიცა ცეცხლნი უშრეტნი მდებიან”.

951. აწ გულსა ეტყვის: “ვითამცა გდის ცრემლი, არ გაგხმობია, რას გარგებს მოკლვა თავისა, ეშმა ძმად თურე გძმობია, მეც ვიცი, ჩემსა ხელ-მქმნელსა თმად ყორნის ბოლო სთმობია, მაგრა თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!

952. “თუ დავრჩეო, ესე მიჯობს; სიცოცხლისა იტყვის თუსა, – ნუთუ მომხვდეს ნახვა მზისა, ნუ ვიზახი მიწყივ უსა”. მიიმღერის ხმასა ტკბილსა, არ დასწყვედდის ცრემლთა რუსა, მისსა ხმასა თანა ხმაცა ბულბულისა ჰგვანდის ბუსა.

953. რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან; მისვე ხმისა სიტკბოსაგან წყლით ქვანიცა გამოსხდიან: ისმენდიან, გაჰკვირდიან, რა ატირდის, ატირდიან; იმღერს ლექსთა საბრალოთა, ღვარისაებრ ცრემლნი სდიან.